ამონარიდი ნიკო ლომოურის მოთხრობიდან – “წუთისოფელი”

“დაიკლა ორას სულამდე წვრილი და მსხვილი საქონელი.მარტო თევზეულობა სამოცი თუმნისა იქმნა ბაზრიდან მოტანილი.დაინთქა და დაილია ას კოკამდე ღვინო.დიდის ამბით და ყოფით გამოასვენეს გარდაცვალებული და უთვალავი ხალხის თანდასწრებით შეასვენეს იგი ბაგრატ დიდის დროს აშენებულ,დროთა ბრუნვისაგან დაძაბუნებულ,დიდებულ ტაძარში,სადაც იყო დამზადებული საუკუნო სავანე განსვენებულისათვის.წირვასა და პანაშვიდზე რამდენიმე სიტყვა იქმნა წარმოთქმული.მქადაგებელთ ქება-დიდებით მოიხსენიეს განსვენებულის თეთრი პური,წითელი ღვინო,სტუმართმოყვარეობა,მისი მოხდენილი ახოვანება,ვაჟკაცური შეხედულობა,რომლის გამო იგი შეადარეს ვახტანგ გორგასალას და დავით აღმაშენებელს,არ დასტოვეს უყურადღებოდ მისი ლაზათიანი ქართული ჩაცმა-დახურვა,მისი მოსწრებული,მახვილი სიტყვა-პასუხი… ერთის სიტყვით,მოხსნეს მჭერმეტყველების გუდას პირი და, რა გინდა სულო და გულო,რომ იქიდან არ ამოყაჭეს?.. ბოლოს,პანაშვიდის დასასრულ,ყოვლად სამღვდელო ეპისკოპოზმაც წარმოსთქვა მოკლე,მაგრამ დიდად საყურადღებო სიტყვა,რომელიც მომყავს აქ თავით ბოლომდე.მათმა მეუფებამ პირველად აიღო თავი და იწყო თვალიერება ტაძრისა; შემდეგ ხელი გაიშვირა ეკლესიის გუმბათისაკენ და ხმამაღლა დაიძახა: – აის რა ამბავია? რა მოსვლია ამ მშვენიერ გუმბათს? – მთელმა საზოგადოებამ აიხედა მაღლა,ორიოდ წუთის შემდეგ გაისმა რამდენიმე ხმა: – წვეთი ჩამოსულა!.. – დიახ,დაიძახა ნოხუცებულმა მღვდელმთავარმა, – სწორედ წვეთი ჩამოსულა და გაუოხრებია ძვირფასის ხელოვნებით შემკული გუმბათი.აგერ,მარცხნივ,თაღშიაც ჩამოსულა წვეთი,ჩამოურეცხავს მთელი კედელი და თან ჩამოუტანია საუცხოვო ძველი მხატვრობანი,წაუშლია წმიდა მამათა სახენი.აჰა,დიდებული ხატი ცისა და ქვეყნის შემოქმედისა!.. შეხედეთ – რა ყოფაშია! აქაც წვიმა ჩამოსულა და ჩამოუნგრევია ზემოთა პირი კედლისა.ახლა,ამ ოდესმე მშვენიერ კანდელსაც მიაქციეთ თქვენი ყურადღება,რანაირ დაძველებულა,გაფუჭებულა ყველაფერი. (ავტორი გენია.ჯი) მთელი ტაძარი შიგნით,თუ გარედან უზრუნველობას,უპატრონობას ნაოხრად გადაუქცევია.ახლა მიბრძანეთ: ვინ არის დამნაშავე ყოველსავე ამაში?.. შენ,შენა ხარ უმთავრესად,განსვენებულო თავადო თორნიკე!.. რას აკეთებდი შენ მაშინ,როცა ეს სასიქადულო ძეგლი დიდებულ წინაპართა ამ ყოფაში ვარდებოდა?.. რა შრომა გაგიწევია,რა ამაგი დაგიდვია ამ ტაძრისატვის,რომ მის წმიდა კედელთა შორის განგიზრახავს დასაფლავება? ვინმე,მუქთახორა,რომ შემოსულიყო შენის სასახლის რომელსამე ოთახში და მოენდომებინა სამუდამოდ იქ დარჩენა,რას ეტყოდი მას,განსვენებულო?.. ეჭვი არ უნდა,განრისხდებოდა თქვენი ბრწყინვალება და ბატონ-კაცური ფეხების ბრახუნით გამოაგდებდა კარზე იმ თავხედ ვაჟბატონს.ხოლო შენ რომელი უფლების ძალით შემოსულხარ მრავალ ტანჯულ მეფისაგან აგებულ ღვთის სახლში და გნებავს საუკუნოდ მოკალათება მასში?.. მიბრძანე ერთი: რა გაქვს შენ შენის მეცადინეობით,გამჭრიახობით შეძენილი? – არაფერი! ყოველივე,რაც კი გაქვს ღვთისა და ხელმწიფის წყალობაა! ღმერთმა მოგცა სარჩო,ხელმწიფემ გაგიმრავლა დოვლათი.ხოლო შენ ვის აძლევდი შემწეობას! ნუგეშს!.. ვის უწევდი წყალობას?.. საზოგადო და საქვეყნო საქმეზე რა დაგიხარჯავს? დარწმუნებული ვარ,სულიც რომ გედგას,ამ კითხვების პასუხად სიტყვასაც ვერ მოახერხებდი,კრინტსაც ვერ დასძრამდი! ისევე გაიკმენდი,როგორც ეხლა ხარ,უბადრუკო,ენა ჩავარდნილი.მაგრამ იქ,ზეციერ სამსჯავროში,ეგ სიჩუმე ვეღარაფრად გამოგადგება! საციდავო,უსულ-დგმულო მთავრისაგან მაინც მიიღებდი მაგალითსა! მთვარე მზისაგან იღებს სინათლეს,ხოლო ამ სინათლეს დედამიწასაც უგზავნის იგი ნათელსა: დიდსა და პატარას,ღარიბსა და მდიდარს ერთგვარად უშუქებს და უტკბობს სიცოცხლესა.შენ?.. შენ მხოლოდ შენს თავს ასიამოვნებდი: სჭამდი,სვამდი,აფუფუნებდი იმ სხეულს,რომელიც დღეს ასე გახრწნილა,აყროლებულა და დღესვე სამარის ჭიისა და მატლის მსხვერპლი შეიქმნება.ახლა,მიბრძანეტ ერთი: ამ გახრწნილი გვამის პატივსაცემლად რამდენი თუმანი ფული დაიხარჯება დღეს?.. როგორც გავიგონე,დღევანდელი ხარჯი ატას თუმანს არემატებაო.ღმერთო ჩამო!.. ათასი თუმანი აყროლებული გვამის გასაპატიოსნებლად?! რა უბედურებაა ჩვენს თავსა?! ეკლესიას,სამშობლო ქვეყანას,ქვრივ-ობოლთ,ჩვენს ესოდენ სიღარიბეს და გაჭირვებას რამდენი თუმანი უანდერძა განსვენებულმა? ამაზედ არაფერი არა ისმის-რა და დარწმუნებულიცა ვარ,რომ არაფერიც არ იქნება.ყველა ამაში მარტო გარდაცვალებულს როდი ვამტყუნებ.აქ დიდად დამნაშავეა ის სასულიერო წოდებაც,რომელიც ამ გვარ სულიერ შვილებსა ზრდის; ხოლო ყველაზედ უფრო მეტად დამნაშავე ვარ მე,ცოდვილი და უბადრუკი მონა ღვთისა.სჩანს,მეც დიდად ცოდვილი ვარ,რომ ამ გვარ შვილებს შევესწარ,მათთან ვცხოვრობ და მათ კი არა ესმით-რა ჩემი.ცოდვილთა შემწყნარებელო ღმერთო,შემინდე ბოროტებანი ჩემნი,აღხოცე უსჯულოება ცხოვრებისა ჩემისა!.. მოჰფინე მადლი შენს ქვეყანასა,შენთვის ჯვარცმულსა! აღადგინე ჩვენს ერში სული მათი,რომელთაც  აღაშენეს წმიდა ესე ტაძარი,სული ბაგრატისა,ძისა მისისა გიორგისა და ყოველთა მათთა,რომელნიც გასაოცარის მხნეობით და ვაჟკაცობით ებრძოდნენ უძლეველ მტარვალთ,ღვთის რისხვა თემურსა; ხოლო ამ უბედურსაც,განსვენებულ თავადს,თორნიკესაც,მიუტევე ყოველივე შეცოდებანი მისნი და დაამკვიდრე სული მისი წიაღსა შინა აბრაამისასა.ამინ.

გათავდა სიტყვა,გაჩუმდა ყოვლად სამღვდელო.დიდი გავლენა მოახდინა ამ უბრალო სიტყვამ საზოგადოებაზე.მცირეოდენი ნაწილი საზოგადოებისა აღტაცებული იყო სიტყვის შინარსით,ხოლო უმრავლესობა აღშფოთდა,ეკლესიაშივე აღრიალდა,მოხუც მქადაგებელს მუქარითა და ლანძღვა-გინებით იხსენიებდა”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>