ამონარიდი ჭოლა ლომთათიძის მოთხრობიდან – “საპყრობილე”
“ხდება ისიც,რომ შეყვარებულები ვერ ითმენენ,სანამ მღვდელი აკურთხებდეს მათ კავშირს,აკრძალულ სიამოვნებას ეძლევიან,რის შედეგად “ტარიელი” აუცილებელ უარს ეუბნება თავის “ნესტანს” და თავის საქციელს შემდეგი შეურყეველ,მამა-პაპისაგან გადმოცემულ და მუდმივ ჭეშმარიტებად აღიარებულ საბუთით ამართლებს:
- თუ მე შევაცდინე,ვინ არის თავდები,რომ სხვაც არ შეაცდენს,თუ მე მენდო,სხვასაც ენდობა… მტერს ასეთი ცოლი!
- რაკი არ გჯერა,ღმერთმა მოგახმაროს… წადი,შეირთე,შვილი ადრე მოგესწრება და გვერდში ამოგიდგებაო.
იციან ამ მოსწრებულ სიტყვაზე და მიდიან თავის გზით.მოტყუებული ქალის მშობლები კი ცდილობენ საჩქაროდ “გაასაღონ” “გაბახებული” გოგო,საჩქაროდ მიაჩეჩონ ხელში ვინმე შორებელს,სულ ერთია,ბრმა იქნება ის თუ კოჭლი… ხანდახან კი ისიც ხდება,რომ მოტყუებული მიიპარება ღამით მშობლების ოჯახიდან და წყალს აძლევს თავს.გასაკვირალი ასეთ შემთხვევაში ის არის,რომ არც ერთ თავის მკვლელს აზრადაც არ მოსვლია ჯერ შავ ზღვას მისცემოდა,ვარდებიან ამყრალებულსა და ბაყაყებით სავსე მდინარეში,რომელიც ქალაქის სიბინძურეს ინელებს,თითქოს შავი ზღვის ცელქი და გიჟმაჟი ტალღები არ იყვნენ ღირსი გულში ჩაიკრან და მოასვენონ შეურაცხყოფილი,დასჯილ-დაქანცული და დატანჯული ადამიანი! იხრჩობს თავს მოტყუებული და ეს გარემოება რამდენიმე დღეს აღელვებს პაწია ქალაქ N-ს.იწყება მითქმა-მოთქმა,ათასნაირად სჯიან და ასამართლებენ სიყვარულის მსხვერპლს,ქალიშვილები წყევლიან მატყუარა ახალგაზრდებს,ახალგაზრდები,რა თქმა უნდა,ეთანხმებიან ქალიშვილებს,ისინი ამტკიცებენ,რომ ნდობა არ უნდა დაარღვიოს ახალგაზრდა კაცმაო.თუ ვინმე მენდო,იმას არ ვუღალატებო.გასათხოვართა დედები ამ მაგალითზე უთითებენ თავიანთ ასულებს – ფრთხილად იყავით,ხომ ხედავთ – ეშმაკს არ სძინავსო… რამდენიმე დღის შემდეგ,ცხოვრება ისევ დგება ძველ კალაპოტში,ცოლები კვლავ ატყუებენ ქმრებს,ქმრები ცოლებს,ვაჭრები მუშტრებს,მღვდლები მრევლს და მრევლი,თუ შეიძლო,მღვდლებს… ისევ უცხადებენ ახალგაზრდები ერთმანეთს სიყვარულს,ისევ თავდება ხშირად სიყვარული კანონიერი ქორწინებით და აგრეთვე დატყუებითაც… ისევ იწყება ძველებური გართობა,სტუმრობა,გამასპინძლება”. – (ავტორი გენია.ჯი)