ამონარიდი თედორე დოსტოევსკის გენიალური რომანიდან – “ძმები კარამაზოვები”

“მუდამ გახსოვდეს,რომ არ შეიძლება ვინმეს მსაჯული იყო,რამეთუ დედამიწაზე არავის აქვს უფლება,დამნაშავის მსაჯული იყოს იქამდე,ვიდრე არ გააცნობიერებს,რომ თვითონაც ისეთივე ბოროტმოქმედია,როგორიც მის წინ მდგარი,ან იქნებ თვითონ,მის წინ მდგარზე დიდი ბრალიც მიუძღვოდეს იმ დანაშაულში. ყველას მხოლოდ მაშინ აქვს უფლება გახდეს მსაჯული,როცა ამას ჩასწვდება.რაოდენ უაზრობადაც უნდა გეჩვენოთ ეს,მაინც ასეა.რამეთუ მე რომ წმინდა ვყოფილიყავი,იქნებ ის დანაშაულიც აღარ ჩადენილიყო.თუ შენ წინაშე მდგარი და შენი გულით განსასჯელი დამნაშავის ბრალის საკუთარ თავზე აღებას შეძლებ,აიღე და ევნე მის ნაცვლად,ის კი დაუმუნათებლად გაუშვი. და თუნდაც თვითონ კანონმა დაგაყენოს მის მსაჯულად,რამდენადაც შეძლებ,ღვთის სიტყვით იმოქმედე,რადგან წავა და უფრო მეტად დაიდანაშაულებს თავს,ვიდრე შენ შეძლებდი ამას,ხოლო თუ უგრძნობლად გაგეცლება და დაგცინებს,არ გაუბრაზდე: მაშასადამე ჯერ არ მოსულა მისი ჟამი,მაგრამ თავის დროზე ისიც მოვა, და თუ არ მოვა,არც მაგაზე გაბრაზდე: ის თუ არა,მის მაგივრად სხვა შეიცნობს,სხვა განსჯის და დაიდანაშაულებს თვითონვე თავს და სიმართლეც აღდგება.გჯეროდეს ამის,უცილობლად გჯეროდეს,რადგან ამაშია დაფარული წმინდანთა იმედი და რწმენა.

დაუღალავად იღვაწე და თუ ღამით,ძილის წინ გაგახსენდა,რომ: “ის არ აღასრულე,რც საჭირო იყო”,მაშინვე დაუყონებლივ აღდეგ და აღასრულე.თუ შენ ირგვლივ ბოროტი და გულქვა ადამიანები არიან და შენს მოსმენას არ მოისურვებენ,მათ წინაშე მუხლი მოიდრიკე და პატიება შესთხოვე,რამეთუ ჭეშმარიტად შენც მიგიძღვის ბრალი,რომ შენი მოსმენა არ სურთ.თუ უნარი არ შეგწევს,გაბოროტებულთ ელაპარაკო,ჩუმად და ქედმოდრეკილი ემსახურე და იმედი არასდროს დაკარგო,ხოლო თუ ყველა მიგატოვებს და ძალითაც კი გაგაძევებენ,მარტო დარჩენილი მიწაზე დაემხე და ემთხვიე,ცრემლებით დაალტვე და შენივე ცრემლის ნაყოფს მოგცემს მიწა,თუნდაც ამ მარტოობაში არავინ დაგინახოს და არავინ გაიგოს შენი ხმა.ბოლომდე გწამდეს,თუნდაც ისე მოხდეს,რომ ამქვეყნად ყველაფერი გადაგვარდეს და მორწმუნე მხოლოდ შენ ერთადერთი დარჩე: შენ ერთადერთმა გაიღე მსხვერპლი მაშინ და დიდება შესწირე უფალს,უცვლელი დარჩი, და თუ ასეთი ორნი დარჩით,მთელი სამყაროც ეს იქნება,ცოცხალი სიყვარულის წრე შეიკვრება,ერთმანეთს ხელი გადახვიეთ გულშეძრულებმა და ადიდეთ ღმერთი ჩვენი.რამეთუ,თუმცა კი მხოლოდ თქვენ ორში,მაგრამ მაინც აღსრულდა მისი სიმართლე.

თუ თავად შესცოდავ,თუნდაც სიცოცხლის ბოლომდე ნაღველში იყო ამ შეცოდების ან შენი შემთხვევითი ცოდვის გამო,გაიხარე სხვისით,წმინდის სიწმინდით,გაიხარე იმით,რომ შენ თუ შესცოდე,მას არ შეუცოდავს და მართლად ცხოვრობს.

თუკი ადამიანთა ბოროტება აღგაშფოთებს და დაუსრულებელ იმედგაცრუებასა და ნაღველში ჩაგაგდებს,იქამდეც კი,რომ შეიძლება ბოროტის მქმნელებზე შურისძიებაც მოგინდეს,ყველაზე მეტად მაშინ გაფრთხილდი.უმალ წადი,ისეთი ტანჯვა მოიძიე,თითქოს შენ იყო დამნაშავე ადამიანთა იმ ბოროტებაში.მიიღე ის ტანჯვა და აიტანე,დაგიმშვიდდება გული და მიხვდები,რომ შენც დამნაშავე ხარ,რადგან შეგეძლო ბოროტებისთვის გზა შენი სინათლით გადაგეღობა და არ აღასრულე ეს.რომ აღგესრულებინა,შენი სინათლით გაუცისკროვნებდი ყველას სავალს,მას კი,ვინც ბოროტება ჩაიდინა,იქნებ აღარც ჩაედინა შენი ნათლით გაბრწყინებულს.თუნდაც გაცისკროვნდე,მაგრამ შეამჩნიო,რომ შენი ნათებითაც კი ვერ იხსენი ადამიანები,მტკიცედ დადექი და არ დაეჭვდე ციური ნათლის ძალაში; გჯეროდეს,თუ ამჯერად ვერ იხსენ,შემდგომ იხსნებიან უცილობლად.თუ არც შემდგომ უწერიათ ხსნა,მაშინ მათი შვილები იხსნებიან,რამეთუ არ მოკვდება შენი ნათელი,თუნდაც შენ უკვე აღარ იყო ამქვეყნად.მართალი მიდის,მაგრამ ნათელი მისი რჩება და ხსნილნი იქნებიან ყოველნი თუნდაც მხსნელის სიკვდილის შემდეგ.არ იღებს ადამიანთა მოდგმა თავის წმინდანებს,სცემს მათ,მაგრამ წამებულნი კი უყვარს და პატივს სცემს,ვინც აწამა.შენ კი მთლიანისთვის ირჯები,მომავლისათვის საქმიანობ.ჯილდოს ნურასოდეს მოიძიებ,რამეთუ ისედაც დიდი ამქვეყნიური ჯილდო გაქვს მიღებული: შენი სულიერი სიხარულია შენი ჯილდო,რაც წმინდა ადამიანს ეძლევა მხოლოდ.ნუ შეშინდები ნურც სახელოვანთა,ნურც ძლიერთა წინაშე,მაგრამ გონიერი იყავ და მუდამ ღვთისნიერი.იცოდე ზომა და ვადა,ეს შეისწავლე,მარტო დარჩენილმა კი ილოცე.გიყვარდეს მიწაზე პირქვე დამხობა და კოცნა მისი.მიწა კოცნე დაუღალავად,დაუოკებლად გიყვარდეს,გიყვარდეს ყველა და ყოველი,აღტაცება ეძიე და ამით გაშმაგება.შენი სიხარულის ცრემლით დაალტვე მიწა და გიყვარდეს ის შენი ცრემლიც.გაშმაგებისა კი ნუ შეგრცხვება,გაუფრთხილდი,რადგან დიადი მადლია ღვთისა და არც ყველას ეძლევა,მხოლოდ რჩეულებს”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>