ამონარიდი თედორე დოსტოევსკის დიდებული რომანიდან – „ძმები კარამაზოვები”
„ლოცვას ნუ დაივიწყებ,ყმაწვილო.ყოველთვის,ლოცვისას,თუკი ის გულწრფელია,ახალი გრძნობა გაკრთება შენს გულში,მას კი ახალი,შენთვის იქამდე უცნობი აზრიც მოჰყვება,რომელიც კვლავ გაგამხნევებს; და მიხვდები ბოლოს,რომ ლოცვა – აღზრდაა.გახსოვდეს და ყოველდღე და როცა შეძლებ,იმეორე შენთვის: “უფალო,შეიწყალე დღეს შენ წინაშე წარმდგარნი”.რამეთუ ყოველ საათსა და ყოველ წამს,მრავალი ათასი ადამიანი ეთხოვება ხორციელ სიცოცხლეს და მათი სულები უფლის წინაშე წარდგებიან – არავინ უწყის რამდენი ტოვებს ამქვეყნიურ ცხოვრებას განცალკევებით,ყველასაგან მივიწყებული,ნაღველსა და დარდში, და არავინაა მათ გვერდით,ვისაც ამ ადამიანთა სიკვდილზე დასწყდებოდა გული.ისეთი,ვინც საერთოდ იცოდა მათი არსებობა. და აი,იქნებ ქვეყნიერების მეორე ბოლოდან მისი სულის მოსახსენიებელი შენი ლოცვა მისწვდეს უფალს,თუმცა კი არ იცნობდი მას და არც ის გიცნობდა შენ.რაოდენი სიხარულია უფლის წინაშე შიშით წარმდგარი მისი სულისთვის.რომ კიდევ დარჩა ამქვეყნად მისთვის მლოცველი ადამიანი,რომ კიდევ არსებობს თურმე მისი მოყვარული დედამიწის ზურგზე.უფალიც მოწყალე თვალით გადმოგხედავთ უკვე ორივეს,რამეთუ თუკი შენ შეიბრალე ის მარტოსული,რაოდენ მეტად შეიბრალებს უფალი,შენზე განუზომლად გულმოწყალე და მოყვარული, და მიუტევებს შენ გამო ცოდვებს.
ძმებო,ნუ შეგაშინებთ ადამიანთა ცოდვები.ადამიანი მის ცოდვაშივე უნდა გიყვარდეთ,რამეთუ ასეთი,ღვთიური სიყვარულის მსგავსი სიყვარულია სწორედ სიყვარულის უმაღლესი გამოვლინება ამქვეყნად.გიყვარდეთ ყოველივე უფლის შექმნილი,ერთი მთლიანობაც და ცალკეული მისი ქვიშის მარცვალიც,ყოველი ფოთოლი,ღვთის ბოძებული ყოველი სხივი გიყვარდეთ,რომელთა არსში ჩაწვდომაც ღვთის საიდუმლოს შეგაცნობინებთ მასში და უკვე მუდმივად განაგრძობთ შეცნობას,ყოველდღიურად უფრო მეტად და უფრო ღრმად. და სამყაროსეული სიყვარულით შეიყვარებთ ბოლოს მთელ ამ სამყაროს.ცხოველები გიყვარდეთ: ღმერთმა მათ გონიერების საწყისი და უშფოთველი სიხარულის უნარი უბოძა.ნუ შეაწუხებთ,ნუ აწამებთ და სიხარულს ნუ წაართმევთ,უფლის აზრს ნუ აღუდგებით წინ.არ ამაღლდე ცხოველზე,ადამიანო,რადგან: ისინი უცოდველნი არიან,შენ კი შენი გულზვიადობის ჩირქით ალპობ ქვეყნიერებას და შენს შემდეგაც ჩირქიან კვალს ტოვებ, – სამწუხაროდ,თითქმის ყოველი ჩვენგანი ასეა! ბავშვები გიყვარდეთ განსაკუთრებით,რამეთუ ისინიც უცოდველნიც არიან,ვითარცა ანგელოზები და ჩვენი გულის მოსაფონად,ჩვენი გულების განსაწმენდად და ჩვენთვის გზის სასწავლებლად არიან ამქვეყნად მოვლინებული.ვაი მას,ვინც ბავშვს ჩაგრავს.მე მამა ანთიმი მასწავლიდა ბავშვების სიყვარულს: ეს ძვირფასი და მდუმარე ადამიანი,ჩვენი მოგზაურობის დროს,ნაწყალობევი გროშებით მათთვის ნამცხვარსა და შაქარყინულს ყიდულობდა და ურიგებდა; სულიერი ძრწოლის გარეშე გვერდზეც კი ვერ ჩაუვლიდა ბავშვს,ისეთია ის.
ზოგიერთ შემთხვევაში გაურკვევლობა დაგეუფლება,განსაკუთრებით ადამიანთა ცოდვის დანახვისას და თავს ეკითხები: „როგორ მოვექცე,ძალით მოვაქციო თუ მორჩილი სიყვარულით?” ყოველთვის „მორჩილი სიყვარული” არჩიე; თუ ერთხელ და სამუდამოდ მეგზურად „მორჩილ სიყვარულს” აირჩევ,მსოფლიოს დამორჩილებასაც შეძლებ.მორჩილი სიყვარული – უდიდესი ძალაა,ყველაზე და ყველაფერზე ძლიერი,რომლის მსგავსი ამქვეყნად არაფერი არსებობს.ყოველ დღესა და საათს,ყოველ წუთს გულში ჩაიხედე და თავს დააკვირდი,რომ შენი სახე ღვთისნიერი იყოს ყოველთვის.შეიძლება ბრაზითა და მრისხანებით შეპყრობილმა პატარას ჩაუარო გვერდით და ვერც შენიშნო ის,ბავშვი კი დაგინახავს და შენი სახე,იმწუთას სამარცხვინო და უწმინდური,სამუდამოდ ჩარჩება დაუცველ გულში.შეიძლება ვერც გაიგო,მაგრამ ამით ბოროტ მარცვალს ჩათესავ მის სულში.მხოლოდ იმიტომ,რომ ბავშვის თანდასწრებით თავი არ შეიკავე,რადგან მოქმედი სიყვარული არ აღზარდე საკუთარ სულში წინდახედულად და დროულად.ძმებო ჩემო,სიყვარული დიდი მასწავლებელია,მაგრამ მისი მოპოვება უნდა შეგეძლოთ,რამეთუ რამდენადაც ძნელია მოპოვება,იმდენად ძვირია იგი.მხოლოდ დიდი ხნის მუშაობითა და ხანგრძლივი დროის შემდეგ მიიღწევა,რამეთუ არა შემთხვევითი და წუთიერი უნდა გიყვარდეს,არამედ სამუდამო.შემთხვევითი სიყვარული კი ყველას შეუძლია.ბოროტმოქმედსაც კი.ჩემი ყმაწვილი ძმა ჩიტებს სთხოვდა პატიებას: თითქოს უაზრობაა,მაგრამ ხომ სიმართლეა,რომ ამქვეყნად ყოველივე ოკეანეს ჰგავს,ყოველივე დინებას მიჰყვება,ერთმანეთზეა გადაჯაჭვული და დამოკიდებული,ერთგან შეეხები და დედამიწის მეორე ბოლოდან მიიღებ პასუხს.დაე,უგუნურებად გეჩვენოთ ჩიტებისათვის პატიების თხოვნა,მაგრამ ყოველი არსებისთვის შენს სიახლოვეს – ჩიტებისთვის,ბავშვებისთვის და ცხოველებისთვისაც უფრო იოლი იქნებოდა ცხოვრება,შენ რომ ახლანდელზე მეტად ღვთისნიერი ყოფილიყავი,თუნდაც სულ ცოტათი მაინც,მაგრამ იქნებოდა.გეუბნებით,ყველაფერი ოკეანეს ჰგავს.ერთიანი სიყვარულის შეგრძნებით და აღტაცებით გულანთებული ჩიტებზეც კი დაიწყებ ლოცვას და შესთხოვ,რომ მოგიტევონ შენ შეცოდებანი შენი.ამ აღტაცებას გაუფრთხილდით,რაოდენ უაზროც არ უნდა ეჩვენოთ ეს.
ჩემო მეგობრებო,სიხარული შესთხოვეთ უფალს,მხიარულნი იყავით,როგორც ბავშვები და ჩიტები ცაში.ნუ შეგაშფოთებთ თქვენს საქმეებში ადამიანთა ცოდვები,ნუ შეგაშინებთ,რომ თქვენ შეგეშლებათ ამით ხელი,ნურასოდეს იტყვით: „ძლიერია ცოდვა,ძლიერია ბიწიერება,ძლიერია ბინძური გარემო,ჩვენ კი მარტონი ვართ და უძლურნი,გაგვსრესს ეს ბინძური გარემო და ვერ აღვასრულებთ სიკეთეს”.თავიდან მოიშორეთ შვილებო სასოწარკვეთა! ერთი გამოსავალია აქ მხოლოდ: ადექი და შენვე გახდი პასუხისმგებელი სხვატა ყველა ცოდვაზე.მეგობარო,ეს ხომ მართლაც ასეა,რამეთუ როგორც კი ყველაფერსა და ყველაზე პასუხისმგებელი გახდები გულწრფელად,იმწამსვე დაინახავ,რომ ჭეშმარიტად სწორედ შენ ხარ დამნაშავე ყველაფრისა და ყველას წინაშე.შენივე სიზანტისა და უძლურების ხალხზე გადაბრალებით კი,საქმეს იქამდე მიიყვან,რომ სატანურ ამპარტავნობას შეერწყმები და ღმერთს განუდგები.სატანურ პატივმოყვარეობაზე კი ამას გეტყვით: ძნელია წვდომა მისი.ამდენად,იოლია კიდეც შეცდომის დაშვება და მასთან შეთვისება,თანაც ისე,რომ გვეგონება,თითქოს რაღაც დიადსა და მშვენიერს აკეთებ.დიახ,ამქვეყნად ჩვენივე უძლიერესი გრძნობებიდან და ბუნებრივი მოთხოვნილებებიდან ჯერ კიდევ ბევრი რამ არის ჩვენთვისვე მიუწვდომელი.ნუ ცდუნდებით და ნუ გეგონებათ,რომ ოდესმე ეს თავის გასამართლებლად გამოგადგებათ,რამეთუ მარადიული მსაჯული იმისთვის განგსჯით,რისი წვდომაც შეგეძლოთ და არა იმისტვის,რასაც ვერ ჩასწვდით.ამაში თვითონაც დარწმუნდებით,რადგან როცა ყოველივეს სწორად დაინახავთ,საკამათოც არაფერი დარჩება.ახლა კი ჭეშმარიტად,თითქოს სიბნელეში,ხელის ფათურით დავდივართ, და ქრისტეს უძვირფასესი ხატება რომ არა,უცილობლად დავიღუპებოდით და გზა აგვებნეოდა,როგორც ადამიანტა მოდგმას აებნა თავგზა წარღვნის წინ.მრავალი რამ არის დაფარული ჩვენთვის ამქვეყნად,მაგრამ სანაცვლოდ,ჩვენი ცოცხალი,იდუმალი კავშირის შეგრძნება გვაქვს ნაბოძები სხვა სამყაროსთან,ღვთიურ და უზენაეს სამყაროსთან კავშირის შეგრძნება,ჩვენი აზრებისა და გრძნობების ფესვებიც აქ კი არა,სხვა,იმ სამყაროშია.ამიტომაც ამბობენ ფილოსოფოსები,რომ შეუძლებელია დედამიწაზე საგანთა არსის წვდომა.ღმერთმა სხვადასხვა სამყაროდან წამოიღო მრავალი თესლი,მიწაზე მიმოაბნია და თავისი ბაღი აღმოაცენა, და ყოველივე აღმოცენდა,რაც უნდა აღმოცენებულიყო, და აღმოცენებული ცოცხალია და ცოცხლობს მხოლოდ იდუმალ სამყაროებთან თავისი კავშირის შეგრძნებით.მაგრამ თუ შენში სუსტდება ან კვდება კავშირის ეს შეგრძნება,შენში აღმოცენებულიც კვდება და მაშინვე ამ სამყაროსადმი გულგრილი ხდები და მოიძულებ კიდეც მას.მე ასე მგონია”. – (ავტორი გენია.ჯი)