„სიბრძნის წუთი”
ბებია თავის პატარა შვილიშვილს მუდამ ერთსა და იმავე დარიგებას აძლევდა: „როდესაც დიდი გაიზრდები და ცხოვრებისეული პრობლემებისაგან სული დაგიმძიმდება, – ეკლესიას მიაშურე.იცოდე,რომ იქ ყოველთვის იპოვი სულიერ შვებას”.
გავიდა წლები.წლების გასვლასთან ერთად ბავშვი კაცად იქცა.ერთ დღეს გაუსაძლისი ცხოვრებისეული პრობლემებისაგან სულდამძიმებულს ბებიას ოდინდელი რჩევა გაახსენდა და ეკლესიას მიაშურა.„არასწორად იწერთ პირჯვარს!” – მიმართა ეკლესიაში მხურვალედ მლოცველს მრევლის ერთმა წევრმა; „იქ დგახართ,სადაც არ უნდა იდგეთ!” – მიმართა მეორემ; „ხელები ასე არ უნდა გეწყოთ!” – მიმართა მესამემ; „მიბრძანდით ტაძრიდან!” – გამოუტანა საბოლოო ვერდიქტი ერთ-ერთმა ქალბატონმა მას.კაცი ეკლესიიდან კიდევ უფრო სულდამძიმებული გამოვიდა.თუმცა სალოცავის ეზო არ დაუტოვებია და იქვე,ტაძრის სიახლოვეს განთავსებულ სკამზე ჩამოჯდა.დიდხანს იჯდა ფიქრებში ჩაძირული კაცი ეკლესიის ეზოში და ჩუმად ქვითინებდა.ის იყო წასვლა დააპირა,რომ მოულოდნელად უფლის ხავერდოვანი ხმა ჩაესმა:
- რატომ ტირი,შვილო ჩემო?
მოულოდნელობისაგან გახევებულმა კაცმა ცრემლიანი თვალები მაღლა ასწია და მის წინაშე მდგომი მაცხოვარი იხილა:
- ღმერთო ჩემო,ტაძარში არ მიშვებენ! – მიმართა სევდიანად კაცმა უფალს.
ქრისტემ კაცი გულში ღვთიური სიყვარულითა და სითბოთი ჩაიკრა და თავადაც სევდიანად მიუგო:
- ნუ ტირი,შვილო ჩემო! ისინი იქ აღარც მე მიშვებენ უკვე კარგა ხანია! – (ავტორი გენია.ჯი)