ამონარიდი მიგელ დე სერვანტეს საავედრას გენიალური რომანიდან – „დონ კიხოტი”

„გახსოვდეს,რომ ამ ქვეყნად არ მოიძებნება უმანკო და პატიოსან მეუღლეზე უფრო დიდი საუნჯე და რომ ქალის ღირსება ხალხის თვალში მოხვეჭილი მისი უმწიკვლო სახელია.მაგრამ რაკი შენი ცოლის სახელი უმწიკვლობის ნიმუშად მიაჩნია ხალხს,რაღად გინდა ეჭვის საგნად აქციო ეს თვითცხადი ჭეშმარიტება? უნდა იცოდე,ჩემო ძმაო და მეგობარო,რომ ქალი არასრულყოფილი არსებაა და მახე კი არ უნდა დაუგო გზაზე,რომ შიგ გაებას,არამედ ყოველგვარ საფრთხესა თუ საცდურს უნდა განარიდო,რომ თამამად და თავისუფლად ვიდოდეს,რათა შეიძინოს ის,რაც აკლია და, ამრიგად,მიაღწიოს სათნოების სისრულეს.ბუნებისმეტყველნი ამბობენ,რომ ყარყუმს,ამ პატარა ცხოველს,რომელსაც უძვირფასესი,თოვლივით თეთრი ბეწვი აქვს,შემდეგნაირად იჭერენ მონადირენი: ჯერ დაზვერავენ,სად დაიარება ყველაზე ხშირად,მერე იმ ადგილს აატალახებენ,ხოლო შემდეგ აფრთხობენ და პირდაპირ იქითკენ მიდენიან,ყარყუმი კი ტლაპოს დანახვისთანავე ჩერდება,რადგანაც შიგ შეტოპვას და თავისი ქათქათა ბეწვის გასვრას ის ურჩევნია,რომ მონადირეებს ჩაუვარდეს ხელში,ვინაიდან თავის სისპეტაკეს თავისუფლებასა და თვით სიცოცხლეზედაც უფრო მეტად აფასებს.პატიოსანი და უმანკო ცოლი იგივე ყარყუმია,მისი ღირსება კი უფრო თეთრია და უფრო სპეტაკი,ვიდრე თოვლი; და ვისაც სურს,რომ ქალმა კი არ შებღალოს თავისი ღირსება,არამედ მტკიცედ დაიცვას და შეინარჩუნოს,ხელაღებით უნდა უარყოს ის ხერხი,რომლითაც მონადირენი იჭერენ ყარყუმს, და აბეზარ თაყვანისმცემელთა საჩუქრებისა თუ ქათინაურების ტლაპოსთან ძალით არ მიდენოს იგი.ვინ იცის,იქნებ მისი სათნოება არც ისე მტკიცეა და არც ბუნებით თანდაყოლილი ძალა შესწევს საიმისოდ,რომ სხვისი დახმარების გარეშე გადალახოს ყველა დაბრკოლება და გაუძლოს ყველა საცდურს; ამიტომაც უნდა განვარიდოთ ყოველგვარ საფრთხეს და, ამრიგად,ვაზიაროთ ჭეშმარიტი სათნოების სხივოსან მშვენიერებას,რაც მხოლოდ უმწიკვლო ღირსებისა და პატიოსნებისაგან იღებს დასაბამს.უმანკო ცოლს წმინდა და მოელვარე ბროლის სარკესაც ადარებენ,რომელიც შეიძლება სულის ოდნავი შებერვითაც კი დაიბინდოს და გამქრალდეს.უმწიკვლო ცოლს ისევე უნდა ექცეოდეს კაცი,როგორც საკურთხეველს: მოწიწებით თაყვანს სცემდეს და ბინძური ზრახვით არ ბღალავდეს მის სიწმინდეს.ერთგულ ცოლს ისე უნდა უვლიდე,როგორც ვარდ-ყვავილებით სავსე წალკოტს,რომლის პატრონიც არც შიგ შეუშვებს და არც ყვავილს მოაწყვეტინებს ვინმეს; იმის მადლობელიც უნდა იყოთ,თუ ღობიდან ჭვრეტა და მისი სიტურფითა და სურნელებით ტკბობა არ დაგიშალათ”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>