ამონარიდი დავით ასკურავას მოთხრობიდან – „ჩქარი მატარებელი”
„ – ახლა,გენაცვალე,იმდენი ინფორმაცია გროვდება დღის განმავლობაში,იმდენი ახალი ამბის მოწმე ხდები უნებლიეთ,თავი კი არა,მთელი ტვინსაცავი ვერ დაიტევს.მოვლენათა კომპლექსის უწყვეტი ჯაჭვი გონების არაადამიანურ დაძაბვას მოითხოვს.აზროვნების სტაბილურობას კი გამოთაყვანებამდე მივყავართ.ჩვენ ვჩქარობთ,თითქოს მეწყერი და შმაგი ნიაღვარი მოგვდევდეს უკან,გავრბივართ.ამ ფაციფუცში ყველაფერს ვკიდებთ ხელს,საჭიროსა და უვარგისს,ცუდსა და კარგს,ყველაფერს ვიტენით ჯიბეში,ჯიბეში და თავში.ამ სიჩქარეში,როგორც ჩქარი მატარებლის სარკმლიდან,ზერელედ აღვიქვავთ საგნებს, და განა მარტო საგნებს.მსგავს პირობებში,რა თქმა უნდა,არც სურვილი გვაქვს და არც შესაძლებლობა,უკეთ შევნიშნოთ და აღვიქვათ ფერთა შორის გარდამავალი,ძნელად შესამჩნევი ტონები.ერთნი შეგნებულად აკეთებენ ამას.სწრაფ ქროლვასა და ბუნდოვან ხილვაში თავდავიწყებას პოულობენ.მეორენი კი გულგრილი სიბრიყვით.ისე,კაცმა რომ თქვას,წავიდა სენტიმენტალობის დრო.ასეთ ვითარებაში სიღრმისეული ანალიზი გაცილებით ძნელია და დამქანცველი,ვინემ კეთილისა და ბოროტის,ნათელისა და ბნელის ხელაღებით და ზედაპირულად განსჯა.შეუცნობელ სივრცეებში გაფანტულ პრობლემათა ძიებამ,ტექნიკურ საშუალებათა არნახულმა განვითარებამ,ადამიანს უნებლიედ ჩამოაცილა სულიერი საწყისის გარკვეული უნარი.რიგ პრობლემათა გადაჭრაში მიღწეულმა წარმატებებმა ცალმხრივად გაზარდეს ადამიანის მიდრეკილებები,რაც,უპირველესად,სულის ხვედრითი წონის ხარჯზე მოხდა”. – (ავტორი გენია.ჯი)