ამონარიდები ივანე ეფრემოვის რომანიდან – „თაის ათენელი”
„ჯერ არასოდეს მომხდარა, რომ დიდ გენიოსს, სარდალს, მბრძანებელს, რომელი ხალხის წარმომადგენელიც არ უნდა იყოს იგი, ადამიანებისათვის ბედნიერება მოეტანოს! რაც უფრო დიდია ასეთი ადამიანი, მით უფრო დიდი უბედურება მოაქვს. ჩვეულებრივი ადამიანები თაობათა ჭეშმარიტი გამოცდილებით წარმოშობილ ათასწლოვან კანონებს ემორჩილებიან. ისინი შეკავშირებულნი არიან ცხოვრების აუცილებლობით, ღმერთებისა და ადამიანებისადმი რწმენითა და მსახურებით. დიდი ადამიანი თავს ყველაფერ ზოგადსაკაცობრიოზე მაღლა აყენებს, არღვევს ყოფიერების საფუძველს და მარადიულ შეცდომას სჩადის, როცა კაცობრიობის ნამოქმედარს არარაობად აქცევს და წყვდიადის უფსკრულში ნთქვას. ღვთაებრივ ადამიანებს მხოლოდ მაშინ მოაქვთ ბედნიერება, როცა მათ ძალაუფლება არ გააჩნიათ”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„მბრძანებელი სხვებზე მეტად უსუსურია, არა მარტო იმიტომ, რომ შებოჭილია ქცევის წესებით, რელიგიისა და ადათ-ჩვეულებების მოთხოვნებით და შეზღუდულია მეფური მიუწვდომლობით. თავს მრჩევლები გახვევიან, რომლებიც გეუბნებიან: „ეს ხელსაყრელია, ეს კი – არა”. ხელსაყრელია უფლების მოსაპოვებლად, ხელსაყრელია განძის მოსახვეჭად, ხელსაყრელია ომის გასაჩაღებლად და სიტყვაც კი არაა თქმული, რა არის ხელსაყრელი შენი და სხვა ადამიანების გულისთვის”.
* * *
„ჩვენ არ გვაქვს მონიჭებული მარადისობა და არცაა საჭირო ჩვენი გულის სწრაფვათა ამ სიმბოლოთი არც თავისა და არც სხვისი მოტყუება”.
* * *
„სუსტები სასწაულს ევედრებიან, როგორც მათხოვრები მოწყალებას, ნაცვლად იმისა, რომ ხელი გაანძრიონ და საკუთარი ძალებით და ნებისყოფის მოკრებით გაიკაფონ გზა. თავისუფალი და შეუპოვარი ადამიანის ტვირთი მძიმე და უამურია. და თუ ადამიანი არ ცდილობს, ღმერთს ან მითიურ გმირს გადაანდოს, არამედ თვითონ ეზიდება ამ ტვირთს, მაშინ ჭეშმარიტად ღმერთის დარად, ცისა და ვარსკვლავების ღირსად იქცევა”.
* * *
„ – ჩვენ, ქალებს, ღმერთების მიერ ცხოვრებაში არცთუ ისე ბევრი გზა გვაქვს ნაბოძები. ამიტომ ყოველი გზა გულმოდგინედ უნდა აირჩიო. უნდა იცოდე და კარგად აწონ-დაწონო ღმერთებისაგან მონიჭებული ყველა უნარი და მათი განვითარება-გაუმჯობესების შესაძლებლობები. ჰეტერას გზა ერთ-ერთი ყველაზე ძნელი გზაა. იგი მხატვრის, მუსიკოსის, არქიტექტორის გზას წააგავს. რომელი მამაკაცი იქნება ისეთი ყეყეჩი, რომ მუსიკოსობა მოინდომოს, თუკი სმენა არ ექნება? გოგონებს კი ხშირად ჰგონიათ, თითქოს სინორჩის მომხიბვლელობა, მელოდიური სიცილი და ნარნარი მიმოხვრა უკვე საკმარისი იყოს წარმატების მისაღწევად. არა. ეს ასე არაა. გაივლის ერთი წელი, ორი, მერე კი ყველაფერი ნავსადგურების ჯურღმულებში უხეშ, პირუტყვის მსგავს მამაკაცებთან ლოთობაში ღორული ცხოვრებით მთავრდება. თუ შენ თუნდაც მოხდენილი სხეული, ლამაზი პირისახე, დიდებული თმა, მომღერლისა და მოცეკვავის ზოგიერთი თვისება გაგაჩნია, – ეს მხოლოდ სხვის მონა-მორჩილი მსახიობისთვისაა საკმარისი, რომელსაც დასის ხელმძღვანელი ხშირად მუჯლუგუნსაც უთავაზებს ხოლმე. მაგრამ კარგი ჰეტერა რომ გახდე, ამისთვის გარეგნობისა და მოხდენილობის გარდა შესანიშნავი მეხსიერებაც უნდა გქონდეს; უნდა შეგეძლოს სამ კილოზე კითხვა, გიყვარდეს და გახსოვდეს ისტორია, იცოდე ფილოსოფიურ მოძღვრებათა საფუძვლები. მაშინ შენ შეგეძლება თანასწორივით ისაუბრო პოეტებსა და ფილოსოფოსებთან და ზოგიერთ მამაკაცზე მაღლაც დადგე. ესეც ცოტაა! უნდა გქონდეს ჩაცმა-დახურვის უზადო გემოვნება, გესმოდეს ქანდაკების, ფერწერის ხელოვნება. ერთი შეხედვით უნდა შეიცნო ადამიანი”.
* * *
„დიდებულები გამოჩენილ ადამიანებს იმით უხდიდნენ მადლობას, რომ სამშობლოდან აძევებდნენ, სიკვდილით სჯიდნენ, ღალატობდნენ და დილეგში სვამდნენ. გავიხსენოთ პერიკლე, ფიდია, სოკრატე, პლატონი, თემისტოკლე, დემოსთენე!”
* * *
„მაღალ მდგომარეობას მოწადინებულმა ახალგაზრდა ადამიანებმა არ იციან ის ფასი, რომელიც ამისთვის უნდა გადაიხადონ. აზრადაც არ მოსდით, რომ სიჭაბუკე წარმავალია, გაივლის დრო და დადგება ჟამი, როცა ისინი მზად იქნებიან, რაც შეუძენიათ, ისევ უკან გასცენ, ოღონდ დაიბრუნონ გარეგნულად უბრალო, სულიერად კი ღრმა ცხოვრება, ბედნიერი წუთები და ახალგაზრდობის განცდები! შეიძლება ისეც მოხდეს, რომ უფლებამ და სიმდიდრემ დააბრმავოს ისინი და წარსულიც დაავიწყოს. როგორც ჩანს, ასე ემართება მრავალ ადამიანს”.
* * *
„ჭეშმარიტება და სიკეთე ჩირაღდანივით ანთია და სიბნელეში მოხეტეებს გზას უნათებს. მაგრამ ხომ შეიძლება ამ ანთებული ჩირაღდნით საწვავი ზეთით სავსე საწყობში მოხვდე, რომელსაც მცირედი ნაპერწკალიც კი ააფეთქებს!” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ცოდნა იმას ეძლევა, ვინც ეძიებს”.