ამონარიდი ანტონ ჩეხოვის მოთხრობიდან – „კინკრიჟა”
„აბა დააკვირდით ცხოვრებას: ძლიერთა თავხედობა და უქმად ყოფნა, უძლურთა უმეცრება და პირუტყვობა. ირგვლივ აუტანელი სიღატაკე, სივიწროვე, გადაგვარება, ლოთობა, პირმოთნეობა, მატყუვრობა… ამავე დროს, ყველგან, სახლებსა და ქუჩებში სიმშვიდეა. ქალაქის ორმოცდაათი ათას მცხოვრებთაგან ერთი არ არის ისეთი, რომ იყვიროს და თავისი აღშფოთება ხმამაღლა გამოთქვას. ჩვენ ვხედავთ იმათ, ბაზარში სანოვაგის საყიდლად დადიან, დღისით ჭამენ, ღამე ძინავთ, სისულელეს როშავენ, ცოლს ირთავენ, ბერდებიან, გულმოწყალედ მიასვენებენ თავიანთ მიცვალებულებს სასაფლაოზე; მაგრამ ჩვენ ვერ ვხედავთ და არა გვეყურება რა იმათი, რომლებიც იტანჯებიან, ვერ ვხედავთ რა საშინელება ხდება ჩვენს ცხოვრებაში, სადღაც კულისებს იქით. ყოველივე მშვიდად, წყნარადაა და პროტესტს აცხადებს მხოლოდ ერთადერთი მუნჯი სტატისტიკა: ამდენი ჭკუაზე შეიშალა, ამდენი სათლი არაყი დაილია, ამდენი ბავშვი უჭმელობისაგან დაიღუპა… ასეთი წესია ალბათ საჭირო; ბედნიერი თავს კარგად მხოლოდ იმიტომ გრძნობს, რომ უბედურნი თავისი წამების ტვირთს უდრტვინველად ატარებენ, და, ეს სიჩუმე რომ არ ყოფილიყო, ბედნიერება შეუძლებელი იქნებოდა, ეს საერთო ჰიპნოზია. საჭიროა, რომ ყველა კმაყოფილის, ბედნიერი კაცის კარს უკან ვინმე ჩაქუჩით იდგეს და განუწყვეტელი კაკუნით აუწყოს, რომ არიან უბედურები, რო, როგორი ბედნიერებიც არ უნდა იყვნენ ისინი, ცხოვრება ადრე თუ გვიან ბრჭყალებს იმათაც ჩასჭიდებს, თავზე უბედურება დაატყდებათ: ავადმყოფობა, სიღარიბე, დანაკარგი და მერე იმასაც არ დახედავენ, არ გაუგონებენ, როგორც ახლა მას სხვისი გმინვა არ ესმის, სხვის ტანჯვას არ ხედავს. მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ჩაქუჩიანი კაცი არ ჩანს და ბედნიერი არხეინად ცხოვრობს, ცხოვრების წვრილმანი ზრუნვა მას ისევე აწუხებს, როგორც ქარი ვერხვს, – და ყოველივე მშვიდად მიედინება”. – (ავტორი გენია.ჯი)