ამონარიდი ჯონ გოლზუორთის რომანიდან – „ფორსაიტების საგა”
„ – გწამს ღმერთი, მამა? ეგ არ ვიცოდი.
ისეთი ინტერესით ჰკითხა ეს შვილმა, რომ ჯოლიონს არ შეეძლო ზერელე პასუხი გაეცა, ერთხანს უხმოდ იდგა, დახრილი მუშაობით ზურგი დაღლოდა.
– ღმერთს რომ ამბობ, რას გულისხმობ? – ჰკითხა მან, – ორი ერთმანეთთან შეუთავსებელი აზრი არსებობს ღმერთზე. ერთია შემოქმედის პირველსაწყისის შეუცნებლობა – ზოგს ესა სწამს. და არის კიდევ ადამიანის არსებაში თავმოყრილი ალტრუიზმი (ზნეობრივი პრინციპი, რომელიც ნიშნავს სხვა ადამიანებისადმი უანგარო სამსახურს, ანუ პირადი ინტერესების ნაცვლად სხვათა ინტერესების წინა პლანზე წამოწევას). – ბუნებრივია, რომ ბევრს ესა სწამს.
– გასაგებია. მაგრამ ქრისტეს თითქოს აღარაფერი რჩება.
ჯოლიონს თვალები გაუფართოვდა. ქრისტე ამ ორი აზრის შემაკავშირებელი რგოლია!.. აჰა, როგორც იქნა, მართლმადიდებლური რწმენის მეცნიერული დასაბუთებაც. ქრისტეს ცხოვრების დიადი პოემა – ეს იყო ადამიანის ცდა, ღმერთზე არსებული ორი შეუთავსებელი აზრი შეეკავშირებინათ. და რაკი მთელი ადამიანური ალტრუიზმი ისეთივე შემადგენელი ნაწილია შეუცნობელი პირველსაწყისისა, როგორც ყველაფერი, რასაც კი ბუნებასა და სამყაროში ვხვდებით, ეს შემაკავშირებელი რგოლი მართლაც რომ კარგად გამოიძებნა! უცნაური კია – რამდენხანს უნდა იცოცხლო ადამიანმა და ერთხელაც არ მოგივიდეს ასეთი აზრი!” – (ავტორი გენია.ჯი)