ამონარიდი ჟან მარსელ ბრიულერის მოთხრობიდან – „უძლურება”
„რა არის ადამიანი? ყველაზე ბინძური ქმნილება! ყველაზე უხამსი, ყველაზე მზაკვარი და ყველაზე ბოროტი. რის ვეფხვი, რა ნიანგი! ეს მხეცები ანგელოზები არიან ჩვენთან შედარებით! ესეც არ იყოს, არც წმინდანობას თამაშობენ, არც მოაზროვნეებად მოაქვთ თავი, არც ფილოსოფოსობასა და პოეტობას ჩემულობენ. შენ კი გინდა, რომ ეს ყველაფერი თაროებზე მელაგოს! რისთვის? იმისთვის, რომ საღამოობით ისევე ტკბილად ვესაუბრო ბატონ სტენდალს, როგორც უწინ ვესაუბრებოდი ბატონ ბოდლერს, ანდრე დალს და პოლ ვალერის. ამასობაში კი ეკლესიებში ცოცხლად წვავენ ქალებსა და ბავშვებს! დედამიწის ზურგზე ხოცვა–ჟლეტა და მკვლელობაა! ნაჯახით თავს კვეთენ ქალებს! ხალხს გუდავენ მკვიდრად ნაგებ საგანგებო საკნებში! ხეებზე ყველგან ჩამოხრჩობილები ქანაობენ მოცარტის მუსიკაზე, რომელსაც რადიოთი გადასცემენ! ხელ–ფეხს უწვავენ ადამიანებს, რათა ამხანაგების გაცემა აიძულონ. უკიდურესი გამოფიტვით” ხოცავენ, ცემით კლავენ, ჯაფით, შიმშილით და სიცივით სულს ხდიან ჩემს უწყინარ, კეთილ, მშვენიერ ბერნარ მეიერს! ირგვლივ კი ხალხი გვყავს, კარგი ადამიანები, მაგრამ არც ერთი მათგანი თითსაც არ გაანძრევს, რომ ამ უმსგავსობას ხელი შეუშალოს. ლაჩრულად არიდებენ თვალს, არაფრად მიაჩნიათ, ზოგს იქნებ მოსწონს კიდეც ეს საშინელება. შენ კი მეკითხები: რა სიგიჟეაო? მაგრამ ღმერთმა იცის, რომელია ჩვენში გიჟი, ან რაში გამოიხატება ეს სიგიჟე. კიდევ იტყვი, რომ მთელი ეს ხარახურა პირმოთნეობა და თვალთმაქცობა არაა, როცა ადამიანი ასეთია. ეს ბინძური ძილის წამალი ყეყეჩურ კმაყოფილებას მოგვგვრის და ჩაგვაძინებს… სიბინძურეა”. – (ავტორი გენია.ჯი)