ამონარიდები თამაზ ჭილაძის შესანიშნავი პიესიდან – „მკვლელობა”
„განა ჩვენ შეგვიძლია სიმართლის მოსმენა? განა ყველას არ ეშინია სიმშვიდის დარღვევისა? თუნდაც ეს სიმშვიდე უსინდისოდ იყოს მოპოვებული.განა ყველას არ ეშინია, რამე არ მოხდეს, რამე არ შეიცვალოს და ვერც კი ვგრძნობთ, როგორ ვეჩვევით გრაფიკს, მატარებლებივით დავდივართ ერთსა და იმავე გზით,ერთსა და იმავე დროს, წუთი წუთზე, დაუგვიანებლად და მატარებლებივით ვყრუვდებით. ჩვენ თვითონ მოვქსოვეთ ჩვენთვის ბუდე, ავაშენეთ კედელი, ჩამოვკიდეთ დაბამბული კარი. გვესმის მხოლოდ ის, რაც ხელს გვაძლევს, ვხედავთ მხოლოდ იმას, რაც საკმარისია, რომ ვიარსებოთ”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – შენ არც ბედნიერება იცი რა არის.
- მერე რა, ხომ ვიცი, რომ არსებობს, განა ეს უკვე ბედნიერება არ არის?”
* * *
„ცილისწამება ადვილია, თუ კი იკადრებ”.
* * *
„არა, ბატონო, ამ სახლში წესრიგი ნამდვილად არ არის, ესაა ქალაქელები ვართო? ჩემთან, ბატონო, სოფელში, სტუმარი რომ მომივა, აბა მობრძანდი, დაბრძანდი, მიირთვით და გადაიღე. ეს უკეთესია, ამას ტყემალი მოუხდება, ამას – ქინძმარი. ეს ღვინო არ დალიო, ეს უფრო ცივია. აბა რა გგონია, ასე უნდა, ბატონო. აქ კი… სტუმარი საჭმელს თვითონ ეძებდეს, პირველად ვნახე მე! სუფრა გაშალე, გამოიტანე, დაყარე, თვალი ჭამს და თვალი სვამს, თორემ ახლა მშიერი კაცი არ დადის ამ ქვეყანაზე, რომ მოგეკალი. დილით ჩაის დამალევინებდი მე? გრიპი კი არა მჭირს, ჩაი რომ დავლიო! ეეე, საცოდავო მარიამ, შენ რომ ახლა შენი ქმრის გაჭირვებას უყურებდე, გავროშივით რომ იპარავს პურს და კარაქს…”
* * *
„საქმე ის არის, რომ ჩვენ ყველანი ჩვენი სინდისის წინაშე პატიოსნები უნდა ვიყოთ. რაღაცა უნდა გწამდეს. როცა გწამს, არც ისე ძნელია ცხოვრება, არა?” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„დე, ვიყო ბრმა, ყრუ, არაფერი ვიცოდე, ოღონდ ბედნიერი ვიყო”.
* * *
„ცოცხალ კაცზე უნდა იფიქრო, ცოცხალზე. მკვდარს კარგი მოგონება, ცოცხალს – პატივისცემა. კაცი სანამ ცოცხალია, იქამდე უნდა მოვლა, თორემ რომ მოკვდება, გინდა შავი მარმარილო დაადე გულზე და გინდა თვითმფრინავი”.
* * *
„ადამიანი იმითაც განსხვავდება ნადირისაგან, რომ შეცდომის გამოსწორება შეუძლია”.
* * *
„ადამიანი რკინისა არ არის. მას სტკივა, წვალობს, ეშინია, ღალატობენ, თვითონაც ღალატობს ვიღაცას, უყვარს, ბედნიერია, ეჭვიანობს და სანამ მას სტკივა, უხარია ან წვალობს, ის უფრო კარგი წევრია საზოგადოებისა, ვიდრე ის, ვინც ამას უგულებელყოფს”. – (ავტორი გენია.ჯი)