ამონარიდები ჭოლა ლომთათიძის ნოველიდან – „თეთრი ღამე”
„სიცოცხლე მინდა და სხვა არაფერი!.. სიცოცხლეს ხომ ერთხელ გამოცდის ადამიანი, მხოლოდ ერთხელ! ნუ მართმევთ ამ სიცოცხლეს, ის ისეთი მშვენიერებაა! ყველაფერი ფეხებზე მკიდია, მხოლოდ სიცოცხლე დამანებეთ, დამანებეთ ვისუნთქო და ქვეყნიერებას ვუცქირო…” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ერთი მითხარით, ძმებო და მეგობრებო, რატომ გგონიათ, რომ სიცრუით უმჯობესია ადამიანის მოკვლა, ვიდრე სიმართლის თქმით? საიდან სადაო ასეთი შეხედულება, ჩემო ძვირფასო ამხანაგებო!.. თქვენ, რომელნიც, ვიცი, გაიღიმებთ ჩემს სიტყვებზე, შეგიძლიათ მიპასუხოთ?”
* * *
„გაგაწვალებს ქალი, გააწვალე შენც, – აი კანონი შეურყეველი და სავალდებულო! თვალი თვალისა წილ!”
* * *
„დიდება შენს სახელს, ღმერთო, რომ ასეთ ჭკუათხელ ხალხს აჩენ ქვეყნად – მშვიდობიანი გზით უნდათ მოსპონ ომი შრომასა და შრომის პარაზიტებს შორის”.
* * *
„ერთხელ, მხოლოდ ერთხელ მოხვიდე ამქვეყნად და წაიღო უნდა თან ღორის სახელი, ფუ!”
* * *
„დიდებული მეცნიერი ბეკონი (დიდი ინგლისელი ფილოსოფოსი) მექრთამე იყო და კონტის (ინგლისელი ფილოსოფოსი) ცოლი ფულებზე იყიდებოდა. გარიბალდის (იტალიის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი) სატუსაღოში ამწყვდევდნენ, აზეფი (ესერთა პარტიის ერთ-ერთი ლიდერი) კიდევ ჯაშუში გამოდგა და მოღალატე… ხომ არის ადამიანის სიცოცხლეში ისეთი წამი, როცა მისი გონების წინაშე დგებიან მარტოოდენ სისაძაგლენი ისტორიისა და დამნაშავენი ისტორიის, სისაძაგლენი, როგორც მსოფლიო ისტორიის, ისე კერძოდ მისი…” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„სევდა, გამოწვეული იმის სიშორით, ვინც გიყვარს, არის ნატვრაო”, – ამბობს სპინოზა”.
* * *
„ერთ საღამოს იმ ქალაქში ერთმა ვინმემ თავი მოიკლა. ის შეუმჩნევლად გაჰყვა კვალდაკვალ ორ ადამიანს. ერთი მათგანი იმისი ცოლი იყო, მეორე კი მეგობარი. ქუჩიდან ქუჩაზე მისდევდა იმათ, შეჰყვა ბაღში და როდესაც ისინი ჩამოჯდნენ კუთხეში სკამზე, როდესაც იმათ ერთმანეთს აკოცეს, მან მიიდო რევოლვერი საფეთქელზე და თავი მოიკლა… დიახ, ეს ასე იყო. და ამ კაცსაც უყვარდა ცოლი, ძლიერ უყვარდა. და იმას ეგონა, რომ იმის ცოლს ჰქონდა სუფთა, ღრმა და სანდო თვალები და რომ ის არასოდეს, არასოდეს არ იცრუებდა. და ამ თვალების გამო, ამ სუფთა და პატიოსანი თვალების გამო, მას კიდევ უფრო უყვარდა ახალგაზრდა ცოლი. და ჰქონდა ნდობა მისდამი, განუსაზღვრელი ნდობა და იმ საღამოს, როცა იმათ გაჰყვა, თვითონაც არ იცოდა, რად მისდევდა იმათ, რა უნდოდა გაეგო და ემხილებინა – ის ხომ საყვარელი და მოყვარული ცოლი იყო, ხოლო მეორე მისი ერთგული, გამონაცადი ამხანაგი. და როცა კვდებოდა – დამიჯერებთ თუ არა? – როცა ის კვდებოდა, ის ღრმად იყო დარწმუნებული, რომ ის კი არ კვდება, რომ საკუთარი თავი როდი მოუკლავს, არამედ მოჰკლა ისინი – ფლიდნი და მოღალატენი. ამ რწმენით მოკვდა ის და ეს რწმენა აშკარად მოჩანდა იმის გაფითრებულ სახეზე, როცა ის მკვდარი ზეცას შესცქეროდა…” – (ავტორი გენია.ჯი)