ამონარიდი მერაბ აბაშიძის მოთხრობიდან – „აქეთ მაშხალები, კვაზიმოდო”
„ო, როგორი სიამოვნებით გავუძღვებოდი მოედანზე დაყრილი ფიჩხისაკენ ხელებშეკრულ ჯალათებს! ჰო, ჯერ ვაწამებდი, ეს არ დაგავიწყდეს!.. მერე… ეს ვინ არის? ნერონი, კალიგულა, მაკედონელი, ესეც ჩემი ერის შეურაცხმყოფელი შაჰ-აბასი, ეს კიდევ ნაპოლეონი! აბა, ბატონებო, რას გვეტყვით სიკვდილის წინ?! თუმცა, ვერაფერს… ენები უკვე დილეგში ამოგაგლიჯეთ მარწუხებით. მუნჯურად მანიშნეთ, ინანიებთ თუ არა დანაშაულს. ნაპოლეონი პირქუშად დუმს. ასევე მაკედონელიც. ჰიტლერი ანთებული თვალებით მიმზერს… ჰე, ჰე, დაგთხრიდი მაგ ნაკვერჩხლებს, მაგრამ მინდა უყურო ამ აუტოდაფეს.
აბა, ახლა კი მომაწოდეთ მაშხალები!
მე, დიდთავა მახინჯი, ბრალს გდებთ სიმშვენიერისა და ადამიანური წმინდა გრძნობების შეურაცხყოფისათვის!
ა ქ ე თ მ ა შ ხ ა ლ ე ბ ი… კ ვ ა ზ ი მ ო დ ო!
აი, ისიც მორბის… ჩემი ძველი ამფსონი და ამქარი! რა მოხდებოდა მისი ჯანი მოეცა ღმერთს ჩემთვის.
არა, კვაზი… არ დაგანებებ! მე უნდა წავუკიდო ამათ ცეცეხლი! მე!
თქვენი სახელით, ბატონებო! – კონცლაგერში დაბუგული ბავშვებისა და სახრჩობელაზე ჩამოკიდებული მოხუცების სახელით!
ცირკში მოასპარეზე, მკერდშემსხვრეული გლადიატორების სახელით!
ნამუსახდილი დებისა და ცოლების სახელით!
ჟან-ჟაკ რუსოს სახელით!
სიყვარულის სახელით!
თავისუფლების სახელით!
ჰაჰა! ავარდა საშინელი სამსჯავროს კოცონის პირველი ალი!
ო, როგორ დაიტკაცუნა და გაშალა ფრთები მცხუნვარე ქარიშხალმა!
მიდი, წითელო, უძლეველო არწივო, დაუდაღრე ბასრი კლანჭებით სხეულები მტარვალებს!
ჰაჰა! ცოცხლად იწვიან ჯალათები!
იზეიმე კაცობრიობავ!” – (ავტორი გენია.ჯი)