ამონარიდი მერაბ აბაშიძის მოთხრობიდან – „აქეთ მაშხალები, კვაზიმოდო”

„ – ბავშვებო! – ხმამაღლა წარმოვთქვი ისევ, როცა სიცილი მიწყნარდა, – ჩემო საყვარელო ბავშვებო! დღეს ვხსნი უკანასკნელ გაკვეთილს… დაგვრჩა რამოდენიმე წუთი… მისმინოს ყველამ:

- ის, რაც მსურს გითხრათ, არ არის ქრისტიანული მოძღვრება, რომელიც მოყვასისადმი სიყვარულს მოგვიწოდებს ისე, რომ არ გვასწავლის, როგორ შევიყვაროთ…

ეს არც მხოლოდ ბუნების სიმშვენიერით ტკბობის უნარით დაჯილდოვებული მახინჯი კაცის სიტყვაა, რომელიც ბოროტ სიხარულს განიცდის, როცა გრძნობს, რომ თავისი მაგიური ძალის მქონე სიტყვის გავლენით დაიმორჩილა გულუბრყვილო მსმენელი…

ეს არ გახლავთ აღსარება „აღზევებული სიმახინჯისა”…

მე უბრალოდ გთხოვთ ერთ რამეს:

- გთხოვთ თქვენ – წმინდანებს, ვის ყურსაც ჯერ თაფლის წვეთად არ ჩაღვრია ოქროს წკრიალი;

ვისი თვალებიც ჯერ არ აუმღვრევია შურს;

ვისაც ჯერ არ განგიცდიათ უზომო სიხარული ან უზომო მწუხარება, რომლის შედეგადაც ადამიანი სამუდამოდ იფიტება!

აი, ვდგევარ თქვენს წინაშე, გონჯი, პატარა ადამიანი, კოჭებამდე ჩამოვარდნილი ტანსაცმლით.

დღეს, ორიოდე წუთის წინ დავკარგე სამუშაო. არც კი ვიცი, ვიშოვი თუ არა ამიერიდან მას.

ახლახან მომაყენეს შეურაცხყოფა, რადგან ვუპასუხე იმავე ტონით, როგორითაც მომმართეს…

მე მცემენ ქუჩაში უქმად მოყიალე ლაზღანდარები…

საკუთარი და, რომელიც მარტომ აღვზარდე მშობლების გარდაცვალების შემდეგ, – ოცნებობს თავგაჭეჭყილი მიმათრიოს შინ…

ბავშვებო! დღემდის ბევრჯერ დგებოდნენ მახინჯი, მაგრამ კეთილშობილი ადამიანები ბრბოს წინაშე, როგორც მსაჯულნი ავაზაკთა ხროვის წინ, მაგრამ ბოლოს, მაინც გათვალავდნენ და იავარჰყოფდნენ ხოლმე მათ!

ან როგორ შეუძლიათ ყასბებს და პატარა ვაჭრუკანებს, რომელთაც ყურები სისხლიანი ბამბითა აქვთ ამოტენილი, გაიგონ ხმა სიმართლისა!

მე მოგმართავთ თქვენ – წმინდანებს!

მართალია, მიზეზი, რის გამოც მითხოვენ – სასაცილოა!

სასაცილოა ჩემი გამომეტყველებაც! იერიც… – ყველაფერი!

და მაინც, მე მივდივარ მოზეიმე და საკუთარ თავში დარწმუნებული!

ჩემი თხოვნაც ეს არის – ნუ დასცინებთ მოზეიმე მახინჯებს და… როცა აქედან გავალ… იწამეთ ღმერთი… ნუ გაიცინებთ რამდენიმე წუთს… წარმოიდგინეთ, რომ მიცვალებულს მიაცილებთ სამარისაკენ”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>