ამონარიდები ბორის პასტერნაკის რომანიდან – „ექიმი ჟივაგო”
„ასე მგონია,შესაძლებელი რომ ყოფილიყო ადამიანში მთვლემარე მხეცის შეკავება მუქარით,სულ ერთია,საპყრობილე იქნებოდა ეს თუ საიქიოს წარსაგებელი,კაცობრიობის უზეშთაესი ხატება თავშეწირული მოძღვარი კი არა,მათრახიანი საცირკო მომთვინიერებელი იქნებოდა.მაგრამ საქმეც სწორედ ისაა,რომ საუკუნეთა განმავლობაში ადამიანს ცხოველთან შედარებით აღამაღლებდა მუსიკა და არა კეტი: უიარაღო ჭეშმარიტების უცილობლობა,მისი მაგალითის მიმზიდველობა.აქამდე ითვლებოდა,რომ სახარებაში ყველაზე მთავარი მცნებებში არსებული ზნეობრივი გამონათქვამები და წესებია,ჩემთვის კი უმთვარესი ის არის,რომ ქრისტე ცხოვრებისეული იგავებით ლაპარაკობს და ჭეშმარიტებას ყოველდღიურობის შუქით ასხივოსნებს.ამას ის აზრი ეფუძნება,რომ ურთიერთობა მოკვდავთა შორის უკვდავია და თვით სიცოცხლე სიმბოლურია,რამეთუ იგი მნიშვნელოვანია”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – მეორედ მოსვლა იმ ტლანქი ფორმით,როგორც ამას უმწეოთა დასაშოშმინებლად ამტკიცებენ,ჩემთვის უცხოა.ქრისტეს სიტყვები ცოცხალთა და მკვდართა შესახებ ყოველთვის სხვანაირად მესმოდა.სად მოათავსებთ ამდენ ურდოებს,ათასწლეულებში რომ შეიკრიბება? მათ მთელი სამყაროც არ ეყოფათ და ეგრე რომ იყოს,მაშინ ღმერთმა,სიკეთემ და აზრმა ამიერ სოფლით გუდა-ნაბადი უნდა აიკრან,რადგან ამ ხარბ,ცხოველურ ჯგლეთაში მათ მაინც ფეხქვეშ გასთელავდნენ…
მაგრამ სამყარო სამარადისოდ უკიდეგანოდ ურთიერთმსგავსი სიცოცხლითაა აღსავსე და ყოველწამს განიცდის განახლებას უსასრულო ურთიერთშეხამებასა და გარდასახვაში.აი,თქვენ შიშობთ,მეორედ მოხვალთ თუ არა.თქვენ უკვე მოხვედით მეორედ,როცა დაიბადეთ,თქვენ კი ეს არ გიგრძვნიათ”.
* * *
„რომი ნასესხები ღმერთებისა და დაპყრობილ ხალხთა ბაზარი იყო,ორიარუსიანი ზედაჟლეტა – დედამიწაზე და ზეცაში,თავის გარშემო მან თავადვე გამოიფსკვნა სამმაგი ყულფი,ვით გადახლართვა ნაწლავებისა.ერთურთში იყვნენ აღრეულნი დაკ-ჰერულები,სკვითნი,სარმარტნი,ჰიპერბოლელნი,მძიმეთვლიანი ტლანქი ეტლები,ქონში ჩამხრჩვალი წვრილი თვალები,პირუტყვთმავლობა,ორმაგი ნიკაპები,განათლებული მონების ხორცით გასუქებული თევზები და გონებაჩლუნგი იმპერატორნი.ადამიანები ქვეყნად იმაზე მეტნი იყვნენ,ვიდრე ოდესმე,ისინი კოლიზეუმის გასასვლელებში იჭეჭყებოდნენ და იტანჯებოდნენ.
და აი,მარმარილოს და ოქრო-ვერცხლის ამ უგემოვნო ნაყარნუყარში მოვიდა იგი,მსუბუქი და შუქით მოსილი,უაღრესად ადამიანური,საგანგებოდ პროვინციელი,გალილეელი, და ამ წუთიდან წარიშალნენ ხალხებიც და ღმერთებიც, და გზა გაეხსნა ადამიანს – ხუროს,გუთნისდედას და ჩამავალი მზის სხივებში გახვეული ცხვრის ფარის მწყემსს,ადამიანს,რომლის სახელიც იოტისოდენადაც არ ჟღერდა ამაყად,ვისი სათნოებაც კიდით კიდემდე მადლიერებით შეიმოსა ყოველი დედის იავნანაში,მთელი მსოფლიოს სურათების გალერეაში”.
* * *
„უბრალო ხალხის შვილები ცხოვრებაში ადრე შედიან”.
* * *
„ყოველგვარი ჯოგურობა უნიჭობის თავშესაფარია,სულ ერთია,სოლოვიოვის ერთგულებით იქნება ნაკარნახევი,კანტისა თუ მარქსისა”. – (ავტორი გენია.ჯი)