ამონარიდები ქართველი მწერლების ნაწარმოებებიდან…

„ცოცხლები მკვდრებს ისე მაგრად უხვევენ პირს,თითქოს ეშინიათ სიკვდილის შემდეგ ის არა თქვან,რაც სიცოცხლეში დაუმალავთ,რითაც დაღუპულან და რაც იმ ქვეყნად გაჰყოლიათ დარდად.სიკვდილის შემდეგ არა თქვანო, – ეშინიათ,შევრცხვებით,თავი მოგვეჭრება…” – ჯემალ თოფურიძე (დიოსკურია ზღვაში ჩაძირული ქალაქია) – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ჩვენ საკუთარ გრძნობებში ცუდად ვერკვევით და არავინ იცის, რაც სიყვარული გვგონია, ხშირად თანდაყოლილი სიზარმაცეა, რომელიც გვაიძულებს მუდამ გატკეპნილი, ნაჩვევი გზით ვიაროთ, მუდამ იოლი, ნაჩვევი საქმე ვაკეთოთ, მუდამ შაბლონური, ნაჩვევი ფრაზებით ვიაზროვნოთ, ხოლო იმისათვის, რომ მოსალოდნელი თვითმხილება და აქედან გამომდინარე სინდისის ქენჯნა ავირიდოთ, სიზარმაცეს სიყვარულის ყდაში ვსვამთ და ამით იოლად ვიტყუებთ თავს, რადგან იგივე სიზარმაცე საშუალებას გვაძლევს ტვინი არ ვიჭყლიტოთ და სიმართლე ვეძიოთ”. – ჯემალ ქარჩხაძე (სოლომონიანი)

* * *

„მუდმივი განსაცდელი, შიში, ტკივილი, უიმედობა, – სულს ვერ ლესავს, ვერ ამახვილებს, ვერ ამაღლებს. ზოგნი ამბობენ, გაჭირვებაში ადამიანი იბრძმედებაო, მაგრამ გაჭირვებასაც გააჩნია. მხოლოდ ის იწრთობა, ვისაც მომავალი ელის. უმომავლოდ დარჩენილს რას შველის წარსულის გამოცდილება?” – გურამ გეგეშიძე (ჟამი)

* * *

„არიან ადამიანები, რომელთაც სხვებზე მეტად აქვთ შეგნებული, რომ ერთხელ მოსულან ამ ქვეყანაზე. ისინი არავითარ სიამოვნებას არ იკლებენ. შოულობენ ბევრ ფულს, ყოველ შემთხვევაში ყველაფერს აკეთებენ ამისათვის და რაც მთავარია, არ ეზარებათ. ცხოვრობენ ლამაზ გოგოებთან, ქეიფობენ და მოგზაურობენ. იცვამენ იმას, რაც ყველაზე ძვირი ღირს. ისინი ცდილობენ, არაფერზე არ იდარდონ და აღწევენ კიდეც ამას. სხვა ძალიან ბევრი რამე აკლიათ, მაგრამ მაინც ალბათ დიდი ბედნიერებაა იმის მიღწევა, რომ არაფერზე არ იდარდო”. – ჯემალ თოფურიძე (დიოსკურია ზღვაში ჩაძირული ქალაქია)

* * *

„რა არის სიცოცხლე? მოდიხარ დროებით და მიდიხარ, სამუდამოდ; შუალედში – მოსვლასა და წასვლას შორის, დასაწყისსა და დასასრულს შუა უნდა იფიქრო არა დასაწყისზე, არამედ მხოლოდდამხოლოდ წასვლაზე, სიკვდილის მძაფრ და მტანჯველ შეგრძნებაზე”. – რეზო ჭეიშვილი (გია) – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ბოლოს და ბოლოს, ღალატი მარტო ის ხომ არ არის, რაც ღალატია! ალბათ ისიც ღალატია, სხვასთან რომ უკეთ გრძნობ კაცი თავს, ვიდრე საკუთარ ცოლთან!” – ჯემალ ქარჩხაძე (სოლომონიანი)

* * *

„ – სხვათაშორის, სუფრაზეც ის არის უფროსი, ვინც ცხოვრებაში უფროსია, ეს ბუნების კანონია”. – ნოდარ წულეისკირი (წვეულება)

* * *

„ყველგან სევდაა და ყველგან სიხარული, ყველგან დაბადება, ყველგან – სიკვდილი, ყველგან ტირიან და ყველგან მღერიან. მაშ, მოდით, ვანუგეშოთ ერთმანეთი, მოდი, გავუღიმოთ ერთმანეთს”. – ნაირა გელაშვილი (მივემგზავრები მადრიდს)

* * *

„ – ამ ქვეყანაზე მუდმივად არავინ და არაფერი არსებობს, სერიოგა. ჩვენც წარმავლები ვართ, წარმავალია აგრეთვე ჩვენი ყველა დამოკიდებულება თუ გრძნობა. ამას თავისი მიზეზები აქვს: სიბერე, გრძნობათა დაჩლუნგება თუ ზოგიერთი პიროვნების დაუგრომელი ხასიათი. ასეა, ჩემო სერიოგა!..” – ვლადიმერ სიხარულიძე (მტარვალი)

* * *

„განსჯა და ფუსფუსი ერთმანეთს არ უთავსდება და, როცა ურწმუნო მოფუსფუსეებითაა ქვეყანა სავსე, კაცმა არ იცის საით მიდის იგი”. – გურამ გეგეშიძე (ჟამი) – (ავტორი გენია.ჯი)

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>