ამონარიდი ვიქტორ-მარი ჰიუგოს რომანიდან – „საბრალონი”
„ღვინო მწყურია,რომ სიცოცხლე დავივიწყო! არ ვიცი,სწორედ,ვისი გამოგონილია სიცოცხლე,მაგრამ საზიზღარი კი არის! წამიერია და გროშად არა ღირს! კისერს მოიტეხს,ვინც ცოცხალია! სიცოცხლე სურათია მიმზიდველი და თან შხამიანი.ბედნიერება – ძველი ჩარჩოა,მარტო ერთ მხარეს შეღებილი.სოლომონ ბრძენმა თქვა, – ამაოება არის ყველაფერიო, – და მეც ვეთანხმები იმ ჭკუის კოლოფს,რომელიც,იქნება,არც კი არსებობდა.შერცხვა ნულს,მთლად ტიტველი ხომ არ გავიდოდა ხალხში? ადგა და ამაოებით შეიმოსა.ამაოება! ყველაფერს ამშვენებს მყვირალა სიტყვებით! სამზარეულოს ლაბორატორიად გაჩვენებთ,ყბედს პროფესორად,ჯამბაზს გიმნასტად,აფთიაქარს ქიმიკოსად,დალაქს ხელოვანად,კალატოზს არქიტექტორად და ფერუმარილს – მშვენიერებად.მაგრამ ქვედა მხარეცა აქვს ამაოებას და სუსტი მხარეც.ქვედა მხარე სისულელეა,ესე იგი,ფილოსოფოსი თავის ძველმანებში.ერთს დავტირი და მეორეს დავცინი! დიდებულებით აღსავსენი და, თუ გინდათ,თვით დიდებაც და ღირსებაც ცარიელი სიტყვაა და თაღლითი ოქრო.დიდების მოყვარეა ადამიანი და დიდების საკენკს უყრიან მეფეები,რომ უფრო ადვილად დაადგან უღელი.კალიგულამ ცხენს მიანიჭა კონსულობა,კარლ მეცხრემ რაინდად აკურთხა სუკის მწვადი.მიდით,მიდით დიდებისკენ! მიდით,გვერდში ამოუდექით იორღა კონსულს და ბატონ ბარონ-სამწვადეს! რაც შეეხება ადამიანის ღირსების თვითღირებულებას,არც ესაა პატივისცემის ღირსი! ერთი ყური დაუგდეთ,რა „ქებით” ახსენებს მეზობელი თავის მეზობელს! თეთრი თეთრისადმი მხეცურად არის განწყობილი.შროშანს რომ ენა ჰქონოდა,იცით როგორ შეამკობდა მტრედს? მუზმუზელა რომ ფარისევლის ამბავს მოჰყვება,უფრო გესლიანია,ვიდრე შხამიანი გველი.ჩემი უბედურებაა,რომ უვიცი ვარ,თორემ აუარება მაგალითს მოვიყვანდი.ჭკუა კი ყოველთვის მქონდა: მოწაფედ რომ ვიყავ ბ. გროს სკოლაში,იმის მაგივრად,რომ ქაღალდი მეთხაპნა,ბაღში გადავძვრებოდი ხოლმე და ვაშლს ვიპარავდი.დიახ,მხატვრის მოწაფე ქურდი ვიყავ და ქურდობა საძრახია.მაგრამ,რაცა ვარ,ვარ და არც თქვენ ბრძანდებით უკეთესი.გროშად არ მიღირს არც თქვენი ღირსება,არც თქვენი უმწიკვლოება,არც თქვენი მიღწევანი.ნაკლოვანებისაკენ მიიწევს ყოველი ღირსება; მომჭირნე,სარვაგი წუწურაქი ხდება,უხვი – მფლანგავი,ყოჩაღი – ტრაბახა.ვინც იტყვის ღვთისმორწმუნეო,მუზმუზელას ამბობს ზრდილობიანად.იმდენი ბიწიერება ურევია სათნოებაში,რამდენიც ნაფხრეწი ჰქონდა დიოგენეს წამოსასხამს.ერთი მითხარით,ვისა სცემთ თაყვანს? მოკლულს,თუ კაცისმკვლელს? კეისარს თუ ბრუტოსს! საერთოდ კაცისმკვლელი უფრო ქებულია.მაშ გაუმარჯოს ბრუტოსს! გაუმარჯოს,რომ კაცი მოჰკლა! ეს არის ღირსება ადამიანისა.ღირსება ღირსებად იყოს,მაგრამ შეუწყნარებელია ეგ ღირსება.რამოდენი ლაქა აზის ამგვარ გმირებს (თუნდა ბრუტოსი ავიღოთ) კეისარი მოჰკლა და თვითონ კი გაგიჟებით უყვარდა ერთი ბიჭის ქანდაკებასტრონგილიონის ნაქანდაკევი; იმასვე ეკუთვნის ქანდაკება ამორძალისა,ლამაზფეხიან ევქნემოსისა,რომელსაც თან დაათრევდა ნერონი სამგზავროდ რომ წავიდოდა სადმე.ორად ორი ქანდაკება დარჩა სტრონგილიონს,რომლებმაც მოარიგეს ბრუტოსი და ნერონი.ერთი ბრუტოსს უყვარდა,მეორე ნერონს.ცარიელი წყლის ნაყვაა მთელი თქვენი ისტორია.ერთი საუკუნე ქურდული გამეორებაა წარსული საუკუნისა.მარენგო მიბაძვაა პიდნის ბრძოლისა,ტოლბიაკი კლოვისა და აუსტერლიცი ნაპოლეონისა ისე ჰგვანან ერთმანეთს,როგორც ორი წვეთი სისხლი.გამარჯვება არაფერია,დამარცხება სიბრიყვეა.გამარჯვებული ის არის,ვინც დაარწმუნებს და დაიყოლიებს,მაგრამ აბა სცადეთ რისამე დამტკიცება და ვისიმე დარწმუნება! თქვენ კი მიღწევითა ხართ ბედნიერნი! ეგ გახლავთ სიბეცე გონებისა! ან გამარჯვებითა ხართ აღფრთოვანებული! ეგ გახლავთ სისუსტე გონებისა! ეჰ,რას იზამთ? ამაოება და ვერაგობა მოსდებია ქვეყნიერებას!” – (ავტორი გენია.ჯი)