ამონარიდი გურამ ბათიაშვილის რომანიდან – „ჟამი დუმილისა და ჟამი უბნობისა”
„ – საქართველოს მომღიმარე,დამთმობი მეფე სჭირდება,თუ მათრახმომარჯვებული – ქართველი კაცისავე სასიკეთოდ რომელი უმჯობესია?
კითხვა იყო,ცხადია,კითხვას სვამდა მეფე,მაგრამ კითხვასაც არ ჰგავდა,მოთხოვნა უფრო იყო,ვიდრე შეკითხვა.ამან დააბნია ზანქანი.ვერც კი წარმოიდგენდა,თუ ყმაწვილ მეფეს ამგვარი ფიქრი დასტრიალებდა თავს. „განიცდის? ყურთლულ არსლანს რომ დაუთმო,დღეს ნანობს!” გაუელვა თავში.
როგორც ჩანს,პასუხი შეუყოვნდა.თავჩაქინდრულს კვლავ მეფის ხმა მოესმა:
- გიჭირს,განთავისუფლებ პასუხისაგან.ღამე მშვიდობისა! – მეფემ კარისაკენ რამდენიმე ნაბიჯი გადადგა.
ის-ის იყო დიდ,მძიმე კაკლის ხისაგან ნაკვეთ კარში უნდა გასულიყო,თავდახრილმა ზანქანმა თქვა:
- თუ ნებას მომცემ,მეფეო,მე მინდა შენს კითხვას ვუპასუხო – მეფე თამარი მობრუნდა,თანხმობის ნიშნად გაიღიმა,ზანქანმა ორიოდ ნაბიჯი წარსდგა – მე ვხვდები,რისთვისაც მანთავისუფლებ პასუხისაგან – ზანქანმა კვლავ დახარა თავი – თუ მომიტევებ,ვიტყვი: არ არის ეგრე.მე თხუთმეტი ასწლეულია ამ მიწაზე ვცხოვრობ,დრომ,ამ ქვეყნისადმი ებრაელთა ერთგულებამ,ამ მიწაში ჩაღვრილმა ჩვენმა ოფლმა,არა მხოლოდ საამოს,სიმართლის თქმის უფლებაც მომანიჭა.
- ბრძანე,ბრძანე,ზანქან იუდეველო! – ისევ გაეღიმა მეფე თამარს – ჩემს ქვეყანას და ხალხს რა არგებს?
- ვერავინ იტყვის შენმა დიდმა პაპამ – მეფე დავით მეოთხემ მტრისთვის მეტად იქნია ხმალი,თუ მათრახი – ქართველთათვის.ბრძენი იყო და იცოდა: კაცი,რომელიც მეფის სიტყვას არად ჩააგდებს,არც ღვთის მორჩილი იქნება.თავისი ხალხი მხოლოდ ძლიერ მეფეთ დაუსჯიათ ისე,როგორც მეფე დავით მეოთხე სჯიდა,მაგრამ ქართველ ხალხს ჯერ არც ერთი მეფე შეუყვარებია ისე,როგორც დავითი.ფიქრი გვმართებს იმაზე,თუ რატომ უყვარს ხალხს მეფე,რომელმაც ამდენი მათრახი ურტყა.
- იქნებ,ამაზეც გაქვს პასუხი? – იკითხა მეფე თამარმა.
ზანქანი შეყოვნდა.მეფეს უხმოდ შესცქეროდა.
- იქნებ მქონდეს კიდეც,მაგრამ… მეფეს მხოლოდ ის უნდა უთხრა,რაც ძლიერ გჯერა,მტკიცედა გწამს.
- ბრძანე,ზანქან! – პირზე ღიმილი ედო მეფეს,ხმაში კი ბრძანება ისმოდა.
- მე ასე მგონია,მეფეო,რომ… ის სულგანათლებული მთელი თავისი ცხოვრება ამ მიწაზე მცხოვრებ ყოველ კაცს ჩააგონებდა: სახელმწიფოში ცხოვრობთ და ოჯახზე მეტად მას უნდა მოუაროთო.ვისაც ეს არ ესმოდა,მათრახით მისწვდა.ჩვენში თუ მათრახის შიში არა აქვთ,კანონს ეურჩებიან,კანონის ურჩნი კი სახელმწიფოს ვერ ჰქმნიან.
ერთხანს უხმოდ იდგა.მერე ბრძანა მეფემან თამარ,ასულმან გიორგისა:
- მადლობელი ვარ,ზანქან ზორაბაბელო.ღამე მშვიდობისა! – და გზა განაგრძო”. – (ავტორი გენია.ჯი)