ამონარიდები ოთარ ჭილაძის დიდებული რომანიდან – „მარტის მამალი”
„არასოდეს, არასოდეს, არასოდეს გესმის?! არ მიითვისო, რისი მითვისებაც არ შეიძლება: სხვისი აკვანი, ანდა, სხვისი საფლავი; სხვისი წუხილი, ანდა, სხვისი სიხარული; სხვისი სალოცავი, ანდა, სხვისი საგოდებელი”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„რასაც შენი ნებით დათმობ, ვეღარასოდეს დაიბრუნებ”.
* * *
„თუკი მკვდარი ცოცხალზე მეტია, მაშინ აქაც, სულეთშიც, ბრიყვი ჭკვიანზე მეტი ყოფილა”.
* * *
„არაფერი არ ხდება ისეთი, რაც უთვალავჯერ არ მომხდარა და უთვალავჯერ არ მოხდება კიდევ, ვიდრე ამქვეყნად კვდება და იბადება ადამიანი. როგორც ბუნებაში დღეს ღამე ენაცვლება და პირიქით, ასევე ადამიანის ცხოვრებაში ამაღლებას დაკნინება მოსდევს, განათლებას გამოტვინება, გაკეთილშობილებას გაპირუტყვება… და ასე იქნება სულ, რადგან სული ერთნაირად ტკბილია, გინდა გაადამიანურებული მხეცი იყავი, გინდა გამხეცებული ადამიანი”.
* * *
„არაფერი სჭირს სანთელს ქვეშ გასანათებელი. აი, ზოგიერთ ადამიანს კი არ აწყენდა ქვეშიდან განათება. ბევრი რამ გამომზეურდებოდა, საგულდაგულოდ გადამალულ-მიჩქმალული. სანთელი ისაა, რაც იწვის და ანათებს. სხვებს უნათებს, თვითონ დნება, ქრება. ტყუილად კი არ ამბობენ კარგ ადამიანზე, სანთელივითააო”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ფული, ფული და ფული. სულ ფულზე ფიქრობს ადამიანი და იმიტომაც ვერ შოულობს. ანდა, თუ შოულობს, ეკვლევინება”.
* * *
„მგლისგან განსხვავებით, კაცმა თითქმის არასოდეს არ იცის ზუსტად, ვისზე ან რაზე იძიოს შური. სამაგიეროდ, თუკი მგელს სუსტი მახსოვრობა აქვს და მალე ავიწყდება თავისი უბედურება, კაცმა ამ უბედურებით უნდა გალიოს დარჩენილი წუთისოფელი, სიკვდილამდე არ უნდა დაივიწყოს და ვერც დაივიწყებს, რადგან მახსოვრობა იგივე სასჯელია, ბუნებისაგან დადგენილი, უვიცობისთვის, უმეცრებისთვის, მიუხვედრელობისთვის. ხოლო, თუ გაწყრა ღმერთი და დაივიწყა, ეს უკვე საყოველთაო უბედურების ნიშანია და, პირველ რიგში, ადამიანის გადაგვარების მაუწყებელი”.
* * *
„ადამიანი ყველაფერს ეჩვევა თურმე – სიცოცხლის გულისთვის, სიცოცხლის სახელით – სიბნელესაც, სინესტესაც, სიცივესაც, სიბინძურესაც, ტკივილსაც, შიშსაც… ყველაფერს, რისიც არ ითქმის სახელი”.
* * *
„იმ კაცს გაუმარჯოს, საქმეზე დამდგარს ხელს რომ არ შეუშლის”.
* * *
„სიკვდილს, თუკი ვინმესი ერიდება, სიცოცხლისა ერიდება მხოლოდ”. – (ავტორი გენია.ჯი)