მიხეილ ქვლივიძე – „დრო”

დრო გადისო, – ვინა ბრძანა?

არაფერიც არ გადის!

რაც არი და რაც ყოფილა,

ის იქნება მარადის.

კრწანისით თუ შეიცვლება

გაელვება მარაბდის

ან ამაყად ფეხზე მდგარი -

ყელს გამოჭრილს დავარდნილს!

* * *

დრო არც მიდის და არცა დგას -

ჩვენ ვბერდებით მარტოდენ.

სად არიან,ვინც ჩვენამდე

უკვდავებას ნატრობდნენ?

რამ დააცხრო მათი ჟინი,

ნიჭი და არაქათი?

გაყინული მდინარეა -

ჟამთადენის ნაკადი…

* * *

ჩვენც ყინულზე დავსრიალებთ,

ვიცინით და ვერთობით.

ხან იმედით თავს ვიტყუებთ,

ხანაც უიმედობით.

ეს ცხოვრება ისე გვესმის,

ვით ანბანი ჩინური…

და სულ ვშიშობთ – არ ჩაგვიტყდეს

ფეხქვეშ თხელი ყინული!

კომენტარის დატოვება