საყურადღებო ამონარიდი ნოდარ დუმბაძის რომანიდან – „მზიანი ღამე”
„ – სად ხარ,ძმაო,დაგვხოცე შიმშილით! – გაუჯავრდა გურამი.
- შენთვის მეცალა,შე კაცო? ვერ ხედავ,ვინ გვესტუმრა?!.
- ვინ? – ჰკითხა გურამმა.
- ვინ და, მსოფლიო ჩემპიონი ჭიდაობაში.
- რა გვარია?
- რავა,პირველად გესმის ქიტუაშვილი გოგია,გაზეთებს არ კითხულობ? – ახლა ოფიციანტი გაუჯავრდა გურამს, – ექიმებმა თქვეს,ორი სამწლიანი მოზვრის ღონე აქვსო. – თქვა ოფიციანტმა და ისევ გავარდა.გაერთიანებული სუფრის თავში აღტაცებული ხალხის და ოფიციანტების ალყაში პატარათვალებიანი,ორი სამწლიანი მოზვრის ღონის შარავანდედით მოსილი ქიტუაშვილი გოგია იჯდა და ძლიერი ყბებით მოხარშული ბეჭის ძვალს ფშვნიდა.
- მე წავალ,ძამიკოებო,დიდი მადლობა,დიდი მადლობა,მშვიდობით,მშვიდობით.
გალაკტიონი წამოდგა.
- გაგაცილებთ,ბატონო გალაკტიონ! – წამოვცვივდით ჩვენც.
- არა,ბატონო,არა,რად მინდა გაცილება.
იგი წავიდა ნელი ნაბიჯით.ისე გაიარა ამ ღმერთკაცმა მთელი რესტორანი,არავის შეუმჩნევია. და მე ისევ შემეცოდა ღმერთი,კაცში ჩასახლებული ღმერთი,რომელიც ისე ახლობელია,ისე ჰგავს ადამიანს,ისე ხელშესახებია და უბრალო,რომ არავის სჯერა მისი ღმერთობა.
გალაკტიონმა გაიარა რესტორანი და ქუჩაში გავიდა…” – (ავტორი გენია.ჯი)