ამონარიდები ოთარ ჭილაძის რომანიდან – „მარტის მამალი”
„მშობლის საფლავის მომშლელი,თავადაც ვერ ეღირსება დამარხვას,იმიტომ რომ,მშობლის საფლავი თავისებური,შეიძლება,უცნაური განძთსაცავიცაა შთამომავლისთვის,რამდენადაც განძი,ამ შემთხვევაში,სხვა არაფერია,თუ არა მიწიერი სიმშვიდე და მარადიული სასუფეველი”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„საბოლოოდ აწონილსა და საიმედოდ შენიღბულ სათქმელსაც თავისებურად უნდა თქმა – თქმასაც დიდი ცოდნა უნდა,უარესად რომ არ გააფუჭო საქმე”.
* * *
„სირცხვილის გრძნობის აღმძვრელი ფიქრების გამხელა ისევე ძნელია,როგორც არგამხელა,რადგან გამხელა მკვლელობის თანაფარდია,არგამხელა კი – თვითმკვლელობისა; გამხელის შემთხვევაში ყველაფერ იმას უპირისპირდები,რითაც იქამდე გიცხოვრია,არგამხელის შემთხვევაში კი – საკუთარ თავს,საკუთარ არსებას,საკუთარ ბუნებას.აქედან გამომდინარე,ამგვარი ფიქრების არსებობა,უკვე თავისთავად გაიძულებს,გულჩათხრობილი იყო სწორედ იმათთან,ვინც ნამდვილად შენიანია,ვისიც გაჩენის დღიდან გჯეროდა და დაუფიქრებლად ენდობოდი; სამაგიეროდ,გულახდილობისა და ნდობის სურვილს გიჩენს იმის მიმართ,ვისაც შემთხვევით უნდა გადაეყარო”.
* * *
„ – კაცს რომ მიწაზე არ დაედგომება,გინდ მკვდარი იყოს და გინდ ცოცხალი,იმის ადგილი ცაშია”.
* * *
„ჯანი მიაქვს დროს,დაო ჩემო,,მაგრამ შენ თუ იცი,რას მიაქვს დრო? რასა და, უაზრო ფიქრსა და ოცნებას”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“კაცი საომრადაა გაჩენილი,ერთი წუთით არ შეიძლება მისი გაჩერება,მაშინვე ხავსი შეაცოცდება გულზე,სულ რაღაცას უნდა ეჭიდებოდეს,მიათრევდეს,ანგრევდეს,აშენებდეს.დაწოლილი შორს ვერ წავა.ვერც ოცნებით მოიწევს პურს”.
* * *
„რა სათაკილოა ექიმის სამსახური?! სათაკილო კი არა,პატივია.გინდა ექიმისთვის დაგიბანებია ხელი და გინდა ღმერთისთვის.თავისებურად ექიმიც ღმერთია – რამდენი ყავს ჩვენისთანა გაჭირვებული,რამდენია იმის მოიმედე,რამდენი ელოდება მოუთმენლად!”
* * *
„რას იზამთ,რას იზამთ.ასეა ცხოვრება.ცხოვრება ომია,დაო ჩემო,თუ სუსტი ხარ,დაიღუპები.სხვას უნდა მოუცალო ადგილი.შენი ნებით არ მოიცლი,ძალით მოგაცლევინებენ”.
* * *
„გასათხოვარი ქალი შინ უნდა იჯდეს,შინ უნდა დაელოდოს ბედს,ერთი კი არა,ათი დიპლომი რომ ედოს უჯრაში,იმიტომ რომ… იმიტომ რომ,მერე გინდაც მოედანზე იყვირო,ვეღარავის გააგებინებ,მართალი თქვეს შენზე რაცა თქვეს,თუ მოგიგონეს”.
* * *
„დრო კი იცვლება,მაგრამ ადამიანი მაინც ადამიანად რჩება და ძნელი გასაგებია,რატომ უნდა იყოს ცუდი დღეს და ხვალ,რაც გუშინწინ კარგად ითვლებოდა”. – (ავტორი გენია.ჯი)