ამონარიდი ოთარ ჭილაძის რომანიდან – „ყოველმან ჩემმან მპოვნელმან”
„ბედს კი უთქვამს: ვინც მომიხმარს,წელიწადში ერთხელ ყველას კარზე შემოვჯდებიო,მაგრამ თქმა ერთია და სინამდვილე მეორე.უფრო სწორედ,ადამიანმა ათქმევინა ბედს,წელიწადში ერთხელ ყველას კარზე შემოვჯდებიო,მაგრამ გინდაც მართლა ასე იყოს,ამქვეყნად იმდენი კარია ბედის მომლოდინე,ხოლო წელიწადში იმდენად ცოტა დღეა,ძნელი დასაჯერებელია,ბედმა თავისი სიტყვის შესრულება შეძლოს,ყველა კარზე მოასწროს შემოჯდომა.მეორეც ერთი,როგორ უნდა შეამჩნიო შენს კარზე შემომჯდარი ბედის ფრინველი? ვინ რა იცის,როგორია, რა ფერისაა, დიდია თუ პატარა, უსტვენს თუ კაცის ენაზე ლაპარაკობს.რაა მისი გამოსაცნობი ნიშანი,სხვა ფრინველში რომ არ აგერიოს,წელიწადის რომელი დრო ურჩევნია მოსასვლელად,დღის რომელი ნახევარი და, რაც მთავარია,საერთოდ შეიძლება მისი დანახვა თუ ისიც უხილავია – სულივით,ოცნებასავით,იმედივით,ნატვრასავით? ასეა თი ისე,ადამიანს ბედისა სჯერა და ყოველთვის სჯეროდა,ყოველთვის მის მოლოდინში იყო და იმის ჩამოსათვლელად,თუ რამდენნაირი სახე მიუღია მას ადამიანის წარმოდგენაში,არც დრო ეყოფა და არც ქაღალდი.ბედი არსებობს იმდენად,რამდენადაც ადამიანს სჭირდება მისი არსებობა,თუნდაც მხოლოდ იმიტომ,მას რომ გადააბრალოს თავისი მარცხიცა და წარმატებაც და ამით უფრო ასატანი გახადოს საკუთარი არსებობა მეორე ადამიანისათვის.ადამიანი თავისივე გამოგონილ ბედს ემორჩილება და ეგუება.მაგრამ ეს სრულებითაც არ ნიშნავს იმას,რომ ბედთან შეგუება ადამიანის მთავარი თვისებაა.ეს უფრო იძულების შედეგია,არსებობის აუცილებლობითაა გამოწვეული და ამ თვისების შეძენის შემდეგ ადამიანის ჭეშმარიტი ბუნება იჩრდილება.ნაწილობრივ მაინც,რადგან ამ გადამრჩენელი თვისების შეძენა თავისთავად,უმტკივნეულოდ და უმსხვერპლოდ არ ხდება.ის ხანგრძლივი ყოყმანისა და დაუნდობელი სულიერი ბრძოლის ნაყოფია.ეს ბრძოლა კი ყველანაირი ბრძოლისაგან განსხვავდება,თუნდაც იმითაც,რომ აქ დამარცხებული იმარჯვებს,დათრგუნული და ჩაკლული იძენს სიცოცხლის უფლებას. „ეს ყოფილა ჩემი ბედიო”, – რამდენჯერ,რამდენ რამეზე უთქვამს ადამიანს და რამდენჯერ იტყვის კიდევ,რადგან რაც არ უნდა მძაფრად ჰქონდეს სიმარტოვის გრძნობა განვითარებული,ადამიანი მარტო არასოდეს არის,მარტო თავის თავს არასოდეს ეკუთვნის,იმ იმ რთული,მრავალფეროვანი,მრავალწახნაგოვანი და მრავალსახოვანი სხეულის ნაწილია,რომელსაც ცხოვრება ჰქვია და რომლისთვისაც,ბუნებისა არ იყოს,სულერთია,ვინ როგორ,ანდა,როდის შეეგუება მისგან დადგენილ წესსა და კანონს,საზღვრებსა თუ პირობებს”. – (ავტორი გენია.ჯი)