ამონარიდები ოთარ ჭილაძის გენიალური რომანიდან – „მარტის მამალი”
„საერთოდ,ადამიანი ჩვეულებრივია და ასეთიც უნდა იყოს – ჩვეულებრივი – ანუ, ცოტა გულადიცა და ცოტა მშიშარაც, ცოტა გულუხვიცა და ცოტა ძუნწიც, ცოტა კეთილიცა და ცოტა ბოროტიც, ცოტა ჭკვიანიცა და ცოტა ბრიყვიც, ცოტა ბედნიერიცა და ცოტა უბედურიც,რადგან ეს „ცოტა-ცოტაობა” აძლებინებს სწორედ - ბევრი ყველაფერი მავნებელია,ძალიანაც რომ უნდოდეს,ჩვეულებრივი ადამიანი ბევრს მაინც ვერ მოერევა, ვერც სიყვარულს, ვერც სიძულვილს, ვერც სიმდიდრეს, ვერც სიღარიბეს”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„კანონს ალბათ ერთეულები წერენ, მაგრამ ყოველთვის ის დაუწერელი კანონი მოქმედებს, რომელიც უმრავლესობას აძლევს ხელს”.
* * *
„ვისაც რა შეუძლია, იმით უნდა იცხოვროს. რომელიც პურს გაჭმევს, კარგი ხელობაც ისაა. ღმერთი აძლევს, კაცი იხმარს. ზოგი კარგავს, ზოგი პოულობს. ზოგი ინახავს, ზოგი იპარავს”.
* * *
„ქალი ძაღლზე უარესია, შვილო, არც თავისი ფასი იცის, არც კაცის გარჩევა, ოღონდ გათხოვდეს, ოღონდ შინ არ ჩაბერდეს, ოღონდ მეორე ქალს არ ათქმევინოს, რა სჭირს ამისთანა, არავის რომ არ მიჰყავსო და, სულერთია, გველს დაუწვება თუ კეთროვანს”.
* * *
„ადამიანი ბევრი რაღაცის ჯამია, ბევრი მუწუკისა, მეჭეჭისა, სურდოსი, და ვერაფერზე იტყვის უარს, თუმცა, უარი შეიძლება თქვას, მაგრამ მოშორებით ვეღარ მოიშორებს, რაც გაჩენის დღიდან გადახდენია თავს, რაც შეუძენია თუ შეუძენინებიათ, რაც ჩაუდენია თუ ჩაუდენინებიათ – გუშინდელმა ისევე უნდა აგოს პასუხი დღევანდელზე, როგორც დღევანდელმა – გუშინდელზე, ორივემ ერთად კი – ხვალინდელზე”.
* * *
„შიშის დაძლევა და ტკივილის მოთმენაა სწორედ ვაჟკაცობა, თორემ, არაფრის შიში თუ არა გაქვს და არავითარი გრძნობა არ გაგაჩნია, არც ადამიანი ყოფილხარ და, აქედან გამომდინარე, არავისთვის არავითარ ღირებულებას არ წარმოადგენს, გულადი იქნები თუ მხდალი”.
* * *
„ქალის გაბედნიერებული ღმერთმაც ვერ გააუბედურაო, თუმცა, ვეღარც ქალის გაუბედურებული გაუბედნიერებია ღმერთს”.
* * *
„მკვდრისთვის სიკვდილი იგივეა, რაც ცოცხლისთვის სიცოცხლე. ოღონდ, ზუსტად არავინ არ იცის, რომელი რომელია – იქნებ, სწორედ სიკვდილია სიცოცხლე, სიცოცხლე კი – სიკვდილი?!”
* * *
„სიცილი ღვთის წყალობით, ბევრნაირი არსებობს: უდროოც, ყალბიც, მწარეც, დამცინავიც, უაზროც, გიჟურიც, უმიზეზოც, უგულოც, ცივიც… ასე რომ, სიცილის არჩევაც შეიძლება, თუკი, რა თქმა უნდა, საერთოდ შეიძლება რაიმეს არჩევა, ერთხელ და სამუდამოდ. ვიდრე ცოცხლობ, ვიდრე ხარ; ძნელი სათქმელია, რადგან ადამიანი განუწყვეტლივ ირჩევს რაღაცას, მაგრამ იმდენად მერყევია მისი ბუნება, ისე მალე ეცვლება აზრი, შეხედულება თუ სურვილი – ბოლოს აღარაფერი შერჩება ხოლმე ხელში”.
* * *
„განა შეიძლება, ცხოვრობდე და დამნაშავე არ იყო, რამეში მაინც?! შეიძლება, ვინც არაფერს აშავებს, ის უფრო დამნაშავე აღმოჩნდეს ბოლოს”. – (ავტორი გენია.ჯი)