ამონარიდი ოთარ ჭილაძის რომანიდან – „ყოველმან ჩემმან მპოვნელმან”
„მართალია,ქაიხოსროს ისეთი სახლი ედგა,ურუქელებსაც და ურუქზე შემთხვევით ჩამოვლილ მგზავრებსაც კისრები ეღრიცებოდათ,თვალს ვერ აშორებდნენ,სანამ თვალთაგან არ მიეფარებოდა იგი,მაგრამ სიკვდილისაგან ვერც ეს სახლი გადაარჩენდა ქაიხოსროს,რადგან სიკვდილი იმიტომ იყო სიკვდილი,არაფერს რომ არ შეეძლო მისი შეჩერება,მოსვლითაც აუცილებლად მოვიდოდა და მოგნახავდა კიდეც,გვარი კი არა,კანიც რომ გამოგეცვალა.ამგვარი ფიქრებით შეძრწუნებულსა და და სასომიხდილ ქაიხოსროს თავისი ორსართულიანი,გალავანშემოვლებული და რკინის ალაყაფშებმული სახლიც ეჯავრებოდა და გვარიც,რომლისთვისაც სიკვდილისთვის გზა-კვალის არევის მიზნით შეეფარებინა თავი და ამით ერთხელ კიდევ გაპამპულებულიყო მხოლოდ,რადგან,როგორ უნდა დაეცვა იგი გვარს,როცა თავად გამქრალიყო,უკვალოდ გადაშენებულიყო, ცრუ შთამომავლის, ცრუ მემკვიდრის, ცრუპენტელას იმედზეღა დარჩენილიყო და ახიც იყო…
რამდენჯერ შეუძრწუნებია თვით ქაიხოსროც კი ადამიანის სიმკაცრესა და სიმძვინვარეს. რანაირი მკვლელობა არ უნახავს,რანაირი იარაღით არ კლავდა ხალხი ერთმანეთს – სიძულვილის, სიყვარულის, სილაჩრისა თუ სიბრიყვის გამო. ათი მცნება ხომ სხვა არაფერია,თუ არა ათი ძირითადი ადამიანური თვისების აღმოჩენა,ხოლო ადამიანობა – ამ ათი,ერთმანეთზე ძლიერი და ერთმანეთზე ძნელად მოსარეკი თვისების დათრგუნვისა თუ მიჩქმალვის ცდა. ადამიანი ყოველთვის კლავდა ანდა ეკვლევინებოდა საკუთარ ძმას,რადგან სწორედ ძმის,მისი მსგავსის,მისი ჩამონაჭერის არსებობა აღიზიანებდა ყველაზე მეტად,მაინცდანაინც ძმის ხელობა ეგონა თავისაზე სარგებლიანიცა და იოლიც,მაინცდამაინც ძმის ხელშენავლები ქალი ეჩვენებოდა ლამაზად, და დარწმუნებული იყო,უძმოდ უკეთესად მოიწყობდა ცხოვრებას,იმ ხელობას მოეკიდებოდა,რომელიც ძმის არსებობის გამო მისთვის მიუწვდომელი გამხდარიყო და იმ ქალს დაისვამდა ცოლად,რომლის გაბახებაც უკვე დაესრო ძმას. ეს ღმერთისაგან თავმოხვეული წყველა იყო და ერთადერთი გამოსავალი არსებობდა ამ წყევლისაგან გასანთავისუფლებლად: ყველაფერზე თვალის დახუჭვა, ყველაფერზე უარის თქმა,რაც თავისთავად შეუძლებელი იყო,რადგან ეს,ბოლოს და ბოლოს,საკუთარი არსებობის უარყოფამდეც მიიყვანდა კაცს,ძმის მკვლელობიდან – თვითმკვლელობამდე,რაც სრულებით არ არის საერთო ადამიანური თვისება და ღალატად,უმადურობად და უსინდისობადაც ითვლება. ასე გამოდის,რომ კაცი თავიდანვე გაეწირა ღმერთს. სიცოცხლე კი მიეცა მისთვის,მაგრამ იმ სიცოცხლის დაცვა თვითონ კაცისათვის მიენდო,რადგან უკეთესად იცოდა,რა ძნელი მოსავლელი და შესანარჩუნებელი იყო იგი,მით უფრო კაცისთვის,რომლის ნაზი არსებაც ნაზსა და მტკივნეულ ქსოვილში იყო გამოხვეული და რომელსაც წყალიც ადვილად ერეოდა,ცეცხლიც,მიწაცა და ჰაერიც.
ამ დროს კი,ქვეყანას მართლაც ფეხზე ეკიდა ქაიხოსროს განცდები. დრო შეუფერხებლად მიიწევდა წინ,კარადისხელა საათის ისრებით გამოთლილი და კარადისხელა საათის გუგუნით დადასტურებული. არავინ იცოდა,რა იყო წინ და, ამიტომაც, ყველანი ბრმად,ბრმად კი არა,რაღაცნაირი ძნელად ასახსნელი ხალისითა და მღელვარებით მიჰყვებოდნენ დროს,იდუმალებისაკენ,გაურკვევლობისაკენ.შეიძლება,არარსებულისკენაც,როგორც ბავშვები ეკლესიისკენ მიჰყვებიან უფროსებს ანდა სოფლის მოედნისაკენ,სადაც ქალაქიდან ჩამოსულმა მსახიობებმა წარმოდგენა უნდა გამართონ. მიწაც ძველებურად იღებდა ყველანაირ თესლს,მარადიული და იდუმალი,როგორც შობა და სიკვდილი; წარამარა იცვლიდა ჭრელაჭრულა კაბებსა და თავსაფრებს,ალბათ,ჩამსახველის მისაზიდად,მერე კი,იწვა და ისვენებდა ყელამდე ჩათბუნული თოვლის ცივსა და სპეტაკ ლოგინში,რათა ხელახლა მიეღო,გამოეტანა და მოეკლა”. – (ავტორი გენია.ჯი)