ამონარიდები ოთარ ჭილაძის დიდებული რომანიდან – „მარტის მამალი”
„გინდაც დედის ხმას ფლობდე და გინდაც უკვდავებას. სიკვდილი, არყოფნა მაშინ იწყება, როცა დედის ხმას დაივიწყებ, დაკარგავ, ანდა, როცა დედის ხმა თავისი ნებითა და სურვილით მიგატოვებს, მიგაგდებს, როგორც უღირსსა და უვარგისს. დედის ხმა იგივე ჯავშანია, ცეცხლში შეხვალ და გამოხვალ, წამწამი არ შეგეტრუსება, წყალზე გაგატარებს, ბეწვის ხიდზე გადაგიყვანს. ამ ხმის წყალობაა, როცა უნდა მაშინ რომ ანგრევს არარაობის ყრუ კედელს და როცა უნდა მაშინ რომ გამოყავს არარაობის წყვდიადიდან პირველი ნამით აბრჭყვიალებული, პირველი ფერებით მოხატული ქვეყანა – მისი სულის საძირკველი, მისი ოცნების კვარცხლბეკი, საფუძველი მისი საფუძვლისა, მისი მახსოვრობის პირველი ყულაბა”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„პატიოსნებაზე მეტი სიმდიდრე არც ღმერთსა აქვს და არც კაცსო, მაგრამ ღარიბი კაცისას არც პატიოსნებასა აქვს ფასი. ვის რად უნდა, ვის რაში ჭირდება, გინდაც ათჯერ პატიოსანი იყავი”.
* * *
„სტუმარი გიყვარდეს, გლახას არ დაემალო, ობოლს არ გაუწყრე, მშიერი დააპურე, შეციებული გაათბე, გვერდით დაისვი (ანდა – დააყენე) ცეცხლთან, ცოტა ჩაიჩოჩე, არა უშავს,ყველას გეყოფათ ადგილი. განიკითხე და განიკითხები. დედ-მამა დააფასე, გინდაც მიგატოვონ. მკვდრები არ დაივიწყო, რადგან შენც მოკვდები, შენც იქ ხარ მისასვლელი”.
* * *
„ღმერთთან სალაპარაკოდ, ყველას თავისი განსაკუთრებული, გასაიდუმლოებული ენა გააჩნია, სიცოცხლესავით მარტივი, პურივით აუცილებელი, სიკვდილივით უკიდურესი და სიყვარულივით გულუბრყვილო”.
* * *
„მზე ერთხელ ჯოჯოხეთსაც მიადგება”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„მკვდრის წინაშე ყველანი ქედს იხრიან, მტრებიცა და მოყვრებიც, რადგან იმათ მაგივრადაც მოკვდა იგი”.
* * *
„თუკი რაიმე აქვს ადამიანს საკუთარი, სიცოცხლეა, და რასაც უნდა, იმას უზამს თავის საკუთრებას, როგორც მოეპრიანება, ისე მოიხმარს”.
* * *
„იმედი დიდი ძალაა. ტყუილად კი არ არის ნათქვამი, იმედი ნუ მოგიშალოს ღმერთმაო, მაგრამ იმედამდე ჯერ იმის უნდა გჯეროდეს, რაღაცის შეცვლა რომ შეგიძლია, მერე – უნდა გეხალისებოდეს იმ რაღაცის შეცვლა და, რასაკვირველია, ძალაც უნდა მოგდევდეს იმ რაღაცის შესაცვლელად. მაშასადამე, იმედის მისაღებად, სამი რამ მაინც ყოფილა საჭირო: რწმენა, ხალისი და შნო”.
* * *
„ასეთია ბუნება კაცისა, ასეა ცხოვრება მოწყობილი: თითქოს სწვდები საწადელს, ცოლს შეირთავ, შვილს გააჩენ, ჰა და ჰა, თითქოს გაგიმართლებდეს ნაოცნებარი და სწორედ მაშინ შემართავს ხოლმე ბედისწერა უროს. ის კი, ადამიანი, მაინც იბრძვის, მაინც წვალობს, მაინც ფუტფუტებს ოცნების ნამსხვრევებში და ხელახლა აჩიტებს, ხელახლა აფრთიანებს ახალ ოცნებას, ერთხელ კიდევ რომ გაიწბილოს თავი. ამას ჰქვია ცხოვრება, ასე დაგვეკვება ღმერთისგან და ამის შეცვლა არ შეიძლება, რადგან ცხოვრება ან არის, ან არ არის, მისი შეცვლა მოსპობას ნიშნავს, ანუ, სიკვდილს, არაფერს”. – (ავტორი გენია.ჯი)