ივანე ვაზოვი – „ფიჭვი”
„ბუნების ცხოველმყოფელ ჟრიამულს სრულიად მოწყვეტილია გალავანშემოვლებული ძველთაძველი მონასტერი,რომლის ეზოშიც მუდამ სიმშვიდე და სამარისებული მყუდროება სუფევს. მონასტრის ეზოში უზარმაზარი ფიჭვის ხე დგას. მისი ზეატყორცნილი კენწერო მაღლა,ჭაღარა ღრუბელთა სამეფოში იკარგება. ფიჭვის გაშლილი ტოტები იდუმალებით მოსილ ფიქრებს მოუცავს. მისი ჩრდილი გადაფენია მონასტრის ეზოში ჩამწკრივებულ საფლავთა ბორცვებს. მოხუცებს ასეთი ახსოვთ ეს ხე ყოველთვის და არც წინაპრებისგან გაუგონიათ რამ მისი ახალგაზრდობის შესახებ. იქნებ წარსულის დიდების დღეთა მომსწრე იყოს ის და ახლა ტოტებგაშლილი იგონებდეს გარდასულ დღეთა გმირულ ამბებს. ხანდაზმულობას,ჟამთა სიავეს,გრიგალსა თუ ქარიშხალს,სულის შემხუთველ სიცხეს თუ სუსხიან ზამთარს ისე გადაუვლია მის თავზე,რომ ნირი ვერ შეუცვლია მისი ამაყი სახისა და ძლიერებისათვის. მაგრამ რაკი ფიჭვიც მიწიერი არსებაა,ბოლოს ვერც ის ასცდა ბედისწერის საერთო განაჩენს.
ერთ უკუნეთ ღამეში საშინელი გრიგალი ამოვარდა. სტიქიონმა შესძრა მთელი ბუნება. აკვნესდნენ მინდორ-ველები,ასწლოვანი ხეები შეტორტმანდნენ ტყეებში. ფიჭვს კიდევ დიდხანს მაღლა ეჭირა ზეცაში ამაყად ატყორცნილი თავი,მაგრამ გარშემო სულ უფრო და უფრო მძვინვარებდა სტიქიონი. ბოლოს ვეღარ გაუძლო გოლიათმა ხემ და მიწიდან ძირფესვიანად ამოგლეჯილი,ტოტებგაშლილი დაეცა დედამიწაზე. ველური სიბრაზით გამძვინვარებული გრიგალიც ჩადგა. დიდებული მსხვერპლისადმი პატივისცემით გამსჭვალული სტიქია გაინაბა,მიწყნარდა და გზა დაუთმო ზეცის ცრემლების დენას”. – (ავტორი გენია.ჯი)