ამონარიდი პაულ თომას მანის რომანიდან – „ავანტიურისტ ფელიქს კრულის აღსარება”
„სიყვარული, ძვირფასო ზუზუ, მხოლოდ შეყვარებულობაში როდი ძევს, სადაც ჩვენდა გასაოცრად, ერთი განცალკევებული სხეული მეორისთვის უსიამო აღარ არის. იგი ყველგან ტოვებს ნაზ ნაკვალევს, რაღაცით მიანიშნებს თავის არსებობას და ამ ქვეყანას ასე მოეფინება. როცა ქუჩის კუთხეში ატუზული მათხოვარი ბავშვი ამოგხედავთ და თქვენ არა მარტო ორიოდე გროშს მიაწვდით, არამედ ხელთათმანით შეუმოსავ ხელსაც არ მოარიდებთ და თმაზე გადაუსვამთ, თუმცა თმა შეიძლება ტილებით ჰქონდეს სავსე და თან თვალებში შესციცინებთ, მაშინ იმაზე უფრო ბედნიერი გააგრძელებთ გზას, ვიდრე აქამდე იყავით. და განა ეს სიყვარულის ნაზი ნაკვალევი არ არის? ერთი რამ მინდა გითხრათ, ზუზუ: ბავშვის ტილიან თმას შიშველ ხელს რომ გადაუსვამთ და ამის შემდეგ იმაზე უფრო ბედნიერად იგრძნობთ თავს, ვიდრე მანამდე იყავით, იქნებ ეს უფრო საკვირველი მაცნე იყოს სიყვარულისა, ვიდრე საყვარელი სხეულის ალერსია. მიმოიხედეთ ირგვლივ, ისე შეხედეთ ადამიანებს, თითქოს პირველად ხედავდეთ! ყველგან დაინახავთ სიყვარულის ნაკვალევს, მის მინიშნებებს, სიყვარულში გამოტყდომას განცალკევებულ, ერთიმეორის ხორციელების დამგმობ-უარმყოფელთაგან. ადამიანები ხელს ართმევენ ერთმანეთს – ეს ჩვეულებრივი, ყოველდღიური და ტრადიციული რამაა და შეყვარებულთა გარდა ამ დროს სხვა ფიქრი არც არავის მოსდის თავში, მხოლოდ ისინი ტკბებიან ამ შეხებით, რადგან მეტის უფლება ჯერ არ შეუძენიათ. სხვები ამ დროს არც არაფერს გრძნობენ, ვერც ხვდებიან, რომ ხელის ჩამორთმევაც სიყვარულმა დააკანონა, მაგრამ მაინც ასე კი იქცევიან. მათი სხეულები შორი-შორ დგანან, არც აპირებენ ერთმანეთთან მეტისმეტად მიახლოებას, ღმერთმანი, არა, მაგრამ რა დოსტანციაც არ უნდა დაიცვან, რა მკაცრადაც არ უნდა გაუფრთხილდნენ თავიანთ განცალკევებას, ერთმანეთს ხელს მაინც უწვდიან, უცხო ხელები ერთდებიან, ერთმანეთს ეკვრიან, ეჭდობიან და ეს ვითომ არაფერია, ჩვეულებრივი ამბავია, ამას რა მნიშვნელობა აქვსო, ასე ფიქრობენ და ასე ჰგონიათ. სინამდვილეში კი, კარგად თუ დავუკვირდებით, ხელის ჩამორთმევაც საოცრებათა სფეროს განეკუთვნება, ეს ბუნებისგან მოწყობილი პატარა ზეიმია თავისივე არსიდან გადახვევის გამო, ესაა უცხოსაგან უცხოსადმი ზიზღის დაძლევის მაგალითი, ეს ყველგან საიდუმლოდ მყოფი სიყვარულისგან დატოვებული კვალია”. – (ავტორი გენია.ჯი)