ამონარიდი ალვარო იუნკეს ნოველიდან – „ბულბულას ქომაგი გამოუჩნდა”
„ – თხუთმეტი შემისრულდა დღეს. თავი კი ოცდაათისა მაინც მგონია. მე ბავშვთა თავშესაფრიდან ვარ. იქიდან ერთმა ბებერმა ქალბატონმა გამომიყვანა და კინაღამ სული ამომხადა ჯოხის ცემითა და ლოცვებით. დავკარ ფეხი, გავექეცი და გამასწორებელ სახლში არ ამოვყავ თავი?! აქაც ჯოხით მომდგნენ! იქიდანაც გავიპარე. მაგათაც სახელი დაურქმევიათ რა – „გამასწორებელიო”! გამასწორებელი კი არა, „გამამრუდებელი” უნდა დაერქმიათ. ერთი დაგვალული, თავგასიებული დირექტორი გვყავდა, მგონი, მულატი იყო… გენერალივით იფხორებოდა. იმ კაცს რომ წესები ჰქონდა, ყაზარმის დისციპლინა იმასთან მოგონილია… ერთი სიტყვით, იმათაც დავუძვერ ხელიდან; ახლა დავდივარ ასე ბედის ანაბარა, სადაც დამიღამდება, იქ მითენდება. შიმშილიც გამოვცადე, სიცივეც, მუშაობის ყადრიც გავიგე, უმუშევრობისაც, სანაგვეც ბევრჯერ მიქექია. დღეს რომ ნეუკენეში ვარ, ხვალ მისიონესს დავუკრავ თავს.
- არ გიქურდია?
- მიქურდია?.. გააჩნია, რას ჩათვლით ქურდობად. პირდაპირ გეტყვით: როცა შიმშილი ძალიან შეგაწუხებს, პურის ნატეხს ან ვაშლს მოიპარავ, აბა რას იზამ. თქვენ რას იტყვით, ქურდობად ჩამეთვლება ეს? არა მგონია, ქურდობა იყოს… თუ ქურდობად ითვლება და, ეგრე გამოდის, რომ მიქურდია.
- მერე არ იცი, რომ ქურდობა დასაგმობი საქციელია?
- იცით, რას გეტვით, სენიორ, კაცს თუ თქვენნაირი მანქანა ჰყავს და თქვენსავით აცვია, მაშინ ადვილია…
- რა არის ადვილი?
- ჯობია, ენას კბილი დავაჭირო. სადილზე დამპატიჟეთ და, თუ ლაქლაქს მოვყვები, გაბრაზდებით და უსადილოდ დამტოვებთ. რომ იცოდეთ, როგორ მშია! გამტანჯა შიმშილმა, სულ ერთთავად ჭამა მინდა! სადაც სამართალია, ღარიბების შვილებს თავსაყრელად უნდა ჰქონდეთ საჭმელი. მართალს არ ვამბობ?
ეტყობა შეცდა ღმერთი…
- ღმერთის შეცდომა სად გაგონილა. გწამს ღმერთი?
- ცოდვა გამოტეხილი ჯობიაო, ნათქვამია. მაინცდამაინც ძალიანაც არა…
- მერედა, რატომაო ძმობილო?
- მე რა ვიცი! აბა ერთი შემომხედეთ. რა გულით უნდა ვიწამო ღმერთი! ღმერთი იმან იწამოს, ვისაც ყოველთვის აქვს საჭმელი”. – (ავტორი გენია.ჯი)