ამონარიდი ვოლტერის პროზაული ქმნილებიდან – „ბუნების საუბარი ისლანდიელთან”
„ – როგორც კი მცირეოდენი გამოცდილება შევიძინე, დავრწმუნდი ცხოვრების ამაოებასა და ადამიანთა უგუნურებაში, რომლებიც გამუდმებით ეომებიან ერთმანეთს ფუჭი ფუფუნებისა და უსარგებლო სიმდიდრის გამო; თავსაც იუბედურებენ და სხვებსაც აუბედურებენ; ყოველი ფეხის ნაბიჯზე მახეს უგებენ, სტანჯავენ და აწამებენ ერთიმეორეს და, ამრიგად, მით უფრო მეტად შორდებიან ბედნიერებას, რაც უფრო ხარბად მიილტვიან მისკენ.
ამ აზრებით აღძრულმა გადავწყვიტე ხელი ამეღო ყველა სურვილზე, არავისთვის მომებეზრებინა თავი, არავის შევცილებოდი სახელისა თუ სიმდიდრის მოხვეჭაში და მშვიდად და უჩინრად მეცხოვრა. რაკიღა ბედნიერების იმედი არა მქონდა, რადგან ეს საერთოდ აუხდენელი ოცნებაა კაცთა მოდგმისთვის, ერთადერთ საზრუნავად ის დავისახე, რომ ტანჯვისთვის მაინც გამერიდებინა თავი. არა, ისე არ გამიგოთ, თითქოს ან შრომაზე მეთქვას უარი, ან ოფლის ღვრაზე: თავადაც ხომ მოგეხსენებათ, რა განასხვავებს შრომას – ფუჭი ფუსფუსისაგან და უქნარობას – აუმღვრევლობისაგან.
ის იყო, ჩემი განზრახვის აღსრულებას შევუდექი, რომ მწარე გამოცდილებამ მაშინვე დამარწმუნა, რაოდენ ფუჭია იმაზე ოცნება, თითქოს შეიძლება კაცთა შორის იცხოვრო, ისე, რომ თუ გაღმა არ შეედავები, გამოღმა არ შემოგედავონ: არ მინდოდა სხვისი ბოროტი, სხვა გულბოროტმა მე არ დამინდო! ყველაფერს ვთმობდი, ყველას წინაშე უკან ვიხევდი, ყველაზე მცირეს ვჯერდებოდი; მერედა რა?! არამცთუ ვინმემ რამე დამითმო, ეს მცირედიც არ შემარჩინა.
მაშინ კი ბევრი აღარ მიფიქრია, სრულიად განვეშორე ადამიანებს, რომლებმაც საბოლოოდ მომაძულეს თავი და მარტოობა ვირჩიე განდეგილივით”. – (ავტორი გენია.ჯი)