სოკრატეს შესახებ…

გენიალურ ძველ ბერძენ ფილოსოფოსს – სოკრატეს (ძვ.წ.აღ-ით 470-399 წლები) დაბადებითვე თან დაჰყვა სულის უჩვეულო კეთილშობილება და საოცრად მოსიყვარულე გული, მაგრამ რაკი განგებამ აშკარად გასწირა და ხორციელი სილამაზის ნასახიც არ გაიმეტა მისთვის, როგორც ჩანს, სიყმაწვილეშივე გადაიწყვიტა ყოველგვარი იმედი და საბოლოოდ ირწმუნა, რომ არავინ არასოდეს შეიყვარებდა, ანდა, თუ შეიყვარებდა, ეს იქნებოდა მხოლოდ მეგობრული სიყვარული, ამ გრძნობას კი თავის მხრივ, ყველაზე ნაკლებად შესწევს უნარი სიყვარულით მფეთქავი გულის დაკმაყოფილებისა. (ავტორი გენია.ჯი) უჩვეულო გამბედაობით გამორჩეულს მშფოთვარე ეპოქაში მოუხდა ცხოვრება. უჩვეულო გამბედაობა კი, გამუდმებული ომებისა და ამბოხებების საუკუნეში, რასაც თან ერთვოდა ათენელთა აღვირახსნილობაც, – აუცილებელი იყო საიმისოდ, რომ თავის სამშობლოში საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის მიეყო ხელი. ეგეც არ იყოს, მისი უშნო და სასაცილო გარეგნობის გამო, ათვალწუნებული ჰყავთად თანამოქალაქეებს, იმ თანამოქალაქეებს, რომლებიც ენობრივადაც კი ოდნავ თუ ასხვავებდნენ ერთმანეთისაგან სიკეთეს და სილამაზეს, და ამასთანავე, ცნობილნი იყვნენ თავიანთი ავყიობითა და ბილწსიტყვაობით. ამიტომაც თავისუფალ, ერთთავად მოყაყანე და მოგნიასე, სიმდიდრითა და ფუფუნებით სავსე ქალაქში, სადაც გამუდმებით მძვინვარებდა შმაგი ვნებები, ხოლო ცხოვრება დუღდა და გადმოდიოდა, ღარიბ-ღატაკმა და უპოვარმა სოკრატემ, რომელსაც არც სიყვარულში სწყალობდა ბედი და არც საზოგადოებრივი მოღვაწეობისთვის ვარგოდა, მაგრამ დაჯილდოებული იყო უდიდესი ნიჭით, ფილოსოფიური საუბრები გაიხადა თავის ერთადერთ ხელობად, რომელშიაც გამოწვლილივით განიხილავდა თანამოქალაქეთა ქცევასა და ზნე-ჩვეულებებს, ხოლო ამ განხილვაში თავის ჩვეულ ირონიას აქსოვდა, რაც სავსებით ბუნებრივი უნდა ყოფილიყო იმ კაცისათვის, რომელსაც ბევრი რამ უშლიდა ხელს იმაში, რომ თუ შეიძლება ასე ითქვას, თავისი წილი მიეღო ცხოვრებისგან. და მიიღო კიდეც… სწორედ სოკრატე გახდა ის პირველი ადამიანი ისტორიაში, რომელმაც ციცერონის თმით – „ფილოსოფია პირველად ჩამოიყვანა ციდან და ქალაქის ქუჩებში დაამკვიდრა”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>