ამონარიდები პაულ თომას მანის რომანიდან – „ავანტიურისტ ფელიქს კრულის აღსარება”
„ძონძებში გამოხვეულ მათხოვარს თავისი არსებობით ისეთივე წვლილი შეაქვს სამყაროს ფერადოვან სურათში, როგორიც დიდკაცს უძევს, მორჩილად გაწვდილ ხელში მას მოწყალებას რომ უდებს და თან ზიზღით არიდებს ხელს, როგორმე არ მივეკაროო, და მათხოვარმაც იცის ეს; მას გაცნობიერებული აქვს ის თავისებური ღირსება, მისთვის რომ ურგუნებია წუთისოფლის გამრიგეს და გულის სიღრმეში არც უნდა რაიმე შეიცვალოს. მხოლოდ ბოროტმა წაქეზებამ შეიძლება აურიოს მას ტვინი, გაუქარწყლოს საკუთარი როლის სიმშვენიერის შეგრძნება და ტვინში ჩაუბეჭდოს აღმაშფოთებელი მონაჩმახი, თითქოს ადამიანები თანასწორნი იყვნენ. ადამიანები თანასწორნი არ არიან და მათ დაბადებისთანავე იციან ეს”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ცხოვრების სისაძაგლესა და სიმწარეს მხოლოდ საზოგადოების უმდაბლეს და უმაღლეს საფეხურზე მდგომნი შეიგრძნობენ. ამ ამბებში გამობრძმედილნი მხოლოდ მდაბიონი და სახელმწიფოს მესაჭენი არიან”.
* * *
„თამამად ვიტყვი, რომ დედა-შვილზე მომხიბლავი შეწყვილებული ხატება ამ პლანეტაზე არ არსებობს”.
* * *
„მაინც რას ფიქრობს ბუნება? არც არაფერს და, ეტყობა, არც ადამიანმა უნდა აიტკიოს თავი მასზე ფიქრით, თუმცა გაკვირვებით კი უნდა გაუკვირდეს მისი გულგრილობა”.
* * *
„დიახ, ღმერთის დაწესებულია განსხვავება მდიდარსა და ღარიბს, კეთილშობილსა და მდაბიოს შორის და გლახაკთა არსებობაც ასევე ღვთის ნებაა, მაშინ ხომ აღარ მოგვეცემოდა გულმოწყალების გამოჩენისა და ქრისტიანულ კეთილ საქმეთა კეთების საშუალება, დედამიწაზე სიღატაკე და გაჭირვება რომ არ არსებულიყო”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„სხვათა შორის, სითამამე არც სიმართლეს შეშვენის”.
* * *
„თურმე მე ყველაზე ადამიანური აზრი წამომცდენია, როცა მითქვამს, სიცოცხლე იმით მიზიდავს, მხოლოდ ერთი ეპიზოდი რომ არის-მეთქი, თურმე წარმავლობა სულაც არ აუფასურებს სიცოცხლეს, პირიქით, სწორედ ის მატებს ყოფიერებას ფასს, ღირსებასა და მომხიბლაობას”.
* * *
„ყოფნა კარგად ყოფნას არ ნიშნავს, იგი ჭირიც არის და ლხენაც”.
* * *
„დასასრულს უეჭველად თავისი დასაწყისი უნდა შეესაბამებოდეს”.
* * *
„ო, ადამიანი და ცხოველი საკმაოდ ენათესავება ერთმანეთს! თუ საქმე წარმოშობაზე მიდგა, ადამიანიც ისევეა წარმოშობილი ცხოველისაგან, როგორც ორგანული ბუნებაა წარმოქმნილი არაორგანულისგან. იოტისოდენა რაღაც წაემატებოდა და მორჩა”. – (ავტორი გენია.ჯი)