ამონარიდები თედორე დოსტოევსკის რომანიდან – „ყმაწვილი”
„არსებობს პირველი ადამიანი და არსებობს მეორე ადამიანი. პირველი ადამიანი გააკეთებს, მეორე კი აიღებს. მაშასადამე, მეორე ადამიანი გამოდის პირველი ადამიანი. ასეა თუ არა ეს?
- იქნებ ეგრეცაა, ოღონდ, ჩვეულებისამებრ, არ მესმის თქვენი ნათქვამი.
- მოითმინეთ. საფრანგეთში მოხდა რევოლუცია და ყველას თავი მოჰკვეთეს. მოვიდა ნაპოლეონი და ყველაფერი ხელთ იგდო. რევოლუცია – პირველი ადამიანია, ხოლო ნაპოლეონი მეორე ადამიანი. მაგრამ გამოდის, რომ ნაპოლეონი გახდა პირველი ადამიანი, ხოლო რევოლუცია – მეორე ადამიანი”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„თუ ვინმე ქადაგებს პატიოსნებას, თვითონაც პატიოსანი უნდა იყოს – აი ჩემი ლოგიკა”.
* * *
„ცოტა არ იყოს მოუთმენელია ახლანდელი ახალგაზრდობა, სულსწრაფია, ცხადია, აღარაფერს ვამბობ იმაზე, თუ რა ნაკლებ გაეგება სინამდვილისა; ეს გაუგებრობა ახასიათებს ყოველი დროის ყოველგვარ ახალგაზრდობას, მაგრამ ახლანდელს რაღაც განსაკუთრებით არ გაეგება”…
* * *
„ბევრი” არ ნიშნავს „ყველას”.
* * *
„ჭეშმარიტება სადღაც შუაში ძევს: ესე იგი, ერთ შემთხვევაში წმიდა ჭეშმარიტებაა, მეორეში კი – სიცრუე. მე მხოლოდ ერთი რამ ვიცი დანამდვილებით: რომ ეს აზრი კიდევ კარგა ხანს იქნება ერთ-ერთი უმთავრესი სადავო პუნქტი ადამიანებს შორის”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ჩვენს ყველაზე წესიერ საზოგადოებაშიც კი წააწყდები ადამიანებს, ვისაც სურთ იცრუონ, რათა გააბედნიერონ მოყვასი”.
* * *
„ჩემო მეგობარო, მუდამ აცალე ხოლმე ადამიანს ცოტა წაიტყუილოს – ამით ვის რა დაუშავდება. ბევრიც აცალე. ჯერ ერთი ამით გამოიჩენ ზრდილობას, მეორეც, სანაცვლოდ შენც გაცლიან ტყუილს – ერთბაშად ორი უდიდესი ხეირია”.
* * *
„კაცმა რომ თქვას, მართლაც საშინლად ბევრია თანამედროვე ადამიანი, რომელსაც ჩვეულების გამო, ისევ ახალგაზრდა თაობა ჰგონია თავი, რაკი ჯერ კიდევ გუშინ ასეთი იყო, და იმას კი ვერ ამჩნევს, რომ უკვე გარიყულია”.
* * *
„ – შენ რა ჰქნა, ჩემო კარგო? პატიოსანი იყავ, ნურასოდეს იცრუებ, არა ისურვო სახლი მოყვასისა შენისა. მოკლედ, წაიკითხე ათი მცნება: იქ სამარადისოდაა ჩაწერილი ყველაფერი”.
* * *
„გამიგონეთ, არაფერია იმაზე მაღალი, რომ სარგებლობა მოგქონდეს ადამიანს”. – (ავტორი გენია.ჯი)