გუსტავ ფლობერის „მადამ ბოვარი”-ს შესახებ…
„ავტორი ათასნაირად შეეცადა, მოეხმარა მისთვის ხელმისაწვდომი ყველა ლამაზი სიტყვა ამ ქალის ასაწერად. მაგრამ შეეცადა თუ არა ის ამასთან ერთად აეწერა მისი სულიერი სამყარო? სრულიადაც არა. გული? არა. მისი ჭკუა? ვაი, რომ არც ეს. მაშინ, იქნებ, მისი ფიზიკური მიმზიდველობა აწერა? ნურას უკაცრავად. ო, მე კარგად ვიცი, რომ ქალბატონი ბოვარის პორტრეტი ქმრის ღალატის შემდეგ მიეკუთვნება უბრწყინვალესი პორტრეტების რიცხვს. მაგრამ ეს პორტრეტი, უწინარეს ყოვლისა, ავხორცულია, მისი პოზები სურვილებს აღვიძებს, ხოლო ამ ქალბატონის სილამაზე გამომწვევი სილამაზეა… გარდა ამისა, მიჯნურები ავხორცობის უკიდურეს საზღვრამდე მიდიან!” – აღშფოთებით წარმოთქვა თავისი საბრალდებო სიტყვა პროკურორმა სასამართლო პროცესზე. (ავტორი გენია.ჯი) იმ სასამართლო პროცესზე, რომელზეც დიდი ფრანგი მწერლის – გუსტავ ფლობერის (18821-1880 წლები) ბრწყინვალე ლიტერატურული ქმნილებისათვის – „მადამ ბოვარი”, უნდა გამოეტანათ განაჩენი.
1856 წელს ფრანგული ჟურნალის – „პარიზის მიმოხილვაში” „მადამ ბოვარის” გამოქვეყნების შემდეგ ფლობერის რომანი სამართალში იქნა მიცემული საზოგადოებრივი მორალისა და რელიგიის შეურაცხყოფის ბრალდებით. მწერალს მხარდაჭერა გამოუცხადა არა მხოლოდ ლიტერატორებმა, არამედ თვით იმპერატორის მეუღლემაც კი. დედოფლის თხოვნაზე, როგორმე ეშუამდგომლა „მადამ ბოვარისათვის”, იმპერატორმა ცივი უარი ამ სიტყვებით განაცხადა: „ნუ მაწუხებთ ამ საქმეზე”. და საქმესაც მსვლელობა უმალ მიეცა… შედეგად, ფლობერს სასამართლოში გამარჯვების ყოველგვარი იმედი გადაეწურა. „მადამ ბოვარისათვის” განაჩენის გამოცხადების წინა დღეს, ფლობერმა თავის უახლოეს მეგობარს, დოქტორ – ჟიულ კლოკეს შემდეგი სახის ცინიზმითა და სატირული სარკაზმით გაჯერებული წერილი მისწერა: „ძვირფასო მეგობარო, გატყობინებთ, რომ ხვალ, 24 იანვარს, დილის ათ საათზე პატივი მექნება დავჯდე სკამზე, რომელიც გამასწორებელი პოლიციის სასამართლოს მეექვსე პალატაში თაღლითებისთვისაა განკუთვნილი. მანდილოსნები დაიშვებიან. ტანსაცმელი შესაფერისი უნდა მეცვას, გემოვნებიანი და სააღლუმე… მართლმსაჯულების იმედი არა მაქვს, ალბათ ყველაზე სასტიკ სასჯელს მომისჯიან, რაც ჩემი შრომისთვის სასიამოვნო გასამრჯელო იქნება, ლიტერატორისათვის კი ღირსეული წახალისება”…
…და მიუხედავად ყველაფრისა, მოხდა სასწაული, – „მადამ ბოვარი” სასამართლომ გაამართლა. გამარჯვებით განცვიფრებული ავტორი კი თავისას მაინც არ იშლიდა და საკუთარ უკმაყოფილებას შემდეგი მრავლისმეტყველი სიტყვით გამოხატავდა ხოლმე: „ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მომავალი მაშფოთებს, მაშ რაღაზე შეიძლება წერა, თუ ესოდენ უვნებელი, საცოდავი ჩემი ქალბატონი ბოვარი თმებით ისე წაათრიეს გასასწორებელ პოლიციაში, თითქოს ქუჩის ქალი ყოფილიყოს?” – (ავტორი გენია.ჯი)