საინტერესო ფაქტები ანტონიო სტრადივარიუსის ბიოგრაფიიდან…

„ის ხე, რომლისგანაც იგი თავის საუკეთესო ვიოლინოებს ამზადებს, – ნოეს კიდობანის ნამსხვრევებიაო”, – სრული სერიოზულობით აცხადებდნენ ერთნი. „ოქროს ხელების მქონეთაც კი არ ძალუძთ ხის ნაჭერს გამოაცემინონ ანგელოზების გალობის მსგავსი გამაოგნებელი ხმოვანება. როგორც ჩანს, ოსტატმა სული ეშმაკს მიჰყიდაო!” – ეჭვობდნენ ანტონიო სტრადივარიუსზე მეორენი.

1644 წელს, ლომბარდიის ოლქის ქალაქ კრემონაში, ალესანდრო სტრადივარიუსისა და ანა მორონის ოჯახში ქვეყნიერებას მოვლენილ – ანტონიო სტრადივარიუსს პატარაობიდანვე აღაფრთოვანებდა მუსიკა. (ავტორი გენია.ჯი) და როდესაც მან სიმღერის დაწყება სცადა, იმდენად ცუდად გამოუვიდა, რომ დაცინვის ობიექტადაც კი იქცა. მუსიკის გარდა ანტონიოს კიდევ ერთი გატაცება ჰქონდა ბავშვობაში: იგი ყოველთვის ატარებდა პატარა ჯიბის დანას, რომლითაც სხვადასხვა ფიგურებს ამზადებდა ხელში ჩავარდნილი ხის ტოტებისაგან. ამიტომაც ივარაუდა მისმა მშობლებმა, რომ თავიანთი ვაჟი ოდესღაც კარგი დურგალი დადგებოდა. მშობლების ვარაუდს ისიც ამყარებდა, რომ იმ პერიოდში სტრადივარიუსის მშობლიური ქალაქი კრემონა საუკეთესო იტალიელი დურგლების ყველაზე დიდ სამჭედლოდ იყო მიჩნეული.

ვიოლინოების დამზადების ერთ-ერთი უდიდესი იტალიელი ოსტატის – ნიკოლო ამატის სახელი ანტონიომ პირველად 11 წლის ასაკში გაიგო. ცნობისათვის, ნიკოლოს ბაბუამ – ანდრეა ამატიმ „კრემონული ვიოლინოების” მწარმოებელი საწარმო ჯერ კიდევ XVI საუკუნეში ააშენა კრემონაში და მას შემდეგ ამ საქმეს მისი შთამომავლები განაგრძობდნენ. ჯერ ნიკოლოს ვაჟიშვილები – ანტონიო და ჯიროლამო, ხოლო შემდეგ კი – ნიკოლო ამატი (ჯიროლამოს ვაჟი). სწორედ იმ პერიოდში გახდა ყმაწვილი ანტონიო ნიკოლო ამატის ერთ-ერთი „რიგითი” მოსწავლე. ამატების ოჯახში მიღებული წესის თანახმად, ის მოსწავლეები, რომელთაც სწავლის საფასურის გადახდის საშუალება არ გააჩნდათ, უფასოდ მუშაობდნენ „კრემონული ვიოლინოების” საწარმოში. შესაბამისად, ისინი ცოდნის დაუფლების სანაცვლოდ უფასო მომსახურებას უწევნენ ამატების საგვარეულოს. თავდაპირველად, სხვათა მსგავსად, სტრადივარიუსიც შავ სამუშაოს ასრულებდა: იგი ქარივით დაჰქროდა მზიანი კრემონას ქუჩებში და ნიკოლოს მიერ გატანებული უამრავი წერილი მიჰქონდა ხან ხის მასალის მიმწოდებლებთან, ხან მერძევეებთან, ხან ყასბებთან…

პირველი სერიოზული საქმე, რომელიც სტრადივარიუსს მისცეს, ვიოლინოს სიმების დამზადება იყო. თუმცა-კი, ეს არა მხოლოდ ვიოლინოს სიმების დამზადება, არამედ დიდი გზის ნამდვილი დასაწყისიც გახლდათ… ანტონიო ყოველდღიურად ხვეწდა თავის ოსტატობას და მოთმინებით ელოდა იმ დღეს, როდესაც იგი ყველა სხვა ოსტატზე უკეთ ჩასწვდებოდა საუკეთესო ვიოლინოების დამზადების საიდუმლოებას. პირველი ვიოლინო სტრადივარიუსმა 22 წლის ასაკში შექმნა. საყურადღებოა ის გარემოება, რომ ამატების საგვარეულო საწარმოში დასაქმებული ანტონიოს მიერ დამზადებული ვიოლინოები ბრენდირებული იყო, როგორც – „დამზადებულია ნიკოლა ამატისთან კრემონაში”. (ავტორი გენია.ჯი) ამ დროს კი სტრადივარიუსი უკვე ხვდებოდა, რომ მისი ოსტატობა სრულყოფას აღწევდა და საბოლოოდ, მისი მასწავლებლის მსგავსად, თავადაც გახდებოდა სახელგანთქმული ოსტატი. თუმცა, სტრადივარიუსმა თავისი პირველი სახელოსნო მხოლოდ 40 წლის ასაკში ყოფნის ჟამს გახსნა. იმავე პერიოდში იგი დაქორწინდა მდიდარი ვაჭრის ქალიშვილზე – ფრანჩესკა ფერაბოჩიზე. ამატისაგან განსხვავებით, შეკვეთები ანტონიოს ცოტა ჰქონდა. მაგრამ დროთა განმავლობაში არა მხოლოდ შეკვეთების რიცხვმა იმატა, არამედ მისი მოწაფეების რაოდენობამაც. იმატებდა სტრადივარიუსის მიერ დამზადებული ვიოლინოების ფასიც. მისი ქმნილებების დიდი ნაწილი 166 კრემონულ ლირად იყიდებოდა (დაახლოებით, 700 ამერიკული დოლარის ექვივალენტი). გავა კიდევ სამასი წელი და თითოეული ეგზემპლარი 4-5 მილიონ ამერიკულ დოლარად შეფასდება…

ის იყო, სტრადივარიუსი ბედნიერი სიბერისათვის მოემზადა, რომ კრემონაში შავი ჭირის საშინელმა ეპიდემიამ იფეთქა, რომელმაც თავის მხრივ, არ დაზოგა არც ბავშვი, არც ქალი, არც მოხუცი, არც მდიდარი და არც ღარიბი. დაიღუპა ათასობით ადამიანი. ამ უსაშინლესმა ეპიდემიამ სტრადივარიუსების ოჯახშიც შეაღწია და უდიდესი ტრაგედიაც დაატეხა თავს: საშინელი წამებით აღესრულა ანტონიოს სათნო მეუღლე – ფრანჩესკა და ხუთივე მათი შვილი.

თავს დატეხილმა უკიდურესმა უბედურებამ ანტონიო სასოწარკვეთილებაში ჩააგდო. მას შესძულდა ყველაფერი. მათ შორის მისივე ხელით დამზადებული ვიოლინოები, რომელთაც რამდენიმე ხნის წინ „თავის შვილებს” უწოდებდა. სასოწარკვეთილებიდან გენიალური ოსტატი მისმა ერთ-ერთმა შეგირდმა გამოიყვანა. იმ შეგირდმა, რომლის მთელი ოჯახი ემსხვერპლა შავ ჭირს და იმ შეგირდმა, რომელიც მოგვიანებით სტრადივარიუსმა შვილად აიყვანა.

სიცოცხლისაკენ შემობრუნებულმა სტრადივარიუსმა 60 წლის ასაკში სრულიად ახალი მოდელის ვიოლინო დაამზადა, რომელმაც სამარადჟამოდ უკვდავყო მისი სახელი. იმ პერიოდს ანტონიოს ბიოგრაფები – „სტრადივარიუსის ოქროს ხანას” უწოდებდენ, ხოლო მის მიერ დამზადებულ ვიოლინოებს კი ხალხი – „სუპერ-სტრადივარიუსებად” მოიხსენიებდა. გარდა ამისა, ოსტატმა მეორედაც იქორწინა. ამჯერად მისი რჩეული, ქვრივი ქალი – მარია ზამბელი იყო, რომელთან თანაცხოვრებაშიც ხუთი შვილი შეეძინა. მათგან ორი ვაჟი – ფრანჩესკო და ომობონო, სახელოვანი მამის მსგავსად, ვიოლინოების დამზადების ოსტატები გახდნენ.

ვიოლინოების შექმნაზე შრომისმოყვარე ანტონიო თავისი სიცოცხლის აღსასრულამდე, 93 წლის ასაკშიც კი მუშაობდა. ამბობენ იმასაც, რომ სტრადივარიუსი ძალიან ნაყოფიერად მუშაობდა და წელიწადში საშუალოდ – 25 ვიოლინოს ამზადებდაო.

1737 წლის 18 დეკემბერს ანტონიო სტრადივარიუსი მშობლიურ ქალაქ კრემონაში გარდაიცვალა. იგი დაკრძალული იქნა სან-დომენიკოს ბაზილიკაში. საყურადღებოა ის გარემოება, რომ ის საიდუმლოება, რომელსაც სტრადივარიუსი ვიოლინოების დამზადებისას იყენებდა, ანტონიომ საფლავში თან ჩაიყოლა, რითაც დაარღვია კრემონაში დამკვიდრებული წესი: მამას თავისი უფროსი შვილისათვის უნდა გადაეცა საგვარეულო საიდუმლოება. გენიალურმა კრემონელმა ოსტატმა კი, რატომთაც, თავისი საიდუმლო არც ერთ თავის შთამომავალს არ გაანდო. – (ავტორი გენია.ჯი)

ნიკოლა ამატი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>