ამონარიდი ირვინგ სტოუნის ბიოგრაფიული რომანიდან – „წყურვილი სიცოცხლისა”
„ – მუშაობა? ფუი, რა სისულელეა! რა ფასი აქვს ჩემს ნახატებს? ვის სჭირდება? ვინ იყიდის მათ? ან ვინ იქნება, რომ ერთი გამამხნევებელი სიტყვა მაინც წამოსცდეს, მითხრას, მშვენივრად დაგინახავს ბუნება და ლამაზად გადმოგიხატავსო!
- დრო მოვა და მთელი ქვეყანა იტყვის მაგას, ვინსენტ.
- დრო მოვაო! ზღაპარია ეგ! ისეთივე ზღაპარი, როგორც ის, რომ შეიძლება მე ჯანმრთელი კაცი გავხდე, მქონდეს ოჯახი, და მხატვრობა საარსებო წყარო იყოს ჩემთვის. რვა უსასრულოდ გრძელი წელია ვხატავ. ამ ხნის განმავლობაში ერთი კაციც არ მინახავს ჩემი ნახატის ყიდვა მონდომებოდეს. სულელი ვარ, აბა რა!
- მართალია, მაგრამ შენ სისულელეში იმდენი სილამაზეა! მას შემდეგ, როცა შენ აღარ იქნები, მთელი ქვეყანა გაიგებს შენს სათქმელს. ის ტილოები, რომელშიც ახლა ას ფრანკსაც არავინ გაძლევს, მილიონად გაიყიდება. ნუ იცინი, რასაც გეუბნები, სრული ჭეშმარიტებაა. შენი ნახატები ამსტერდამის, ჰააგის, პარიზის, დრეზდენის, მიუნჰენის, ბერლინის, მოსკოვისა და ნიუ-იორკის მუზეუმებს დაამშვენებნ. მათ ფასი არ ექნებათ, იმიტომ რომ არავინ მოისურვებს მათ გაყიდვას. შენს შემოქმედებაზე წიგნები დაიწერება, რომანები და პიესები შენს ცხოვრებას აღწერენ. თუკი სადმე ორი, მხატვრობის მიყვარული კაცი შეხვდება ერთმანეთს, ვინსენტ ვან გოგის სახელი წმიდათაწმიდა იქნება მათთვის”. – (ავტორი გენია.ჯი)