ამონარიდი სერგი ჭილაიას რომანიდან – „შვილები”
„ – რას ნიშნავს, მეგობრები? ესე იგი, მე შენი ხასა ვიყო? – ეს ისე გულდამწვარმა თქვა ძაბულიმ, რომ თავი ვერ შეიკავა და ქვითინი აუვარდა.
- მაოცებს შენი სიტყვები, ძაბუ. რას ნიშნავს ხასა? მე გითხარი, მეგობრები მეთქი. ასეთი მეგობრობა აუცილებელია, ცხოვრება ამას მოითხოვს.
ძაბული ისევ ცახცახებდა მთელი სხეულით და ერთი და იგივეს იმეორებდა:
- არა, მე არ ვიცი, რას ეძახით თქვენ მეგობრობას. მეგობრობა სწორედ ცოლ-ქმრობა უნდა იყოს, სწორედ მეგობრები არიან ბედნიერი ცოლი და ქმარი.
- არა, ძაბული, ცოლი ცოლია, მეგობარი კიდევ სხვა. ეს სულ სხვა გრძნობაა. მე გეტყვი გულწრფელად, ცოლ-ქმარნიც არიან მეგობრები, ოღონდ ამ მეგობრობას ანგარიში, ოჯახის შენახვის ანგარიში უდევს საფუძვლად. სიყვარულის ალი, რომელიც სულს ანათებს, სულ მალე ქრება ოჯახში.
- არ მესმის თქვენი სიტყვების აზრი. თუ ეს სიყვარულის ალი ასე წარამარა ქრება, მაშინ ის, ალბათ, შენ რომ მეგობრებს ეძახი და მე ხასებს, იმათ გულშიაც გაქრება. იმათ სულში, ვინც ქალს, როგორც სავაჭრო საგანს, როგორც ბაზარში გასაყიდად გამოტანილ ნივთს, ისე უყურებს, ოღონდ დაეუფლოს ამ ნივთს, ხელთ იგდოს იგი, დაიკმაყოფილოს თავისი ჟინი თუ წადილი და ამას სიყვარულს ეძახის, სიყვარულს. არა, ჩემო ნიკო, მე მეზიზღებიან ასეთი ადამიანები. არა მგონია, ამას სიყვარული დაერქვას. ამას ავადმყოფობას დავარქმევდი – გარყვნილებას, სიბილწეს, ყველაფერს, გარდა სიყვარულისა. ადამიანები არც არასოდეს მოისურვებენ ასეთი ავადმყოფური ცხოვრებით ეცხოვრათ. ამიტომაც სულ მალე ქრება ის სიყვარული, რომელიც შენ ხასობაში გინდა დაინახო. მე მძულს, მძულს ასეთი სიყვარული. მე მოვედი შენთან არა იმიტომ, რომ ხასა გავხდე შენი. არა, მე მინდა ოჯახი, მე მინდა ქმარი მყავდეს, ქმარი კანონიერი, შვილები და ვიყო დედა. და არა მალულად და ჩუმად ვეძლეოდე ვნებათაღელვას, რომ მხოლოდ ხორცმა გაიხაროს და ინებივროს. მე ასეთ ბედნიერებას უბედურებად ჩავთვლიდი და ნურც ნურასოდეს მოელი ჩემგან ამგვარ თანაგრძნობას. – ესა თქვა და მტკიცედ გაეცალა იქაურობას”. – (ავტორი გენია.ჯი)