ივან ოლბრახტი – „რა არის სამშობლო?”
„ – აბა, თქვენ… თქვენ ისეთი საზრიანი სახე გაქვთ. რა გქვიათ?
- რიგითი პაულ სომეცი.
- ნამსახური ჩანხართ, ასე არაა?
- დიახ, ასეა!
- გეტყობათ, ჰოდა, მითხარით, რიგითო პაულ სომეცო, მაშ რა არის სამშობლო?
- სამშობლო ის ქვეყანაა, სადაც დავიბადეთ.
- კართან მდგარი პორუჩიკი სიბრაზით შეიჭმუხნა და ჯარისკაცს რაღაცა ანიშნა. პან მაიორი კი თითქოს კმაყოფილი იყო.
- მაშ კარგი! ოღონდ, იცით, რიგითო ჯარისკაცო, სიტყვა „სამშობლოში” მე კიდევ სხვა რაღაცასაც ვგულისხმობ. არა, რაც თქვენ თქვით, სავსებით სწორეა, საწინააღმდეგოდ ვერაფერს ვიტყვი. ოღონდ, ჩემი აზრით, „სამშობლოს” ცნება არის სინთეზი ყველაზე უფრო მშვენიერის, ყველაზე ნათელის და ყველაზე უფრო ძვირფასის, რაც კი მაბადია. ჩვენი მამების ნაანდერძევი მიწაც, რომელსაც ვამუშავებთ, ხელობაც, მშობლებიც, ღირსებაც და საყვარელი ქალიშვილიც – ჩემთვის ყველა ეს „სამშობლოს” ცნებაში ერთიანდება. – პან მაიორს ეღიმება. – აი, თქვენ, რიგითო ჯარისკაცო, გყავთ საყვარელი ქალიშვილი?
- ვბედავ, მოგახსენოთ, მყავს!
- გიყვართ?
- მიყვარს.
- აი, ხედავთ? ვინმეს რომ თქვენთვის მისი წართმევა მოეწადინებინა, წყენა ან შეურაცხყოფა მიეყენებინა მისთვის, თქვენ, რასაკვირველია დაიცავდით, ხომ ასეა?
- ვბედავ, მოგახსენოთ – დავიცავდი!
- მშობლებსაც, დედას და მამას, მშობლიურ ველებსაც დაიცავდით, რასაკვირველია… ღირსება? გაქვთ ღირსება?
- დიახ, ასეა!
- რასაკვირველია, რასაკვირველია. აკი თქვენ ჯარისკაცი ხართ! ჰოდა, იცით, რა არის ღირსება, იცით?
- ვბედავ, მოგახსენოთ: ეს ისა, როცა ვინმე სალანძღავ სიტყვას მეტყვის…
- კარგი, ესე იგი, თუ ვინმე გაგლანძღავთ, ბრიყვს ან კიდევ სხვა რამეს გიწოდებთ – ეს კაცი, მაშასადამე, თქვენ ღირსებას შეურაცხყოფს, ასეა, არა? თქვენ კი, რა თქმა უნდა, თქვენს ღირსებას დაიცავთ?
- დიახ, ასეა!
- რა თქმა უნდა! ნამდვილი ჯარისკაცი მუდამ დაიცავს თავის ღირსებას… ახლა კი აბა, ერთხელ კიდევ მითხარით, რა არის სამშობლო?
- სამშობლო, ჩემი საყვარელი ქალიშვილია… ჩემი მშობლებია, ჩემი ხელობა და ჩემი ღირსებაა”.
P.S. (ამონარიდი ივან ოლბრახტის ნოველიდან – „სამშობლოს სიყვარული”. – ავტორი გენია.ჯი)