ამონარიდი მარიო ვარგას ლიოსას რომანიდან – „ვაცის ნადიმი”
„ – გაგიკვირდება, რასაც ახლა გეტყვი, ჭკუის კოლოფო, – წამოიძახა მანუელ ალფონსომ დრამატულად, – როდესაც ლამაზ ქალს, მეფურ მდედრს ვხედავ, ისეთს, გონებას რომ გიმღვრევს, საკუთარ თავზე კი არა, უფროსზე ვფიქრობ. დიახ, მასზე ვფიქრობ, ავგუსტინ. მოისურვებდა, მკლავები რომ მოეხვია და მიალერსებოდა? ეს არავისთვის მომიყოლია. არც უფროსისთვის. მაგრამ მან იცის. ჩემთვის ყოველთვის უპირველესი იყო, ამაშიც კი. და, არ დაგავიწყდეს, მე ქალები ძალიან მომწონს, ავგუსტინ. როგორ გგონია, მსხვერპლს ვიღებდი და ულამაზეს ქალებს ანგარების, კეთილგანწყობის ან სარფიანი საქმეების მოპოვების გამო ვუთმობდი? ასე ჰგონიათ მდაბიოებს, ღორებს. იცი, რატომ ვაკეთებდი? სიყვარულის, თანაგრძნობის, გულმოწყალების გამო. შენ შეგიძლია გაიგო, ჭკუის კოლოფო. მე და შენ ძალიან კარგად ვიცით, როგორი იყო მისი ცხოვრება. შრომა გათენებიდან გვიან ღამემდე, კვირაში – შვიდი დღე, წლიწადში – თორმეტი თვე. არასოდეს დაუსვენია. ის ზრუნავდა წვრილმანებზეც და მნიშვნელოვანზეც. ყოველწამიერად იღებდა იმ გადაწყვეტილებებს, სამი მილიონი დომენიკელის სიკვდილ-სიცოცხლე რომ იყო დამოკიდებული, XX საუკუნეში რომ შევეთრიეთ. მას უნდა ეფიქრა ამდენ განაწყენებულ, ფარისეველ, უმადურ დემონზე. განა, ასეთი მამაკაცი არ იმსახურებს შიგადაშიგ გული რომ გადააყოლოს? მშვენიერ ქალთან რამდენიმე წუთი რომ გაატაროს? ეს მისი ცხოვრების ერთ-ერთი მცირე კომპენსაციაა, ავგუსტინ. სწორედ ამიტომ, ძალიანაც ვამაყობ იმით, რასაც ჩემზე ამდენი გველგესლა ამბობს: „უფროსის მაჭანკალი”. დიახაც, რომ ვამაყობ, ჭკუის კოლოფო!” – (ავტორი გენია.ჯი)