„ტრაგედია გმირებით”
„ – სანამ ვიყოთ მშივრები, ბოთურია, – უთხრა ძაღლს. – მეტს ვერც შენ აიტან და ვერც მე. გაუშვი ბადეს პირი. სიტყვას გაძლევ, შორს არ წავალ. მალე დავბრუნდები, გაუშვი, ბოთურია, ბადეს პირი, – ეხვეწებოდა და თავზე ხელს უსვამდა.
ძაღლი გაკერპდა, არ უშვებდა პირს ბადეს. შეუღრინა, კბილები დაღრიჭა, გაავებული თვალით შეხედა.
ასე უშლიდა დედაც, ენგურზე სათევზაოდ არ უშვებდა, ძმაზე და შვილზე ცუდ სიზმარს რომ ნახავდა. ბიძამ იცოდა, დის სიზმარი ყოველთვის მართლდებოდა და იმ დღეს სათევზაოდ არ წავიდოდა. ბურდღუმაც იცოდა, დედის სიზმარი რომ მართლდებოდა.
იმ დღეს ისეთი ქარი ჩამოიჭრებოდა სვანეთიდან, ხეებს აწვენდა, მიწას ხვეტდა და ენგური ნაპირზე გამოჰქონდა.
ბურდღუმ მაინც არ დაუჯერა ძაღლს. არ დაუჯერა იმიტომ, რომ შიმშილით კუჭი უხმებოდათ. ბოთურია მაშინაც არ მოეშვა, ნავი ზღვაში რომ შეაცურა. შიგ ჩაუხტა, უყეფდა, თავის ენაზე ელაპარაკებოდა, არ წახვიდეო. ნავის ფსკერს ბრჭყალებით ფხოჭნიდა, შიგ არ უშვებდა, კბენით ემუქრებოდა.
ბურდღუმ მეტი ვეღარ მოუთმინა, ფერდში ნიჩაბი შემოჰკრა. გაბრაზებულმა ვერ მოზომა და ისე მაგრა შემოჰკრა, ძაღლი ტკივილისაგან დაიგრიხა, აწკავწკავდა, მაგრამ ნავიდან მაინც არ გადავიდა, ვიდრე ბურდღუმ ხელში არ აიტაცა, ნაპირზე არ მოისროლა, მერე ნიჩბები უცებ მოიმარჯვა, ღრმად და სწრაფად შეცურდა ზღვაში.
ბოთურია აღარ დადევნებია. იცოდა, ბურდღუ ნავში არ ჩაუშვებდა.
იმ დღეს შავი ღრუბელი ისევ ისე ეკიდა ცაზე.
ბოთურია სამად მოკეცილი იწვა ნაპირზე და როგორც ყოველთვის, პატრონის დაბრუნებას ელოდა, მოუთმენლად, ნერვიულად.
ბურდღუს დაბრუნების დროს დიდი ხნის გასული იყო, მაგრამ ნავი არ ჩანდა.
ძაღლი იწვა და უცდიდა. მხოლოდ გვერდს ინაცვლებდა.
ასე გაგრძელდა ორი დღე. მესამე დღეს ცა მოიწმინდა.
ძაღლი იწვა და უცდიდა. ისე დასუსტდა, გვერდს ვერ ინაცვლებდა.
ზღვა ცასავით კრიალა და ლურჯი იყო. ერთი ჭავლი არ ირხეოდა მის ზედაპირზე.
ძაღლს ახსოვდა, რა კარგად მოჩანდა მზიან ამინდში ნაპირისაკენ მომავალი ბურდღუს ნავი. ძაღლი დარწმუნდა, აღარასოდეს აღარ გამოჩნდებოდა ზღვაზე პატრონის ნავი.
ძლივს აითრია ტანი. ჯარგვლისაკენ ერთი კი მიიხედა და მერე მთლად დავარდნილი, ბანცალ-ბანცალით წავიდა ზღვისაკენ. სანამ შიგ შევიდოდა, ნაპირზე იქ შედგა, სადაც ბურდღუმ ნავი შეაცურა. თავი ასწია და აყმუვლდა, როგორც ყმუიან ძაღლები ურვის ჟამს.
სიწყნარე იდგა ნაპირზე. არ ირხეოდა ზღვა. მზის სხივებზე სარკესავით ელვარებდა მისი ზედაპირი. ხანდახან აქა-იქ წყლიდან თევზი ამოხტებოდა, გაიკრიალებდა მისი ჭრელად მოხატული ზურგი და თეთრი მუცელი, გაშხლარტუნდებოდა წყალი და კვლავ სიწყნარე ეფინებოდა ზღვას.
ძაღლი დაიქანცა. ყმუილი მიატოვა. ცრემლი ჩაუდგა თვალში. ნელა შევიდა ზღვაში და უღონოდ გაცურდა. მიცურავდა თავაწეული, მძიმედ და დიხანს, ღრმად რომ შეცურდა თავი წყალში ჩაჰყო.
ზღვა კვლავ ცასავით კრიალა და ლურჯი იყო. ერთი ჭავლი არ ირხეოდა მის ზედაპირზე. ხანდახან აქა-იქ წყლიდან თევზი ამოხტებოდა, გაიკრიალებდა მისი ჭრელად მოხატული ზურგი და თეთრი მუცელი, გაშხლარტუნდებოდა წყალი და კვლავ სიწყნარე ეფინებოდა ზღვას.
ნაპირზე ეულად მოჩანდა ჯარგვალი. არ ამოდიოდა სახურავიდან კვამლი.
ზამთარში ბურდღუ ყოველ დღე ჯარგვლის წინ მოტიტვლებულ მიწაზე საკენკს უყრიდა ჩიტებს.
პატრონის წაბაძვით ბოთურიაც უთმობდა მათ თავის საჭმელს. პირში რომ სცემოდათ, არ დაუყეფდა.
ახლა მშივრები ამაოდ ისხდნენ იმ მოტიტვლებულ მიწაზე. ირიბად აცეცებდნენ თვალს ჯარგვლისაკენ. უკვირდათ, რატომ არ იღებოდა და იხურებოდა მისი კარი, რატომ არ ამოდიოდა სახურავიდან კვამლი.
მაინც ისხდნენ იმ მოტიტვლებულ მიწაზე სიცივით მობუზულები, ბუმბულაყრილები და მძივებივით წვრილ თვალებს მაინც ჯარგვლისაკენ აცეცებდნენ”. – (ავტორი გენია.ჯი)
P.S. „ადამიანები იმისთვის მოდიან ამქვეყნად, რომ – სიყვარული ისწავლონ. ძაღლებს კი სიყვარულის გრძნობა დაბადებიდანვე მოსდგამთ თან და ამიტომაც არის, მცირეოდენი ხნით რომ ცოცხლობენ ამ ცოდვილ წუთისოფელში”.
P.S.S. აღნიშნული ამონარიდი ამოღებულია გრიგოლ ჩიქოვანის დიდებული მოთხრობიდან – „ეულად იდგა ჯარგვალი”.