ამონარიდები ხუტა ბერულავას მოთხრობებიდან…
„ – ადამიანებო, შეხედეთ მზეს და გაზაფხულის შემობრძანებას მშობლიურ მიწაზე! თვალი მიაპყარით, რა მოკრძალებითა და კდემამოსილებით ამოდიან მიწის მკერდიდან ენძელები და იები. არ გამოგეპაროთ მერცხლების მოფრენის პირველი დღე! გაიზიარეთ შორეთიდან დაბრუნებული ფრთოსნების სიხარული, როცა ისინი თავიანთ ბუდეებს უვნებელსა და ხელუხლებელს ხედავენ”. – (გაზაფხულის მზე და ამალოს კონცერტი) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ზოგი ისეთია, როცა გილხინს, ენით ნაკვერცხალს იღებს, გაჭირვებისას კი მგლის ყურს გამოიბამს”… – (ჭიკჭიკებდნენ მერცხლები)
* * *
„ისეთ საქმეს ვინ წამოიწყებს, ყველას მოეწონოს”. – (საახალწლო ნობათი)
* * *
„დედის სიყვარული ის წმიდათაწმიდა გრძნობაა, ურომლისოდაც ძეხორციელი არ არსებობს, ან კი ექნებოდა, აზრი მის არსებობას. არ მეეჭვება, ყვავილი რომ ყვავილია, ისიც დედური სიყვარულის ძახილს ამოჰყავს ხოლმე მიწის მკერდიდან”. – (სიზმარი)
* * *
„ადამიანთა სიცოცხლე შთამომავალთა და თანამემამულეთა ხსოვნაში გრძელდება მუდამ. თუკი კეთილ ხალხს დავივიწყებთ, ჩვენი კვალიც გაქრება”. – (ჩემი უმცროსი და)
* * *
„ღმერთმა ნუ ქნას, დედ-მამის სახელები დასამალი გაგვიხდეს. მაშინ, ალბათ, ცხოვრება არც ეღირებოდა ამ ქვეყანაზე”… – (საახალწლო ნობათი) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ხსოვნა სიცოცხლეს უდრისო”. – (სიზმარი)