ამონარიდი ლევ ტოლსტოის შედევრი-რომანიდან – „აღდგომა”

„საქმიდან ჩანდა, რომ ეს ყმაწვილი მამამისმა სამუშაოდ ჩააყენა თამბაქოს ქარხანაში, სადაც ხუთი წელიწადი დაჰყო. წელს ქარხნის პატრონსა და მუშებს შორის მომხდარი უსიამოვნების გამო დაითხოვეს ქარხნიდან. ამის შემდეგ უმუშევრად დადიოდა. ჰყიდდა უკანასკნელ ტანსაცმელს და ლოთობდა. სამიკიტნოში მან გაიცნო მასზე ადრე სამუშაოდან დათხოვნილი გალოთებული ზეინკალი, რომელთანაც ერთად ღამე წავიდნენ მთვრალები, გატეხეს ბოქლომი, გააღეს საწყობი და წაიღეს პირველი ნივთი, რაც ხელში მოხვდათ. ისინი შეიპყრეს, მათ თავი დამნაშავედ სცნეს, და ჩასვეს საპატიმროში, სადაც ზეინკალმა გასამართლებამდე ვერ გაძლო და გარდაიცვალა. ყმაწვილს კი, როგორც საშიშ პიროვნებას, რომლისგანაც დაცულ უნდა იქნეს საზოგადოება, დღეს ასამართლებდნენ.

ისეთივე საშიში პიროვნება არის, როგორც გუშინდელი დამნაშავე, – ფიქრობდა ნეხლიუდოვი, როცა ისმენდა ყველაფერს, რაც ხდებოდა მის წინ. – ესენი საშიშნი არიან, ჩვენ კი არა?.. მე – გარყვნილი, მეძავი, მატყუარა, და ყველანი ჩვენ, ყველა ის, ვინც მიცნობს, როგორიცა ვარ, და არათუ არ ვეზიზღები, პატივსაც კი მცემს, განა ყველანი ჩვენ საშიშნი არა ვართ? კიდევაც რომ აქ დამსწრეთა შორის ეს ყმაწვილი ყველაზე უფრო საშიში პიროვნება იყოს, იმ შემთხვევაშიაც, საღი გონების მიხედვით, როგორ უნდა მოვეპყრათ მას – ცთომილს?

ხომ ცხადზე უცხადესია, რომ ეს ყმაწვილი, თითქმის ბავშვი, არავითარ განსაკუთრებულ ავაზაკს არ წარმოადგენს. პირიქით, სრულიად ჩვეულებრივი ადამიანია, – ეს აშკარაა ყველასთვის, – მაგრამ გარდაიქცა იმად, რაც დღეს არის პირობათა ზეგავლენით, რომელნიც ქმნიან ასეთ ადამიანებს. ამიტომ, ამისთანა ყმაწვილები რომ აღარ ევლინებოდნენ საზოგადოებას, საჭიროა ყოველი ღონის ხმარება იმ პირობების მოსასპობად, რომელნიც წარმოშობენ ამდაგვარ გაუბედურებულ არსებებს.

ჩვენ კი რა ზომებს ვიღებთ? გაებმის თუ არა რომელიმე ასეთი ახალგაზრდა რაიმე საქმეში, ვტაცებთ ხელს და, თუმც ვიცით, რომ ათასი ამისთანა თავისუფლადაა, ჩავსვამთ საპატიმროში, სადაც ან სრული უმოქმედობის, ან არაგონივრული და არაჯანსაღი შრომის პირობებია დამყარებული. ამას ზედ ერთვის კიდევ ის, რომ ასეთ ყმაწვილს გამოვავმწყვდევთ მასავით ზნეობრივად შებღალულ და გზასაცდენილ პირებთან. შემდეგ კი ასეთ ყმაწვილებს უგახრწნილეს ადამიანებთან ერთად ვაგზავნით სახაზინო ხარჯით მოსკოვის გუბერნიიდან ირკუტსკის გუბერნიაში.

იმ პირობების მოსასპობად, რომელნიც წარმოშობენ ასეთ პირებს, არათუ არაფერს არ ვაკეთებთ, ვეხმარებით და ვაქეზებთ კიდეც იმ დაწესებულებებს, რომელნიც ქმნიან მათ. ყველასათვის ცნობილია ეს დაწესებულებანი: ქარხნები, საქარმოები, სახელოსნოები, რესტორნები, სამიკიტნოები, საროსკიპო სახლები. არამცთუ არ ვსპობთ ასეთ დაწესებულებებს, ვაძლიერებთ და ვაწესრიგებთ მათ, როგორც აულილებლად საჭირო რამეს.

ვქმნით და ვზრდით ასე არა ერთს, არამედ მთელ ხალხს – მილიონებს, და მერე დავიჭერთ ერთ მათგანს და ვფიქრობთ, რომ რაღაც გავაკეთეთ, უზრუნველვყავით ჩვენი თავი და საზოგადოება, და მეტის მოთხოვნაც ჩვენგან არ შეიძლება, რადგან გავაგზავნეთ ასეთი ავაზაკები მოსკოვიდან ირკუტსკის გუბერნიაში. ნერვების რაოდენი დაძაბვაა საჭირო ასეთი თვალთმაქცობისათვის, – განაგრძობდა ფიქრს ნეხლიუდოვი და ათვალიერებდა ამ უზარზარ დარბაზს, ამ სურათებს, ლამპებს, სავარძლებს, მუნდირებს, სქელ კედლებს; წარმოიდგინა მთელი ამ შენობის სიდიადე და გაცილებით კიდევ უფრო მეტი სიდიადე მთელი ამ დაწესებულებისა, მისი მოხელეების, მწერლების, დარაჯების, შიკრიკების მთელი არმიით, და არა მხოლოდ აქ, არამედ მთელ რუსეთში, არმიით, რომელიც ღებულობს ჯამაგირს ამ ყველასათვის გამოუსადეგარი კომედიის შესრულებისათვის. – რა იქნებოდა, ერთი მესამედი ამდენი ენერგიისა რომ მიგვემართა იმ უყურადღებოდ მიტოვებულ არსებათა დასახმარებლად, რომლებსაც ჩვენ ვუყურებთ როგორც მხოლოდ ჩვენივე მშვიდობისანობისა და კეთილდღეობისათვის საჭირო ხელებსა და სხეულს. რომ თავის დროზე გამოჩენილიყო ისეთი ადამიანი, რომელსაც შეებრალებოდა ეს ბავშვი მაშინ, როდესაც ის გაჭირვების გამო მიჰყავდათ სოფლიდან სამუშაოდ ქალაქში, და დახმარებოდა მას, – ფიქრობდა ნეხლიუდოვი და მისჩერებოდა დამნაშავის სკამზე მჯდომი ყმაწვილის დაავადებულსა და შეშინებულ სახეს, – ან თუნდაც მაშინ, როცა ქალაქში, 12 საათის გამუდმებული მუშაობის შემდეგ, ამხანაგების მიერ შეგულიანებული ის მიდიოდა ქარხნიდან პირდაპირ სამიკიტნოში, აი, მაშინ რომ გასჩენოდა ისეთი კეთილი დამრიგებელი, რომელიც ეტყოდა: „ნუ მიდიხარ, ვანია, არ ვარგა ეგ”, – ვანია არ წავიდოდა, არ იხეტიალებდა და ცუდსაც არაფერს ჩაიდენდა.

მაგრამ მთელი იმ ხნის განმავლობაში, რაც ეს ყმაწვილი, სოროდან გამოყვანილი პატარა ნადირივით, ცხოვრობდა ქალაქში ხელოსნობის შესასწავლად და მოკლედ თმაგაკრეჭილი, რათა ტილები არ დასეოდა, დარბოდა ხელოსნების დავალებით საყიდლებზე, მას არ გასჩენია ისეთი გულშემატკივარი ადამიანი, რომელიც შეიბრალებდა. პირიქით, ყველაფერი, რაც რამ ქალაქში გაუგონია ოსტატებისაგან ან ამხანაგებისაგან, მას იმ რწმენას უნერგავდა, რომ ყოჩაღია ის, ვინც უფრო იცრუებს, ვინც მეტს დალევს, ვინც უფრო უხამსად იგინება, ვინც უფრო მაგრად სცემს ვინმეს, ვინც უფრო გარყვნილია.

როდესაც ეს ყმაწვილი, აუტანელი მუშაობით დაავადებული, ზნეობრივად ზნედაცემული, გალოთებული, გარყვნილი, გათავხედებული და გამოლენჩებული უაზროდ დაეხეტებოდა ქალაქში და თავის სიბრიყვით შეძვრა ვიღაცის საწყობში და გამოათრია იქიდან გამოუსადეგარი ჩულები, ჩვენ, საკმაოდ მდიდრები და განათლებულები, იმ პირობათა მოსპობას კი არ ვცდილობთ, რომლებმაც ეს ყმწავილი ამ მდგომარეობამდე მიიყვანეს, საქმის გამოსწორებას ვლამობთ იმით, რომ სასტიკად ვსჯით მას.

საშინელებაა! არ იცი, რომელი სჭარბობს ამ შემთხვევაში – სისასტიკე თუ სისულელე. მაგრამ, მგონი, ერთიცა და მეოერც მიყვანილია უკიდურეს დონემდე”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>