ამონარიდი ლეონჰარდ ფრანკის მოთხრობიდან – „ჯარისკაცის ქვრივი”

„ყური მიგდეთ. უპირველეს ყოვლისა, სიმართლე უნდა ვთქვათ. ჩვენ იგი დაგვავიწყდა. იმაზე თავს არ ვიწუხებდით, გვეფიქრა, რა იყო კარგი და რა – ცუდი. საერთოდ, არაფერზე არ ვფიქრობდით. ისე ვცხოვრობდით, რომ ჩვენს გარშემო ბოროტებას დაესადგურებინა და ჩვეულებრივ ამბად ქცეულიყო. არავის გვაოცებდა, რომ სწორედ ბოროტება, ეგოიზმი, მოძალადეობა, უფლება, წარმატება, ფული და ავტორიტეტი გახდა ყველაზე ღირსეული მიზანი ადამიანის ცხოვრებისა. ევროპელთათვის ბუნებრივად ქცეულ სწრაფვას მკვლელობებისაკენ მოჰყვა ის, რომ ადამიანებს ღირსებისა და გმირობის საქმედ მიაჩნიათ ერთმანეთის კვლა.

ყველანი მხოლოდ იმას ვისწრაფოდით, უფრო დიდი წარმატებისათვის მიგვეღწია. იმაზე არ ვფიქრობდით, რომ ამითი სულს ვიღუპავდით. არც ის გვაგონდებოდა, ჩვენი მახლობლებიც რომ ჩვენისთანა ადამიანები არიან. ამიტომა ვართ განწირულნი ტანჯვისა და სიღატაკისათვის. თქვენც ჩემსავით პატივს სცემდით მოძალადეებს, მაღალი თანამდებობის პირთ, მომხვეჭელებს, აღტაცებული შესცქეროდით მათ საქციელს. გვეამაყებოდა, ჩვენს მიერ ცუდად აღზრდილი ჩვენი შვილები სახოტბო სიმღერებს რომ მღეროდნენ ბრძოლებსა და მკვლელობებზე. ვზეიმობდით, ყოვლისშემძლე ხელისუფალთ ჯარები სალაშქროდ რომ დასძრეს. პირველი გამარჯვებით გახარებულნი ცაში ვფრინავდით, იმაზე კი არ ვფიქრობდით, რომ მარტო ერთი ციხის აღებას ორმოცდაათი ათასი კაცი შეეწირა. თითქოს კანონზომიერი იყო მათი დაღუპვა, რადგან ეს საოცარი დანაშაულებრივი მოძალადეობა ყველაზე ქვებუდანებს კიდევ მეტ წარმატებას აღუთქვავდა, მქონებელთ – უფრო მეტ სიმდიდრეს, რადგან ჩვენ თვითონაც მივისწრაფოდით მხოლოდ წარმატების, სიმდიდრის, ხელისუფლებისაკენ. და ამ სწრაფვას პატრიოტიზმს ვეძახდით. ჩვენცა ვართ დამნაშავენი ომის დაწყებაში. ჩვენც მკვლელები ვართ, ცოდვებისაგან უნდა განვიწმინდოთ.

მხოლოდ მაშინ გვექნება უფლება, მშვიდობა მოვითხოვოთ, როცა ასე უდარდელად და განუსჯელად, როგორც აქამდე ვიქცეოდით, არ შევასრულებთ ჩვენს მოვალეობას. მხოლოდ მაშინ მივაღწევთ მშვიდობას დედამიწაზე, როცა ცხოვრების საფუძვლად აღარ ჩავთვლით დიდ სიყალბესა და მოჩვენებით ღირებულებას, აღარ ვიქნებით უსულგულონი და ჩვეულებისამებრ, ავტომატებივით აღარ ვიმოქმედებთ, ადამიანებად ვიქცევით და ჩავწვდებით აზრს ამ სიტყვისა: „ნუ იქმ ავსა, წინ დაგხვდება”. – ეს ბუნების ურყევი კანონია.

ჩვენ მთლად გავღატაკდით. თვისტომის ჩაგვრის წყალობით გამდიდრებისაკენ, მომხვეჭელობისა და დაგროვებისაკენ სწრაფვამ მიიყვანა დღეს ევროპელი იქამდე, რომ ერთმანეთს ხოცავს. აი, რამ გვაქცია ღატაკებად. ევროპელს დაენგრა სულის ტაძარი, ამიტომ უნდა ოფიცრობა, მებირჟეობა, ამიტომ გახდა ხარბი და უხეში, ამიტომ ქურდობს, იწყებს ომს, გარიგებებს აწყობს, უფრო გერგლიანებს აიძულებს მისთვის იმუშაოს. ხალხის დიდ უმეტესობას ერთი წუთიც კი არ რჩება თავის თავზე იმუშაოს. ამ მოტყუებულ, საცოდავ ადამიანებს იმისი უნარიც კი არ შესწევთ, რომ ირწმუნონ ადამიანური ძმობა”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>