ამონარიდი ნიკო ლომოურის მოთხრობიდან – „აღარა ეშველება რა”
„ეს წყეული საღამო, კუდიანების ღამეს რომ იტყვიან, სწორედ იმასა ჰგავდა. ამისთანა შემთხვევაში ქართველი კაცი ამბობს ხოლმე: ცასა და დედა-მიწას ისეთი ამბავი აქვთ, რომ ძაღლიც კი არ გაიგდება კარზედაო… თვით ადამიანი ხომ, რაღა თქმა უნდა, უფრო მეტად მოერიდებოდა ამისთანა ამინდში გარეთ სეირნობას! მართლაც-და, ბევრი რომ აქეთ-იქეთ გეცქირათ, ჭაჭანებითაც ვერავის ვერ დაინახავდით ქუჩაში, სადაც ბურთი და მოედანი ლაფებსა და ქარიშხალს დარჩენოდათ. შეშინებული ადამიანები თავთავიანთ სახლებში შემალულიყვნენ… ხელ-მოკლე საცოდავი კაცი, ცხადია, ვერც თავის უბადრუკ ქოხმახში გადაურჩებოდა ამ ღამის სავაგლახო გავლენას, ამ ქვეყნის ბედნიერებაზედ კი, რასაკვირველია, ამის თქმა არ შეიძლება. რას დააკლებს ამ გვარი ღამე, და გინდ ამაზედ უარესიც, შეძლების მქონე ადამიანს: იმისთანა კაცს, რომელსაც რამდენიმე სუფთა და ლაზათიანად მოწყობილი ოთახები უდგია, დოვლათი ბანში ამოსდის და ჯიბე აბაზებით აქვს სავსე? შეიკეტავს ის კარებს, ხმელი შეშით გამოავსებს ბუხარს და განცხრომით წამოწვება რბილ მუთაქებიან ტახტზედ. გამხიარებული ბუხრის ლაპლაპი, მისი სასიამოვნო გუგუნი და მარდი ტკაცა-ტკუცი სრულიად დაჰფარავენ იმ ჯოჯოხეთურ საშინელებას, რომელსაც ატრიალებს სახლს გარეთ გაონავრებული ბუნება. ამისთანა კაცს ბუნება დამორჩილებული ჰყავს, მისი ბატონი და მბრძანებელია!.. ახ, რა კარგი იქნებოდა, რომ ამ ჩვენს ცოდვილ დედამიწაზედ ყოველი ადამიანი ასეთი იყვეს, ამ ნაირათა სცხოვრობდეს!.. საუბედუროდ, კაცობრიობის და მასთან ჩვენი ხალხის უმრავლესობისათვის ამისთანა მდგომარეობა მხოლოდ საოცნებო, სანატრელი საგანია”. – (ავტორი გენია.ჯი)