ამონარიდი უილიამ სომერსეტ მოემის რომანიდან – „მთვარე და ექვსპენიანი”
„ახალგაზრდობა ახალ, ჩვენ დროს არარსებულ კერპებს სცემს თაყვანს და უკვე აშკარად ჩანს გზა, რომელსაც ჩვენს შემდეგ მოსულები დაადგებიან. დაუდეგარი და საკუთარ ძალაში დარწმუნებული ახალგაზრდები მოკრძალებით აღარ აკაკუნებენ კარზე. ისინი ძალით შემოცვივდნენ ჩვენს ბინაში, ადგილიდან წამოგვყარეს და თვითონ მოიკალათეს ზედ. მათი ღრიალისაგან ყურთასმენა აღარ არის. ზოგი მოხუციც აჰყოლია ახალგაზრდების მანჭვა-გრეხას და ცდილობს, საკუთარი თავი დაარწმუნოს, ჩემი დრო ჯერ არ წასულაო. ისინი ცდილობენ, ყვირილში აჰყვნენ ახალგაზრდებს, მაგრამ ომახიანი ყიჟინის ნაცვლად ულაზათო ღრიალი ამოსდით პირიდან. ისინი იმ ბებერ როსკიპებს ჰგვანან, ფერუმარილით, ჭიაფერათი და ახალგაზრდული ცუნდრუკით რომ ცდილობენ თავი მოიტყუონ – ჩვენი გაზაფხული ჯერ არ წასულაო. უფრო ჭკვიანები მორიდებით, მაგრამ ჯიუტად აგრძელებენ თავიანთ გზას. მათ თავშეკავებულ ღიმილში დაცინვაც იგრძნობა და მიტევებაც, რადგან ახსოვთ, რომ ასევე გადათელეს უფროსი თაობა, რომელსაც უკვე მოყირჭებული ჰქონდა ამქვეყნიური სიტკბოებანი. ზუსტად ასეთივე ყვირილითა და დაცინვით დაასამარეს ისინი და, რაღა თქმა უნდა, მომავალში ამ თამამ მეჩირაღდნეებსაც მოუწევთ ადგილის დათმობა უკანმავალთათვის”. – (ავტორი გენია.ჯი)