შარლ პიერ ბოდლერი – „ძაღლი და ფლაკონი”
„ჩემო პატარა გოშიავ, ჩემო ლამაზო, ჩემო ცუგრუმელავ, მომიახლოვდი, დაგაყნოსვინო სურნელება ამ ნელსაცხებლის, ქალაქის საუკეთესო პარფიუმერთან რომ შევიძინე”.
ძაღლი კუდის ქიცინით მომიახლოვდა, რაც ჩემის ვარაუდით, ამ საბრალო არსებაში შეესაბამება ღიმილს თუ სიცილს და ცნობისმოყვარედ მიადო სველი დრუნჩი თავღია ფლაკონს; შემდეგ უეცრად უკანვე გახტა შეშფოთებული და თითქოს მყვედრისო, ყეფა ამიტეხა.
„ო, უკუღმართო ძაღლო! ნაგვის ფუთა რომ მომეცა შენთვის, სიამით დაჰყნოსავდი და შესაძლოა შეგესანსლა კიდეც. ასე, რომ ჩემი ნაღვლიანი ცხოვრების უღირსო მეგობარო, შენ ბრბოს ჰგავხარ, რომელსაც სათუთი არომატები როდი უნდა მიართვა – რაც მას აღიზიანებს, – არამედ კარგად შერჩეული უწმინდურება”. – (ავტორი გენია.ჯი)