ამონარიდი თედორე დოსტოევსკის რომანიდან – „მკვდარი სახლის ჩანაწერები”
„გვხვდება და საკმაოდ ხშირადაც, მკვლელის ასეთი ტიპი: ცხოვრობს კაცი წყნარად და მორჩილად, მწარე ხვედრს ითმენს. ვთქვათ, გლეხია, შინაყმა, მეშჩანი ან ჯარისკაცი. უცებ აიწყვიტა; აევსო მოთმინება და თავის მტერსა და შემვიწროვებელს დანა ჩასცა. სწორედ აქ იწყება უცნაურობა, ადამიანი დროებით უცებ საზღვარს გადავა – პირველი დაჰკლა შემვიწროვებელი, მტერი; ეს თუმცა დანაშაულია, მაგრამ გასაგები მაინცაა. აქ არის საბაბი; შემდეგ კი აღარ არჩევს, მტერ-მოყვარეს, ჰკლავს პირველ შემხვდურსა და გამვლელ-გამომვლელს, ჰკლავს გასართობად, უხეში სიტყვისათვის, გამოხედვისათვის, კრიალოსანისათვის, ან ისე უბრალოდ: „გამეცა გზიდან, არ შემომეყარო, ვერ ხედავ მოვდივარ!” თითქოს ითვრება ადამიანი, თითქოს ციებ-ცხელების ბურანშია. თითქოს სანუკვარი ზღვარის ერთხელ გადალახვის შემდეგ, უკვე იწყებს ტკბობას იმით, რომ მისთვის აღარაფერი არსებობს წმინდა. თითქოს ერთი სული აქვს, ერთბაშად გადაახტა ყოველგვარ კანონიერებასა და ხელისუფლებას და დასტკბეს გულის აჩქროლებით ამ საშინელებისაგან. რასაც შეუძლებელია თითონვე არ გრძნობდეს თავის თავისადმი, ამასთან ისიც იცის, საზარი წამებით დასჯა რომ ელის. ყოველივე ეს შესაძლოა, ჰგავდეს იმ შეგრძნებას, როცა მაღალ კოშკზე გადმომდგარ ადამიანს სძალავს მის ფერხთით განრთხმული უფსკრული, ისე რომ თითონაც მოხარული იქნებოდა თავით გადაშვებულიყო: ბარემ ჩქარა, ყველაფერი გათავდებოდესო! და ყოველივე ეს ემართებათ აქამდე ყველაზე მორჩილ და უსაჩინო ადამიანებსაც. ზოგი მათგანი ამგვარ ჯოჯოხეთში კიდევაც თავს იწონებს. რამდენადაც უწინ მივიწყებული იყო, იმდენად ახლა სული ესწრაფება იკოხტაოს, შიში აჭამოს სხვას. სტკბება ამ შიშით, უყვარს თვით ზიზღიც, რასაც სხვებში იწვევს. რაღაც „თ ა ვ ზ ე ხ ე ლ ა ღ ე ბ უ ლ ი” კაცის იერს იღებს და ასეთი „თავზეხელაღებული” ხანდახან მოუთმენლად ელის ელის, წესი აუგონ. რადგანაც, ბოლოს და ბოლოს, თითონაც ემძიმება ამ მოჩვენებითი „თავზეხელაღებულობის” იერის ტარება. საინტერესოა, რომ მთელი ეს განწყობილება, მთელი ეს მოჩვენებითობა გრძელდება ზუსტად ეშაფოტამდე, მაშინ კი თითქოს მოსხეპესო: გეგონებათ, თითქოს მართლაც რაღაც დადგენილი ვადა არსებობდეს, საამისოდ წინასწარ დანიშნული, განსაზღვრული წესებით.აქ ადამიანი უცებ ტყდება, უსუსურდება, რაღაც მჩვრად იქცევა. ეშაფოტზე სლუკუნებს – ხალხს შეწყალებას თხოვს. ბრუნდება საპყრობილეში და ხედავთ: ისეთი დორბლიანია, ისეთი ცინდლიანი, ისე საცოდავი, გაკვირდები კიდეც: „ნუთუ ამან ხუთი-ექვსი კაცი დაჰკლა?” – (ავტორი გენია.ჯი)