ამონარიდი ზურაბ კუხიანიძის მოთხრობიდან – „გაღმა-გამოღმა”

„საღამო მშვიდობისა, გაღმელებო!

თქვენ გაგიმარჯოთ მაქაურებო!

ძილი ნებისა და ტკბილი სიზმრები! ალბათ, ერთნაირ სიზმრებს ნახულობთ, უხსოვარ დროს გაღმა წასულებო და, აგერ, გუშინ და გუშინწინ გადასახლებულნო, თქვენი სიზმრები ვარდისფერია თუ ცისფერი?.. იქნებ – შავი! ამქვეყნად ერთმანეთს ძერებივით თუ კორტნიდით, მანდ თანაბარნი და მიწასთან გასწორებული ხართ ხაკოია მეარღნე და პროკურორი არდაშელია, პროფესორი ჯმუხაძე და დურგალი გრიგოლი, ყველა წმინდაწყლის აქაც არ ყოფილხართ, მაგრამ ახლა ქე ხართ მანდ გუგულებივით. ძილი ნებისა! არც შპიონობთ ერთმანეთს და არც სამეზობლო ღობისთვის ატრიალებთ კეტს. არც თანამდებობა გშურთ ერთმანეთისა და არც ქონება… ნეტავ თუ გეყურებათ? ჩემი თუ არა, მუსიკა ხომ გესმით? თქვენი პასუხი არ მინდა, ვიცი… მგონია, რომ გესმით! თქვენთვის ვუკრავ და ალბათ გაიგონებთ, აბა რა იქნება? მოგწონთ, ხომ? გმადლობთ! მისმენთ და მიტომ მოგწონთ! აბა თქვენ ხართ მეზობლები? ვითომ ერთობით და ფულებს კი ცინცლავთ ერთმანეთს. ერთი დუშაშისთვის მამის სულაც გაჰყიდით… გამოთვრებით და ძილს უფრთხობთ გაღმელ მეზობლებს… თქვენ გაგიმარჯოთ, წყნარო და მშვიდო მეზობლებო. ძილი ნებისა! მაგრამ რა დაგაძინებთ ამათ ღრიანცელში! ღმერთმა გაანათლოს თქვენი სული! კი ხართ გუგულებივით. ესაა, თქვენი ჭირისუფლები არ ისვენებენ, ერთმანეთს ეჯიბრებიან, რომელი უკეთეს საფლავის ქვას დაგადგამთ მკერდზე. ერთმანეთს ექიშპებიან, ტყავს იძრობენ და ცხრა მთას იქიდან ჩამოტანილი გაბროს გრანიტითა და ათტონიანი რკინის ღობეებით ამძიმებენ თქვენს საფლავებს, არ იფიქროთ, თქვენი დიდი დარდი აწუხებდეთ. ერთმანეთის ჯინაზე, ბატონო, ერთმანეთის ჯიბრზე! თვალში ნაცარს აყრიან ერთმანეთს! ყველა ხომ მანდაა მოსასვლელი და განსაწმენდელში რომ გაივლიან, რა თვალით უნდა შეხედონ ერთმანეთს? მუსიკით თავი ხომ არ შეგაწყინეთ? სათქვენოს ვუკრავ, ამათ ხომ არ ავყვები?” – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>