ამონარიდი გურამ გეგეშიძის რომანიდან – „სტუმარი”
„ყველა თავისთავზე ფიქრობს, ცდილობს, რაც შეიძლება მეტი წაგლიჯოს ამ ცხოვრებას და არ ედარდება თუ რას უტოვებს შთამომავლობას. აღარ არსებობენ სამაგალითო, თამამი, რჩეული ადამიანები, რომელთა ინტერესების სფერო და მოქმედების არე პიროვნულს სცილდებოდეს. ყველა თავის ნაჭუჭში შემძვრალა, თავის ბუნაგში მოკალათებულა და ცდილობს, რაც შეიძლება უკეთ მოიწყოს ეს ბუნაგი, ხოლო მისი ბუნაგისა და ნაჭუჭის გარეთ რაც ხდება – სრულებით არ აღელვებს, თითქოს მას არც ეხებოდეს. მხოლოდ ქონება ფასობს, მეტი არაფერი, ნიჭი და გონება ყურადღებას იქცევს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შენი ნიჭით და გონებით შეგიძლია ქონება მოიხვეჭო, მდგომარეობა განიმტკიცო, ხოლო თუ ქონებას ვერ იხვეჭ, არავინ გცემს პატივს, საკუთარი ცოლიც კი, რომელსაც შეუძლია ბედოვლათი გიწოდოს და, ერთ მშვენიერ დღეს, დაკრას ფეხი და წავიდეს შენგან, მოგაშოროს საკუთარი პირმშო, რომელსაც შენს სანუკვარ იმედებს და ოცნებებს უკავშირებდი, გეგონა ისე აღზრდიდი, როგორც ოცნებით წარმოგედგინა. მაგრამ თურმე, ეს მხოლოდ შენზე არ ყოფილა დამოკიდებული, და რჩები სულ მარტო”. – (ავტორი გენია.ჯი)